Google+

სიახლეები

26.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მთავრობის სხდომა გამართა

დღეს ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის წევრები, ბიზნესის წარმომადგენლები და პრეზიდენტის რწმუნებულები დაესწრნენ. სხდომაზე მთავრობის სტრატეგიული 10 პუნტქტიანი გეგმა განიხილეს, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს მოიცავს. აღნიშნული პროექტი ქვეყნის მოდერნიზაციისა და დასაქმებისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავს. დოკუმენტი ყოველ 6 თვეში განახლდება.

საქართველოს მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმის ძირითადი კომპონენტებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა; საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შექმნა და შენარჩუნება; ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და განათლების სისტემების გაუმჯობესება და სოციალური პოლიტიკის დახვეწა. ასევე ურბანული და რეგიონული განვითარების პროგრამის თანახმად ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომელთა შედეგადაც ქვეყანაში ხელმისაწვდომი,  მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდება.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიზნესისა და პარლამენტის წარმომადგენლები სხდომაზე მისი ინიციატივით საგანგებოდ მოიწვიეს, რათა ეს პროექტი სწორედ მათთან ერთად განხილულიყო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ გეგმის სოციალური ნაწილის განხილვისას და დასაქმების პრობლემის თაობაზე მსჯელობისას, აქტიურად ჩართულიყვნენ სწორედ ისინი, ვინც უშუალოდ უნდა იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მათი შენიშვნები და წინადადებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გეგმის წარმატებით განხორციელების საქმეში.

„მაქვს წინადადება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი თვენგანი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან. ჩვენ უამრავი განათლებული ადამიანი გვყავს და მათ უბრალოდ არ გაუმართლა. ბიზნესისთვის პირველი მასტიმულირებელი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება - საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება. იმისათვის, რომ კერძო სექტორში ასეთი ხალხის დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს, ჩვენ კიდევ მოვიფიქრებთ სტიმულების პაკეტს, თუ როგორ შეგიწყოთ საამისოდ ხელი. პარალელურად, თქვენთვის სტიმულის მომცემი იქნება ისიც, რომ ჩვენ ამ ხალხის გადამზადებაში მოგეხმარებით, რათა თითოეული მათგანი შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა „სამტრესტის“ მუშაობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია. სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს მან კონკურსის საფუძველზე საუკეთესო მენეჯერის შერჩევა დაავალა, რომელიც ამ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს და საერთაშორისო ბაზარზე გაიტანს ქართულ ღვინოს, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მიხეილ  სააკაშვილის თქმით, ჩვენი ღვინის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებზე.  საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს ბაკურ კვეზერელთან, რომელიც სოფლის მეურნეობის პარტნიორულ ფონდს უხელმძღვანელებს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)