Google+

სიახლეები

12.07.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო. მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ შეკრებაზე გამგზავრების წინ მიხეილ სააკაშვილმა სპორტსმენებს წარმატება უსურვა და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.  სამომავლო გეგმებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა განვლილი წლები და მორაგბეთა წარმატებები გაიხსენა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მორაგბეები ასეთივე წარმატებით იასპარეზებენ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც სექტემბერში ახალ ზელანდიაში გაიმართება.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართველებს ყოველთვის გვიჭირდა კოლექტიური სპორტში. ინდივიდუალურად, ყველა ძლიერები ვართ, მაგრამ როდესაც კოლექტიურ სპორტზე მიდგება საქმე, როცა ერთმანეთს მხარი უნდა ავუბათ და შეთანხმებულად ვითამაშოთ, როგორც წესი, პრობლემა გვიჩნდება. გვიჭირდა სახელმწიფოს დონეზეც და გვიჭირდა სპორტის დონეზეც. თქვენ ხართ პირველი, ყველაზე შორს წასული კოლექტიური გუნდი საქართველოში. მომიტევეთ, მაგრამ თქვენ შემთხვევაშიც, კიდევ არის ბევრი სამუშაო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური ელემენტები ძლიერია, გუნდური ელემენტი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს,  ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში. ეს  ჩემი რჩევაა. თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ბევრი ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ; ძალიან ბევრი ოცნებობს, რომ თქვენ გზას დაადგეს. ბევრი თქვენგანი არის მსოფლიოს საუკეთესო ლიგების საუკეთესო მოთამაშე, რაც საამაყოა. ახლა მივიღეთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის წერილი (ეს წერილი პირადად მივიღე დღეს დილით), რომელიც ძალზე საინტერესოდ წერს. იგი მადლობას იხდის იმისთვის, რომ თბილისში  ძალიან კარგი  შეჯიბრი გავმართეთ - ეს ყველამ ნახეთ. წერილში ასევე ნათქვამია: დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის გუნდების ათეულში დაიმკვიდრებს ადგილს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მაღალი ადგილია - სრულიად განსხვავებული ლიგაა. მილიონობით, ათობით და ასობით მილიონი ადამიანი უყურებს მთელ მსოფლიოში ამ ლიგას. ისინი ამაში ყოველგვარ მხარდაჭერას გვპირდებიან და გვთხოვენ ჩვენ, სახელმწიფოს, რომ ყველა ვალდებულება შევასრულოთ. ამ წერილის პასუხად და თქვენ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას რაგბის გუნდებთან, სკოლებთან, დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე 2016 წლამდე პროგრამისა და, მათ შორის, შემდეგ ჩემპიონატზე ახალ ზელანდიაში საპრიზო ფონდის თაობაზე შევასრულებთ. არასდროს არ დამავიწყდება თქვენი და საფრანგეთის მატჩი მარსელში, რომელსაც პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად ვესწრებოდი. მაშინაც ვამაყობდი, რომ ამ  ლიგაში თამაშობთ. ხშირად მახსენდება და გული მწყდება: რა იქნებოდა, ირლანდიასთან რომ ლელო დაგვედო... მაშინ ჩვენი ბედი სულ სხვაგვარად დატრიალდებოდა და უკვე ძალიან მყარად ვიქნებოდით დამკვიდრებული აი ამ ლიგაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. თუმცა ყველა ახალი თამაში წინ გაქვთ, თქვენ წინ ახალი ლელოები გაქვთ და დარწმუნებული ვარ, ახალი გამარჯვებებიც საქართველოსთვის. ერთადერთი, რაც მინდა, ბიჭებო, გითხრათ - დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასეთი შემართებით ხართ. ჩვენ ყველანი გგულშემატკივრობთ და თქვენ გბაძავთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს მორაგბეებმაც გადაუხადეს მადლობა და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მხარდაჭერა მათთვის დამატებითი სტიმულია, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწიონ. მიხეილ სააკაშვილს მათ ეროვნული ნაკრების მაისურიც უსახსოვრეს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)