Google+

სიახლეები

01.10.2011
საქართველოს პრეზიდენტი თელავში ამომრჩევლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თელავის თეატრის შენობაში ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა. მიხეილ სააკაშვილმა თელაველებს თეატრის შენობაში მიმართა და მათ საარჩევნო გარემოს, მიმდინარე რეფორმებისა და იმ პროექტებისა და სამუშაოების თაობაზე ესაუბრა, რომლებიც ამჟამად მთელი კახეთის მასშტაბით ხორციელდება.  

„კახეთი საქართველოს განსაკუთრებული კუთხეა და ბევრი რამ კეთდება სიღნაღში, გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, ყვარელში, ლაგოდეხში, ასევე ბევრი რამ იცვლება ახმეტაში. თუმცა ყველას, ჩვენი პარტიის ნებისმიერი წევრს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელსა თუ გუბერნატორს არც ერთი წუთით არ გვავიწყდება, რომ კახეთისა და, ზოგადად, საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი, რა თქმა უნდა, არის თელავი. რაც არ უნდა გავაკეთოთ, რამდენიც არ უნდა ვიშრომოთ, რამდენი სიახლეც არ უნდა დავნერგოთ, ყოველთვის ვიტყვი, რომ თელავი კიდევ უფრო მეტს იმსახურებს და ბევრად მეტია გასაკეთებელი. მინდა გითხრათ, რომ თქვენ მართლაც ისტორიული რამ გააკეთეთ ბოლო წლების  განმავლობაში. 2005 წელს უკვე სერიოზული მუშაობა იწყებოდა, გავდიოდით ბაზრებზე, მათ შორის, ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით, დაიწყო სახლების მშენებლობაც, ხალხს ცოტა ფული გაუჩნდა, მაგრამ 2006 წელს რუსეთმა დაგვიწესა ემბარგო და პირდაპირ გულში დაარტყა კახეთს, უპირველესად კი - თელავს. მათ გათვალეს, რომ უკმაყოფილო კახელები და უწინარე ყოვლისა, თელაველები, რადგან აქ იყო ცენტრი და შესაბამისად, აქ მოდიოდა ფული, გამოვიდოდნენ ერთად, აიღებდნენ ხელში ჯოხებს, გარეკავდნენ ამ მთავრობას, მტერს ციხე-სიმაგრის კარს გაუღებდნენ და შემოუძღვებოდნენ საქართველოს შუაგულში. მათ კარგად იცოდნენ, რომ სად იქმნება საქართველოს განწყობა და სწორედ იქ დაგვარტყეს, სადაც ეს განწყობა იქმნება. თელაველებმა მათ ისევე უპასუხეს, როგორც პასუხობდნენ შაჰაბასს, რომელმაც ვენახი გაჩეხა; როგორც პასუხობდნენ მანამდე უამრავ დამპყრობელს, როგორც პასუხობდნენ რუსებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში - აქ ხდებოდა მთავარი აჯანყებები იმპერიული მართველობის წინააღმდეგ; როგორც პასუხობდნენ ათასგვარ მტერს და ბოგანოს, რომელიც შემოდიოდა საქართველოს ყველაზე ნაყოფიერ, ყველაზე საინტერესო მიწაზე, ყველაზე უფრო მშრომელ ხალხთან, რათა დაეწიოკებინა ხალხი და გადაეწვა მიწა. კახელებმა მათ უპასუხეს ერთიანობით, სიმტკიცით და ყველაზე დიდი ქართველობით, თუ ოდესმე გამოუჩენია ვინმეს საქართველოს ისტორიაში. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ, დანარჩენი საქართველოს სახელით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.   

მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გია არსენიშვილი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი ამ კუთხის ჭეშმარიტი შვილი იყო, რომელიც მისთვის შესაფერისი სიდინჯით პირნათლად იხდიდა ვალს ქვეყნისა და ხალხის წინაშე. პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილზე პრეზიდენტმა ვასილ დავითაშვილის კადიდატურა წარადგინა, რომელიც, მისი თქმით, ღირსეულად განაგრძობს გია არსენიშვილის დაწყებულ საქმეებს.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)