Google+

სიახლეები

07.09.2011
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ახალგაზრდა ლიდერთა სამიტზე

პოლონეთი

2011 წლის 7 სექტემბერი



მოგესალმებით,

მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგმართოთ... არა მარტო იმიტომ, რომ თავად ვიგრძნობ თავს ახალგაზრდა ლიდერად, თუნდაც, ერთ საათის განმავლობაში, არამედ იმიტომ, რომ ის დიდი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, ამ რთულ მაგრამ საინტერესო პერიოდებში, მოითხოვს იმ ენერგიას და შემოქმედებით უნარს, რომელიც თქვენს თაობას უფრო მეტი აქვს ვიდრე ყველა დანარჩენ თაობას ჰქონდა.

მოუთმენლად ველი ჩვენს დიალოგს და შევეცდები თავი ავარიდო ხანგრძლივ, 5-საათიან გამოსვლას.

ჩემო ძვირფასო მეგობრებო,

მთავარი ისტორიული მოვლენები - კარგიც და ცუდიც - ყოველთვის მოულოდნელია ჩვენთვის. ეს ისტორიული მოვლენები ჩვენგან მოითხოვს იმას, რაც არისტოტელემ თავის ფილოსოფიას დაუდო საფუძვლად - რადიკალური „განცვიფრების", ჩვეული ჩარჩოებისგან გათავისუფლების უნარს; შეგეძლოს გაახალგაზრდავება, წინასწარ შექმნილი სტერეოტიპებისგან გათავისუფლება, აზროვნების ახალი მიმართულებებით წარმართვა და მზად იყო პრობლემების გადაჭრისთვის.

არავის უწინასწარმეტყველია ან დაუგეგმავს რევოლუციები, რომელთა ტალღამ 1989 წელს გადაუარა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას; არც ის რევოლუციები (ფერადი რევოლუციები) დაუგეგმავს ვინმეს, რომლებიც 15 წლის შემდეგ მოხდა მის აღმოსავლეთით.

და ახლაც, ისტორიამ კიდევ ერთი სურპრიზი გაგვიკეთა როგორც კარგი მხრივ, ისე ცუდი თვალსაზრისით.

ცუდი ისაა, რომ არავინ არ ელოდა ამდენად ღრმა თუ იქნებოდა კრიზისი, რომელიც ახლა მთელი ევროპისა და მსოფლიოს ეკონომიკას ემუქრება.

არავინ არ ელოდა პოპულარული ამბოხებების ტალღასაც ახლო აღმოსავლეთში, ისევე როგორც სხვაგან, არაბულ სამყაროში მიმდინარე ტექტონურ ცვლილებებსაც და ეს კარგია.

რა თქმა უნდა, აქ იმისათვის არ მოვსულვარ, რომ მზა პასუხები შემოგთავაზოთ დღევანდელი მსოფლიოს ამ ორ მთავარ გამოწვევაზე.

აქ იმისთვის მოვედი, რომ თქვენთან ერთად ვიმსჯელო ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, გაგიზიაროთ საქართველოს ბოლოდროინდელი გარდაქმნის შედეგად ნასწავლი გაკვეთილები და მოგმართოთ იმედის სიტყვით.

...

როგორც თქვენმა უმეტესობამ იცის, შვიდი წლის წინათ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო.

ახლართული ბიუროკრატია საბჭოური მემკვიდრეობითა და კორუფციით შეზღუდულ საზოგადოებაში წარმოშობილ ყველა ინიციატივას ასამარებდა.

შესაძლოა ისიც იცოდეთ, რომ მშვიდობიანმა და პოპულარულმა რევოლუციამ ხელისუფლებაში მოიყვანა ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი, რომელსაც სათავეში მე ვედექი.

საქართველოში ვითარება იმდენად კატასტროფული იყო, რომ ყველაფერი, ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ.

მაგრამ ბევრი მიმართულებით ჩვენთვის ეს დალოცვა იყო და არა წყევლა.

ჩვენ ვიცოდით, რომ ნახევრად გადადგმული ნაბიჯები ან ზედმეტად გათვლილი ზომები ზღვაში წვეთი იქნებოდა. ამიტომაც ავირჩიეთ კურსი, რომელიც ჩვენს უძველეს ერს და ახალგაზრდა სახელმწიფოს აქცევდა რეფორმების ლაბორატორიად.

ვინ ვიყავით ჩვენ ამ დროს? - არავინ, სტუდენტური ორგანიზაციებიდან მოსული ახალგაზრდების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების წევრების გარდა.

ჩვენ ყოველდღიურად გვიწევდა იმ ქვეყანას მართვა, რომელიც თავზე გვენგრეოდა და თანაც ამის კეთება გვიწევდა მტრულ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმ პირობებში, როდესაც მზარდად რევიზიონისტური რუსეთის ფედერაცია კარს გვყავდა მომდგარი.

სლოგანები, ვარდები და პოლიტიკური დოკუმენტები - იარაღი, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები ვიყენებდით, საკმარისი აღარ იყო.

რის გაკეთება შეგვეძლო? ძველი თაობა ახლით ჩაგვენაცვლებინა, რომ შემდეგ ისევ ერთი და იგივე გვეკეთებინა? თუ დავრჩენილიყავით ჩვენი და ყველა იმ ხალხის ოცნებების ერთგული, ვინც ქუჩაში გამოვიდა და მამაცად იბრძოდა მთავრობის შესაცვლელად?

ჩვენ გავრისკეთ და სწრაფი, რადიკალური, და ამომწურავი რეფორმის პროცესი დავიწყეთ.

ჩვენ არ ვიყავით დოგმით, ჩახლართული ბიუროკრატიითა და ძლიერი ინტერესთა ჯგუფების მიერ შეზღუდული.

რა თქმა უნდა, ყველაფერში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. ნაკლიც გვქონდა და ბევრი შეცდომაც.

მაგრამ, როგორც ევროპული კოსმოპოლიტიზმის მამამ - ემანუალ კანტმა 200-ზე მეტი წლის წინათ დაწერა: "არ შეგიძლია იყო მზად თავისუფლებისთვის, ვიდრე არ იქნები თავისუფალი".

კანტი გულისხმობდა იმას, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც წინასწარ გასწავლის როგორ მართო და როგორ მოიქცე თავისუფლების პირობებში, ამის სწავლა მხოლოდ საკუთარი წარმატებებისა და წარუმატებლობების საფუძველზეა შესაძლებელი.

კანტი ასევე მიიჩნევდა, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვას მოაქვს გაურკვევლობა და რისკი, მაგრამ ასეთი რისკი უნდა უგულვებელყო თუ გსურს საკუთარ ცხოვრებასა და შენი ქვეყნის ბედისწერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულო.

კანტი მართალი იყო.

საქართველოში ჩვენ არანაირი გზამკვლევი არ გვიპოვია, რომელიც მიგვითითებდა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა.

მსგავსი გზამკვლევი არც ჩვენი არაბი მეგობრებისთვის გამოჩნდება.

თუმცა ჩვენ გვქონდა სხვათა გამოცდილება - მათი წარმატებები, წარუმატებლობები, რომელთა შესწავლაც შეგვეძლო და შევისწავლეთ კიდეც, მათ შორის, პოლონეთის 20-წლიანი გამოცდილება.

ჩვენ თავადაც ვყალიბდებით ნელ-ნელა როგორც სასწავლო მაგალითი.

დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და აზრის შემქმნელები, მათ შორის, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზოგიერთი რუსიც, საქართველოში ჩამოდიან, რათა მოძებნონ გზები იმისათვის, რომ ძველ პრობლემებს ახალი იდეებით გაუმკლავდნენ.

იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც საქართველოში პირველად ჩამოდის, გაოცებული რჩება ჩვენი მინისტრების და თანამდებობის პირების ასაკით. ფაქტობრივად, ვართ სახელმწიფო, რომელსაც 30 წლის ადამიანები მართავენ.

ეს არის შედეგი და მთავარი მამოძრავებელი ძალა იმისა, რასაც ჟურნალმა The Economist საქართველოს "მენტალური რევოლუცია" უწოდა.

საქართველო დიდი ხანია საკუთარ თავს პოსტსაბჭოთა ქვეყანად აღარ აღიქვამს.

მენტალური რევოლუცია დამოუკიდებელი პროცესია. ის იმ პოლიტიკოსთა, სხვა ლიდერთა და პოლიტიკურ პარტიათა გამო არ ხდება, ვინც ვარდების რევოლუციას ედგა სათავეში.

ჩვენ მიერ გააზრებულად განხორციელებული რეფორმების შედეგად სრულად გარდაიქმნა საკანონმდებლო სისტემა. ჩვენ ასევე სრულყოფილად განვახორციელეთ პოლიციის რეფორმა.

საქართველო სამი თვის განმავლობაში საგზაო პოლიციის გარეშე არსებობდა და გასაოცარია, რომ ამ პერიოდში კრიმინალური მაჩვენებელი 70 პროცენტით შემცირდა.

რატომ? - არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს პოლიცია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმიანობას, არამედ იმიტომაც, რომ ხალხმა იგრძნო - ის არის საერთო საზოგადოებრივი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. სწორედ მათ აქვთ პრივილეგიაა იცხოვრონ ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი ხდება, როდესაც ღირებულება პოლიტიკის ბაზისია და გიჩნდება განცდა, რომ თავადვე ქმნი საკუთარ მომავალს.

სწორედ ეს გრძნობა არის ჭეშმარიტი მამოძრავებელი ისტორიისა.

პოლიციის სისტემასა და ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში განხორციელებული რადიკალური ცვლილებისა და მოსახლეობის საერთო განწყობის წყალობით, რომელმაც გაითავისა ეს გარდაქმნები, 2003 წლიდან უდიდესს პროგრესს მივაღწიეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც Transparency International-მაც დაადასტურა.

ინვესტორებისთვის ძალზე ხელსაყრელი კლიმატი შევქმენით, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ეფუძნებაზე:

1. მინიმალური ჩარევა;

2. დაბალი გადასახადები;

3. რაც უკვე აღვნიშნე, მძლავრი ანტიკორუფციული სისტემა.

საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელიც მდებარეობს კომერციული ცენტრებისა და ფინანსური დედაქალაქებისგან მოშორებით, ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში.

ჩვენი ერთადერთი გამოსავალი იყო მოგვეზიდა ინვესტორები, რათა რეგიონის მთავარ „ნავთსაყუდელად" ვქცეულიყავით.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მეთორმეტე, ხოლო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივით.

2008 წლის ომისა და მსოფლიო კრიზისის დაწყებამდე ჩვენ თანმიმდევრული, ორციფრიანი ზრდა გვქონდა.

ჩვენი ეკონომიკური რეფორმების სიღრმისეული აღქმა და სიჯანსაღე იმაში მდგომარეობს, რომ 2009 წლის კრიზისის მიუხედავად, ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა დაამტკიცა თავისი მოქნილობა შემოჭრისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

2010 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 6,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2011 წელს 6 პროცენტიან ზრდას ველოდებით.

გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ეს ცხადია. ახლა ყველაზე მეტად ვართ მომართული, მუქარის პირობებშიც, განვაგრძოთ ჩვენი რეფორმების განხორციელება და ვაშენოთ დემოკრატია.

ჩვენი მოდელი სრულყოფილი არ არის, ის, შესაძლოა, არც არაბულ ერებს მოერგოს და არც რეგიონის სხვა ქვეყნებს, თუმცა ჩვენი გამოცდილება ყველასთვის იმედისმიმცემია -რადიკალური ცვლილებები შესაძლებელია.

ვიცი, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ მაშინ, როდესაც ევროპა ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას, ნება მომეცით კიდევ ერთი იმედისმომცემი გზავნილით გაგამხნევოთ.

მტკიცედ მჯერა, რომ ლიბერალური დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი საუკეთესო საშუალებაა დასავლური სამყაროს მომავალი განვითარებისთვის, რაც, თავის მხრივ, მისი წარმატებების საფუძველია.

ნება მომეცით, ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცე რწმენა გამოვხატო, რადგან პოლონეთის მსგავსი განახლებული ქვეყნების ხელმძღვანელობით, ევროპა ამ კრიზისიდან გამოვა უფრო ძლიერი, ერთიანი და შეთანხმებული.

90-იან წლებში პოლონელ სტუდენტების თაობაზე სტრასბურგში ასეთი ანეკდოტი დადიოდა: უპოვარი, უპოვართა შორის. ახლა კი: ყველაზე მეტად განვითარებული ახალგაზრდობა წამყვან ევროპულ ერებში.

ძვირფასო მეგობრებო,

მართალია, საქართველო ჯერ კიდევ არაა ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი კეთილდღეობა ევროპის აღორძინებაზეა დამოკიდებული; რომ ჩვენი უსაფრთხოება ეყრდნობა ევროპის ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლისა და უფრო ძლიერი საგარეო პოლიტიკის მიმართ; რომ ჩვენც იმ ნავში ვსხედვართ, რომელშიც ხართ თქვენ.

რამდენიმე კვირაში ვარშავის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი განამტკიცებს ერთსულოვნებას ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოს შორის.

მე პოლონეთის ხელმძღვანელობასთან ვიმუშავებ, რათა ეს სამიტი იქცეს წინსვლის შესაძლებლობად საერთო ოცნებისაკენ - ერთიანი და თავისუფალი ევროპისაკენ.

მადლობთ.

სტუდენტის შეკითხვა: ვიცი, რომ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საქართველო ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა გახდა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის რეიტინგის "დუინგ ბიზნესის" მიხედვით. თქვენ ისაუბრეთ გადაჭრილ პრობლემეზე, იმაზე, რომ შეცვალეთ ძველი კადრები ახლით, რომლებსაც ახალი ხედვები და იდეები აქვთ. მაგრამ როგორ ფიქრობთ, საკმარისია ეს კარგი ეკონომიკის შესაქმნელად?
რა ბერკეტს იყენებთ იმ ადამინების ადმინისტრირებისათვის, რომლებიც ახალ სისტემას ქმნიან?

მეორე შეკითხვა, რომელიც რუსეთს შეეხება. გაქვთ თუ არა რაიმე ახალი ინიციატივა რუსეთთან ურთიერთობის განახლებისა და აღდგენისთვის? თუ გაქვთ, როგორია ეს გეგმა და თუ არ გაქვთ რა არის ამის მიზეზი?

მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება ბიუროკრატიას, ერთ მაგალითს მოვიტან. ჩვენ გვაქვს ახალი საბაჟო ოფისები, სატვირთო ტერმინალები, სადაც შესული ტვირთის შესამოწმებლად მაქსიმუმ 7 წუთია საჭირო. რა თქმა უნდა, ზოგჯერ, არის ისეთი ტვირთი, რომლსაც განსაკუთრებული შემოწმება სჭირდება, მაგრამ თუკი ამას საათზე მეტი დრო დასჭირდა მებაჟეს სამსახურიდან დაითხოვენ. ეს არის შუშის, თანამედროვე, ძალიან კარგი შენობა.
რამდენიმე თვის წინათ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩამოსული და საბაჟო ტერმინალი ვაჩვენე. მაშინ ვუთხარი, რომ მებაჟეს ათავისუფლებენ, თუკი ტვირთს ერთ საათზე მეტ ხანს გააჩერებს. მან კი გაიცინა და მითხრა: „სად პოულობთ მებაჟეებს, რომლებიც თანხმდებიან ასეთ პირობებში მუშაობას?" - ალბათ იგულისმა, რომ ფარულად მაინც რაღაც ხდება...

მაგრამ მე გეტყვით - ისინი პროფესიონალი მებაჟეები არ არიან, იქ მუშაობენ გოგონები სამოდელო სააგენტოებიდან. ჩვენ ტექნოლოგიები შევცვალეთ. საქმეს კომპიუტერები აკეთებს, გოგონები კი კლიენტებს უღიმიან და ზრდილობიანად ხვდებიან, ესაუბრებიან ინგლისურად ან სხვა, მათთვის ნაცნობ ენაზე. საქმე კი სწრაფად კეთდება. ამას გარდა, ბევრი სხვა ფაქტორიცაა, რომელთაგან ერთ-ერთი არის მაღალი ხელფასები. ჩვენი აშენებული ყველა შენობა შემინულია. გამჭვირვალეა პოლიციისა და სასამართლოს შენობები, იუსტიციის სახლები. იმ საქმის 80 პროცენტს, რომელსაც წლების წინათ კერძო ადვოკატად მუშაობისას თავად ვაკეთებდი, დღეს კომპიუტერი ასრულებს. იუსტიციის სახლში ნებისმიერ ადამინს შეუძლია შევიდეს და მაღალი დონის მომსახურება მინიმალურ დროში, ძალიან სწრაფად მიიღოს.

რაც შეეხება რუსეთს. თავდაპირველად ხალხი ამბობდა, რომ საქართველო რუსეთის გარეშე დაიღუპებოდა.ექვსი წლის წინათ, გაზისა და ელექტროენერგიის 90 პროცენტის იმპორტს რუსეთიდან ვახორციელებდით, მაგრამ ახლა რუსეთში ელექტროენერგის ექსპორტს ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენი პროდუქციის 75 პროცენტი რუსეთის ბაზარზე გადიოდა. როგორც იცით, ემბარგო დაგვიწესეს, მაგრამ ნაკლებად დავზარალდით, რადგან რუსულ ბაზარზე აღარ ვიყავით დამოკიდებული. გაიზარდა ჩვენი პროდუქციის ხარისხიც. ხალხმა სხვა გზებზე დაიწყო ფიქრი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეკონომიკა გავიდა რუსეთის გავლენის სფეროდან. ჩვენ გავთავისუფლდით სასტიკი საბჭოთა მენტალიტეტისგანაც, რაც რუსეთის ლიდერებს დღემდე შემორჩათ. საქართველოში შეიცვალა ხალხის აზროვნება. ინგლისური ენის შესასწავლად ჩამოვიყვანეთ მასწავლებლები ამერიკიდან, ბრიტანეთიდან და ავსტრალიიდან. რა თქმა უნდა, არ გვინდა ვინმეს მტერი ვიყოთ, მით უმეტეს, დიდი მეზობლისა, მაგრამ ჩვენი მაგალითით დავამტკიცეთ, რომ საქართველო სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, უფრო მეტადაა დაშორებული რუსეთის გავლენის სფეროს. ეს დაშორება მატულობს, საქართველო კი უფრო წარმატებული ხდება. გაექეცით გავლენის სფეროს და უცბად აღმოაჩენთ, რომ შეგიძლიათ საკუთრი თავის გადარჩენა. ჩვენი პირობა მარტივია: გავიდეს რუსული ტანკები და ჩამოვიდნენ რუსები ტურისტების სახით. აფხაზეთში ისინი იცავენ სანაპიროს, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი უკვე ავაშენეთ - ჩავდეთ ინვესტივიები, მეორე მხარე კი, დაცარიელებულია, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობისგან, მაგრამ დიდი რუსეთის იმპერია მას ჩვენგან ტანკებით იცავს. ასეთ პოლიტიკას მომავალი არ აქვს და ადრე თუ გვიან დაინგრევა. თუ ისინი მოდერნიზებული და ნორმალური გახდებიან, ნგრევა ნაკლებად მტკივნეული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან მტკივნეული იქნება და ჩემს სიტყვებს მალე გაიხსენებთ.

ვლადიმერ პუტინს სანკტ-პეტერბურგში შევხვდი და სრული სერიოზულობით ვუთხარი: ერთ დღეს ძეგლსაც კი დაგიდგამთ, როგორც თანამედროვე ქართული ეკონომიკის შემქმნელს. მან ეს ნათქვამი შეიფერა. დღესაც იგივეს ვამბობ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ პუტინის ძეგლის იდეა საქართველოში პოპულარული იყოს. ის რაც არ გკლავს, გაძლიერებს. ზუსტად ასე ხდება საქართველოს ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაში.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)