Google+

სიახლეები

22.07.2011
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოვიდა

ბათუმში დღეს მერვე საერთშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" გაიმართა, რომელზეც ფორუმის მონაწილეებმა დემოკრატიის განმტკიცების, სავიზო რეჟიმის გამარტივების და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. ფორუმის ერთ-ერთი თემა კონფლიქტების მოგვარების გზები იყო. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც დამსწრე საზოგადოების წინშე სიტყვით წარსდგა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებაზე, დემოკრატიულ რეფორმებსა და ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ერთადერთი გზა, ევროპული ოჯახის წევრობაა.

„მოხარული ვარ, რომ აქ ბევრ მეგობარს ვხედავ. აქ ვხედავ ბევრ ჩვენს მხარდამჭერს, ბევრ ისეთ მეგობარს, რომელიც გვაკრიტიკებდა კიდეც. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ეს ქვეყანა საერთოდ აღარ ყოფილიყო და აქ ყოფნის შესაძლებლობა არ მქონოდა. მადლობა თქვენი რჩევებისთვის, მხარდაჭერისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობთ. პატარა ქვეყნისთვის, რომელიც რთული გამოწვევის წინაშე დგას, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში არიან ისეთები, ვინც ამ ქვეყანას მხარს უჭერენ და სჯერათ, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძარაობთ, განვითარების სწორ გზას ვადგავართ და მსოფლიო რუკაზე არსებობის უფლება გვაქვს. განსაკუთრებით კი ევროპული თვალსაზრისით, რადგან გჯერათ რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა. თუ თქვენ ბათუმის ქუჩებში გაისეირნებთ, დარწმუნდებით, რომ ევროპის აღმოსავლეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ქალაქია. თქვენ უკვე მოუსმინეთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. გეტყვით, რომ რამდენიმე წლის წინათ ეს  სასამართლო ჩვენ ბათუმში გადმოვიტანეთ, რითაც ძალიან მნიშნელოვანი გამოცდილება მივიღეთ. მომავალ წელს პარლამენტი ქუთაისში - საქართველოში, ამ ეტაპზე, სიდიდით მეორე ქალაქში გადადის. გეოგრაფიულად ეს საქართველოს შუაგულია, რომელიც დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული ადგილი იყო ურბანული და ზოგადი თვალსაზრისით. ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება და ამას, გარკვეულწილად, ექსპერიმენტის სახეც ექნება, რადგან ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური ფსიქოლოგია ძირეულად შეიცვლება. განვითარებისთვის ეს ახალ რესურსს მოგვცემს, გამოაჩენს იმ ცვლელებებს და მიღწევებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მივაღწიეთ: ახალი საავტომობილო გზები და რკინიგზები, აეროპორტები... აქ ვარ იმიტომ, რომ საქართველოს შიდა ევოლუციურ განვითარებაზე, ასევე საქართველოს ევროპულ არჩევანსა და მისწრაფებებზე ოპტიმისტური გზავნილი გავაკეთო. ევროპასთან ინტეგრაცია ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება ან ჩვენი ევროპელი მეგობრების რჩევა, ეს ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური არჩევანია. ეს უფრო საზოგადოებრივი, მორალური და პოლიტიკური პროექტია. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების და ინტეგრაციის გზაზე დიდ პროგრესს მიაღწია და ეს უკვე მიმიდინარე წლების პირველივე თვეებშიც შეიძლება ითქვას. საქართველომ წარმატებით განახორციელა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა. საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკება ასოცირების, სავიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე წარმატებით მიმდინარეობს. ხორციელდება რამდენიმე კონკრეტული პროექტიც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბელარუსზეც გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა აქტიური დიალოგი აწარმოონ ამ სახელმწიფოსთან, რათა ეს ქვეყანა არ მოექცეს იზოლაციაში და მისი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.

„გამოცდილებას, რომელიც რეფორმების განხორციელებისას მივიღეთ, ვუზიარებთ მოლდოვას, უკრაინას, ვესაუბრებით ბელარუსს. ბელარუსთან საუბარი აუცილებელია, რადგან ზოგჯერ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ბელარუსი იზოლაციაში მოაქციონ არ სურთ იგივე სტანდარტები სხვა, გაცილებით დიდ მეზობელ ქვეყანაზეც გამოიყენონ. თუ ვინმე მეტყვის, რომ რუსეთი ბელარუსზე დემოკრატიულია, კი ბატონო, ასე ეგონოს - ბელარუსი მეზობელი ქვეყნების ოკუპირებას არ ახდენს და იზოლაციის მცდელობით ბელარუსს ვუბიძგებთ რუსეთის დღევანდელი მთავრობის კონტროლქვეშ, რაც არავის ინტერესში არ შედის. აუცილებელია დიალოგი და ურთიერთქმედება, ახალი ინიციატივები. ასეთია ჩვენი ხედვა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კონფერენციის მონაწილეთა წინაშე სიტყვით ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულეც გამოვიდა. მან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და განვითარების პროცესი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ კურსის შენარჩუნება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, შტაფან ფულემ სრული მხარდაჭერა გამოხატა.

„ბათუმი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველო - ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება და აუცილებელია ამ კურსის შენარჩუნება. რაც შეეხება უსაფრთხოებას, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. საქართველოს პრეზიდენტმა აიღო ვალდებულება, რომ გაგრძელდეს ცეცხლის გაუხსნელობის პოლიტიკა. ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს და ააშენოს პირდაპირი ხიდები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა მათ იგრძნონ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მე მჯერა საქართველოს ევროპული გზის!" - აღნიშნა მან.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)