Google+

სიახლეები

29.07.2013
მიხეილ სააკაშვილი: „არ მინდა გამოვიდეს ისე, რომ 1 ოქტომბერს უარი ვთქვით არა ძალადობაზე ციხეებში, არამედ განვითარებასა და პროგრესზე“

საქართველოს პრეზიდენტმა სინგაპურში ვიზიტი შეაჯამა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს განვითარების გარანტი უნდა გახდეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში ყველამ უნდა გააანალიზოს მომხდარი და ერთიანი ძალისხმევით, საქართველო განვითარების სასურველ დონესაც მიაღწევს.

„როდესაც ვსაუბრობ სინგაპურზე, სულ მახსენდება ის, რომ განვითარების დასაწყისში ეს ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო. ხალხმა უბრალოდ დაიჯერა, რომ შრომით, დისციპლინითა და აგურის  აგურზე დადებით ყველაფრის მიღწევა იყო შესაძლებელი. მათ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ნავთობისა და გაზის გარეშე - ყველაზე განვითარებული, ყველაზე დახვეწილი; საუკეთესო განათლების სისტემით ახალგაზრდებისთვის; ერთ-ერთი ყველაზე კარგი ჯანდაცვით მსოფლიოში, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ასაკის  მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულთა მკურნალობა; პრაქტიკულად, მდგრადი ეკონომიკითა და უმუშევრობის ნულოვანი დონით - აქ ყველა დასაქმებულია. მიმაჩნია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოც ამ მიმართულებით მიდიოდა. სინგაპურს ამისთვის 40 წელი დასჭირდა. ჩვენ კი, წარმატებებს 8 წელიწადში მივაღწიეთ, თანაც ემბარგოს პირობებში. სინგაპურსაც არ ჰქონდა დალხენილი საერთაშორისო ვითარება, მათ  დღემდე აქვთ პრობლემები მეზობლებთან, მაგრამ ხალხი მიხვდა, რომ განვითარება აუცილებელი იყო.

იმის მიუხედავად, რომ 8 წლის განმავლობაში, რუსეთმა გამოგვიცხადა ემბარგო, იყო უამრავი სხვა პრობლემა - შიდა თუ გარე არეულობა, ყოველ წელს სწრაფი ტემპით იზრდებოდა ეკონომიკა და გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი - უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა საქართველოში, ვიდრე მიდიოდა ქვეყნიდან. ამ წლების განმავლობაში ავაშენეთ ახალი ქალაქები, ეს პროცესი - უწყვეტი განვითარება 20-30 წელიწადი რომ გაგრძელდეს, სტრუქტურულად ნამდვილად არ ვიქნებით ამ ქალაქზე ნაკლები. შეიძლება, შემოსავლის მხრივ  ვერ დავეწიოთ მას, მაგრამ განვითარების ზოგადი დონითა და სხვა ბევრი მიმართულებით დავეწევით. მთავარია, ხალხმა ირწმუნოს, რომ ეს შესაძლებელია. მე მჯეროდა და მწამს, ისევე როგორც ბევრ ქართველს, რომლებიც ხშირად მწერენ Facebook-ზე, რომ ეს, დღესაც შესაძლებელია საქართველოში. დღეს ყველა ჩვენი სინგაპურელი კოლეგა გვეუბნება, რომ ის, რაც ხდებოდა საქართველოში, ძალიან ჰგავს პერიოდს, როდესაც სინგაპური განვითრების დასაწყისში იყო.

არ მინდა გამოვიდეს ისე, რომ პირველ ოქტომბერს ჩვენ ციხეებში ძალადობაზე კი არ ვთქვით უარი (1 ოქტომბრის შემდეგ განუკითხაობა და ძალადობა, ის, რაც ბოლომდე ვერ აღმოვფხვერით და საქართველოს საპატიმროებში დიდი მასშტაბებით გრძელდება), არამედ განვითარებასა და პროგრესზე; ამ გზით კი საქართველო წავიდეს უკან და   პოსტსაბჭოთა ჭაობში ჩაეფლოს. ამიტომ, ყველამ გავაანალიზოთ და დავფიქრდეთ ამ ვითარებაზე - რა მოხდა. უნდა ვიფიქროთ როგორ გამოსწორდეს მდგომარეობა, შეჩერდეს ეკონომიკური ვარდნა, გაძლიერდეს ეკონომიკური ზრდა და გაგრძელდეს საქართველოს განვითარება. ყოველივე ეს შესაძლებელია. ჩვენთან არანაკლებ ნიჭიერი და  მშრომელი ხალხია. ჩვენ ტყუილად შთაგვაგონებენ, რომ უნიჭო, გაუნათლებელი ხალხი  ვართ, რომ საქართველო არის პატარა სოფელი, რომ ქართველი ხალხის გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები და ცუდი ტრადიციები არ მოგვცემს განვითარების საშუალებას. ყველაფერი  სრულიად მიუღებელი და არასწორია - ბოლო წლების განმავლობაში მშრომელი, მოაზროვნე, კარგი გაგებით ამბიციური საქართველო ვნახე და სწორედ ასეთი საქართველო უნდა გაგრძელდეს. თუ მოვინდომებთ საქართველო მიაღწევს კიდეც განვითარების ამ დონეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)