Google+

სიახლეები

26.07.2011
საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ესტუმრა

პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ  კომაროვსკი ესტუმრა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ბათუმის პიაცაზე გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლონელ კოლეგას მეუღლესთან ერთად დახვდა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერებმა პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ლიდერებმა საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებლობაზეც იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და ბიზნესთანამშრომლობას შეეხო. ბრონისლავ კომაროვსკიმ, შეხვედრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა.    

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის მოლაპარაკება გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმიც, რომლის თანახმად, ორი პარტნიორი ქვეყანა 2011-2013 წლებში კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროებში გააღრმავებს თანამშრომლობას.

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების ერთობლივ ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილმა და ბრონისლავ კომაროვსკიმ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცება და  სრულიად ახალ საკითხებში თანამშრომლობა.

მიხეილ სააკაშვილი რეგიონალური პოლიტიკის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა, რომელსაც პოლონეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ამყარებს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ბელარუსის საკითხსაც დაუთმო და განაცხადა, რომ ბელარუსის იზოლაცია კონტრპროდუქტიული და დაუშვებელია.

"დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ბელარუსში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა პრობლემების წინაშე დგას ეს ქვეყანა, მაგრამ, ამავე დროს, ისიც კარგად ვიცით, რომ იმის მტკიცება, თითქოს რუსეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე ბელარუსი -  აბსურდია. რუსეთისგან განსხვავებით, ბელარუსი არ ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ბელარუსთან   იზოლაციის პოლიტიკის წარმოება კი, როგორც ეს ხდება-ხოლმე, არის პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ ბელორუსიის სუვერენიტეტი დასრულდეს და ქვეყანა მოექცეს რუსეთის დღევანდელი მთავრობის სრული კონტროლის ქვეშ. ეს  დაუშვებელია და კონტრპროდუქტიული ევროპის გრძელვადიანი განვითარებისათვის. ეს არის ძალიან ნიჭიერი ევროპელი ერი და მსგავსი შედეგი საზიანო იქნება მთელი რეგიონისთვის. მიმაჩნია, რომ, როგორც არასდროს, აუცილებელია დიალოგის წარმოება და ყველა იმ საკითხზე ღიად საუბარი, რომელიც ყველა ჩვენგანის დიდ ინტერესს და, ამავდროულად, შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ასევე ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ და მრავალწლიან ურთიერთობაზე გაამახვილა. ბრონისლავ კომოროვსკიმ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანის პრეზიდენტმა, ღიად გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, რაც ეკონომიკურ და ბიზნესთანამშრომლობას ითვალისწინებს.

პრესკონფერენციის მსვლელობისას, საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგას წიგნი, სახელწოდებით, "გაუმარჯოს" უსახსოვრა. წიგნი პოლონეთში გამოიცა და მასში საქართველოში განხორციელებული რეფორმებია აღწერილი.

დღესვე საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა ცნობილი პოლონელი მხატვრის  ზიგმუნდ ვალიშევსკის მემორიალური დაფა იმ სახლის ფასადზე გახსნეს, რომელშიც პოლონელი ხელოვანი მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

მიხეილ სააკაშვილმა სტუმარს ძველი ბათუმიც დაათვალიერებინა და ცნობილი ქართველი მოქანდაკის თამარ კვესიტაძის ნამუშევარი "ალი და ნინო" აჩვენა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)