Google+

სიახლეები

12.07.2013
საქართველოსა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს 

მოლდოველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკოლაი ტიმოფტიმ  ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მედიასთან შეხვედრისას, ლიდერებმა ყურადღება საერთო ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშე პოსტსაბჭოთა ქვეყნები დგას. მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირთან დაახლოების პროცესსა და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის პერსპექტივებზეც ისაუბრა, კერძოდ, ასოცირებული წევრობის, ვიზების ლიბერალიზაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.

"ორი წლის წინათ ყველა მიიჩნევდა, რომ მოლდოვასთან ერთად არა თუ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერდით ხელს, არამედ მივიღებდით დეკლარაციას ორი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე - შესაძლებლობაზე მომავალში ევროკავშირის წევრობის კანდიდატები გავმხდარიყავით. საუბედუროდ, ჩვენი შიდა ფაქტორების გამო, არა მხოლოდ ამ მეორე პერსპექტივის მიღების საკითხი, არამედ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც კი მოხსნილია დღის წესრიგიდან. ერთადერთი, რაზეც ვიბრძვით ეს არის ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება – ანუ, ის ძალაში არ შევა, მაგრამ ხელს მოვაწერთ, რომ ეს არის საბოლოოდ შეთანხმებული პროექტი. მოლდოვას შემთხვევაში ეს გადაწყვეტილია. საქართველოს, სამწუხაროდ, აქაც უკვე კითხვის ნიშნები გაუჩნდა. ჩვენ მოლდოვასთან ერთად ამ კლასში ხუთოსნები ვიყავით და ნამდვილად არ გვსურს, ოროსნებად ვიქცეთ ან კლასში ჩაგვტოვონ", -  აღნიშნა მან.  
 
მიხეილ სააკაშვილი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემასაც შეეხო. მან ყურადღება ამ პროცესში მესამე ძალის - რუსეთის ნეგატიურ როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყანა რეალურად დაბრუნდება ერთიან ევროპულ ოჯახში.

„მესამე ძალა, კონკრეტულად კი, რუსეთის ფედერაცია არ არის დაინტერესებული ამ კონფლიქტის მოგვარებაში. პირიქით, მას უნდა ამ კონფლიქტის გაღრმავება. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია ამ სივრციდან გასვლა და ჩვენს ბუნებრივ სახლში ევროპაში დაბრუნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.   

ამას გარდა, ქვეყნის პირველმა პირმა მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივების ინიციატივით.

„საქართველოს მთავრობამ ძალიან აქტიურად დაიწყო მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი მათთვის, ვინც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. იცით, რომ კანონით, ეს ადრეც ასე იყო, მაგრამ ვიდრე ადამიანი თავად არ განაცხადებდა საჯაროდ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე, ჩვენ მას არ დავდევდით. სხვათა შორის, ეს შეეხებოდა, მაგალითად, საქართველოს დღევანდელ პრემიერ-მინისტრსაც. ვიდრე თავად არ განაცხადა იმის შესახებ, საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, მისთვის საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოგვირთმევია... მინდა, ამ ხალხის მოქალაქეობის აღდგენის პროცესი  დავაჩქაროთ, რათა მათ არ შეექმნას პრობლემები. ამიტომ, ვთავაზობ მთავრობას ვითანამშრომლოთ და სერიოზულად განვიხილოთ ეს საკითხები. მზად ვარ, ჩვენს თანამემამულეებს გამარტივებული პროცედურით მივცეთ საქართველოს მოქალაქეობა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, მოლდოვის პრეზიდენტმა ის წარმატებები აღნიშნა, რომლებსაც საქართველოსმ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.  

„პრეზიდენტთან კარგი დისკუსია გვქონდა. ჩვენს ქვეყნებში მსგავსი პრობლემებია, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ერთნაირი მისწრაფებები გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორების თვალსაზრისით. საქართველოში კარგი რეგორმები განხორციელდა პოლიციის  თუ სხვა სფეროში. ამ გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნიკოლაი ტიმოფტიმ.

ერთობლივი პრესკონფერენციის მსვლელობისას, ლიდერებმა მედიის შეკითხვებსაც უპასუხეს. მოლდოვური მედია საქართველოს იმ გამოცდილებითა და წარმატებით დაინტერესდა, რომელსაც მან კორუფციის დაძლევის მიმართულებით მიაღწია. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებით საქართველო მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო ევროპაში, მათ შორის ამ თვალსაზრისითაც. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ვითარება საგრძნობლად შეიცვალა.  

„ჩვენ გვქონდა 8-9 წლიანი წარმატებული განვითარება, მათ შორის ამ მიმართულებით.  საქართველო წარმატებით განვითარდა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ მოვახერხეთ კორუფციის საკითხში გარდატეხის შეტანა. დღესაც კი, როდესაც, სამწუხაროდ, არჩევნების შედეგად ძალიან ბევრი კორუმპირებული კადრი დბრუნდა ძველ თანამდებობებზე და ცდილობს რევანში აიღოს, მათაც კი ძალიან გაუჭირდათ წინა მთავრობის მიმართ კორუფციის ბრალდების წაყენება... პრაქტიკულად, საქართველომ ალბათ ყველაზე მეტად შეძლო ამ პრობლემის მოგვარება ევროპის მასშტაბით. გავა ცოტა დრო და ხალხი ამას უკეთესად  დაინახავს და დააფასებს. ისტორია არასდროს არ ვითარდება სწორხაზოვნად, მას აქვს ზიგზაგები და სწორედ ახლა ვიმყოფებით ზიგზაგში. უკანდახევა დროებითია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ისეთი ძლიერი ინსტიტუტები შევქმენით, რომ მათი სწორი გზიდან გადაყვანა არ მოხდება მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მთავრობაში... მათ, ვინც ჩვენზე გაბრაზებული იყო, როგორც კი დრო იხელთეს, მთავრობა, რომელმაც კორუფცია დაამარცხა, დააყირავეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისტორიას არ ახასიათებს სწორხაზოვანი განვითარება - დამახასიათებელია წინგადადგმული ნაბიჯებიც და უკანგადადგმული. თუმცა მთავარია, ერთი ნაბიჯი წინ არ გაადადგა და 2 ნაბიჯი უკან. თუ ორს გადადგამ წინ და ერთით დაიხევ უკან, ამას ქვეყანაც აიტანს და ადამიანიც. ყველა შემთხვევაში საქართველოში ისტორია ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია იმის მიუხედავად, რომ ახალი მთავრობის წევრებს საშინლად აღიზიანებს საქართველოს მოდელად და სანიმუშო მაგალითად რომ განიხილავენ. ამაზე პრეზდენტმაც ისაუბრა და მისი მადლობელი ვარ. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ახლო აღმოსავლეთში, ინგლისის ლორდთა პალატაშიც კი, პარლამენტში ამას დიდი განხილვები მიეძღვნა რამდენჯერმე. ეს ჩვენი ახალი მთავრობის ნაწილს ძალიან აღიზიანებს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს კარგია საქართველოს რეპუტაციისთვის და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ეს მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ჟურნალისტთები ქართული და მოლდოვური ღვინის ექსპორტის საკითხებითაც დაინტერესდნენ. ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ ღვინის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა და ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროპელი ლიდერებიც დადებით პროგნოზებს აკეთებენ.     

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)