საქართველოს პრეზიდენტი: „21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა წარმოუდგენელად ბარბაროსული და ანტიქართული აქტია, ანტისახელმწიფოებრი და ანტიეროვნული ქმედება“
ასე დაემთხვა, როდესაც იაროსლავ კაჩინსკი იმყოფება საქართველოში, დილით ვნახე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, და ახლა ხელთ მაქვს კულტურის სამინისტროს ოქმი ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღდგენის შესახებ.
ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს როგორი იყო იოსებ სტალინი საქართველოსთვის.
1921 წელს, როდესაც სისხლისმსმელი ვლადიმერ ლენინიც კი წინააღმდეგი იყო საქართველოს დაპყრობის, იოსებ სტალინის დჟინებული გადაწყვეტილებით საქართველოში შემოვიდა მე-11 არმია და წერტილი დაუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას.
იოსებ სტალინმა საქართველოს ჩამოაჭრა ტერიტორიები - საუკეთესო ქართული მიწები, ქართული მოსახლეობით და გადასცა ის სხვა საბჭოთა რესპუბლიკებს.
იოსებ სტალინმა ხელოვნურად შექმნა ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიები - ის ნაღმები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად აგვიფეთქდა.
იოსებ სტალინმა დახვრიტა პოლონელ ოფიცრებთან ერთად კატინში ქართველი ოფიცრები, რომლებიც იბრძოდნენ ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შემდეგ კომუნიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ პოლონეთში.
სწორედ სტალინის ხელმოწრით დახვრიტეს ქართველები და პოლონელები კატინში!
სტალინის ბრძანებით განადგურდა საქართველოს ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი!
იოსებ სტალინმა ჩაიდინდა წარმოუდგენელი დანაშაულები ქართველი ხალხის წინააღმდეგ...
21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღდგენა - ეს არის წარმოუდგენელად ბარბაროსული და ანტიქართული აქტი, ანტისახელმწიფოებრი, ანტიეროვნული ქმედება, რომელიც აქცევს საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში.
შეუძლებელია, მთელი დემოკრატიული სამყაროს დასაცინი არ გავხდეთ, მით უმეტეს, რომ მათი დასაცავები ვართ.
სტალინის ძეგლის აღდგენა გორში, ის ადგილი, რომელიც იბომბებოდა რუსების მიერ, არის იქ დაღუპული ქართველების, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი ადამიანების სულში ჩაფურთხება.
თუკი საქართველოში ვინმეს უნდა დაიჯეროს ბავშვური თამაში იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, ის არ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, მისი პრობლემაა. პირადად მე ძალიან კარგად ვიცი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ამ მთავრობაში.
მინდა მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს: გადახედოს ივანიშვილმა ამ ბრიყვულ გადაწყვეტილებას! ეს არ არის ის, რაც წაადგება საქართველოს საქმეს!