Google+

სიახლეები

10.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენი ნებართვით, დავიწყებ.

უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რამდენად დიდი პატივია ჩვენთვის  საქართველოში თქვენი სტუმრობა. შეხვედრა, რომელიც კონსტრუქციულ და მეგობრულ გარემოში გაიმართა, ძალზე ნაყოფიერი იყო.

ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი ორმხრივი დისკუსია გვქონდა. მიმაჩნია, რომ კარგად გვესმოდა ის, რასაც ნატოს წარმომადგენლები გვეუბნებოდნენ. ასევე გავიგეთ, რომ მათ პოზიტიური განწყობა აქვთ ჩვენი რეფორმების მიმართ, მაგრამ ასევე ვიცით, რომ გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა და ცვლილებების განხორციელება.

რა თქმა უნდა, თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივ მედიას გასაუბრებოდით და ვფიქრობ, ამის შესაძლებლობა კიდევ გვექნება.

ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ყოველთვის გვაქვს იმის იმედი, რომ ნატო-სთან ერთად სულ უფრო დიდი ნაბიჯებით წავალთ წინ, წავალთ სულ უფრო შორს და უფრო ღრმად შევძლებთ ინტეგრირებას.

ბოლოს აქ თქვენი წინამორბედი 2007 წელს იყო და მან მაჩუქა ჰალსტუხი (ნატო-ს ჰალსტუხი), რომელიც ახლა მიკეთია.  ვიმედოვნებდი, რომ თქვენ, სულ ცოტა, ნატო-ს მოსასხამს ჩამომიტანდით, რათა სიცივეში, გარეთ, ნატო-ს მოსასხამის გარეშე არ დავრჩენილიყავი. ჩვენ ჯერ არ გთხოვთ ნატო-ს ქოლგას და ამჯერად, მისი მოსასხამიც საკმარისი იქნებოდა.

მთელი სერიოზულობით ვამბობ, ყველანი აღფრთოვანებული ვართ იმ ფაქტით, რომ შეიმჩნევა პროგრესი და ვფიქრობ, რეგიონში თქვენ ძალიან კარგი წარმომადგენელი გყავთ - ჯეიმს აპატურაი. ის საოცარ საუშაოს ასრულებს და ამის გამო დიდად ვემადლიერებით მას.

ახლა კი, თქვენ გითმობთ სიტყავს.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის. საქართველოში სტუმრობა - ამჯერად ნატოს საბჭოსთან ერთად - ჩემთვის, რა თქმა უნდა, დიდი პატივია. თქვენს ქვეყანაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ბათუმში პირველად ვარ და ჩვენთვის აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. დღეს ჩვენ მართლაც პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გავაცანით.

თითქმის 8 წელი გავიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. იმ დროს ახალ, უკეთეს საქართველოს ჩაეყარა საფუძველი - საქართველოს, რომელიც აშენდა თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებზე. თქვენ მიაღწიეთ შთამბეჭდავ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული განვითარება და კორუფციასთან ბრძოლა.

თქვენ სამართლიანად გეამაყებათ მიღწეული წარმატებები. ამ რვა წლის განმავლობაში საქართველომ, ასევე, დიდი წვლილი შეიტანა მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების საქმეში მის საზღვრებს გარეთ. ავღანეთში, აისაფის მისიაში თქვენ სიდიდით მეორე  ხართ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. გაისად ამ დროს კი, ამ მხრივ, უკვე პირველ ადგილს დაიკავებთ.

თქვენ ყოველგვარი ლიმიტის და შეზღუდვის გარეშე ერთვებით ამ პროგრამაში და ქართველი ჯარისკაცების იქ ყოფნა ჩვენი მეთაურებისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. თქვენ აისაფის სამაგალითო წევრი ხართ და ამისთვის დიდ მადლობას გიხდით.

მე ასევე მივესალმები თქვენს თავშეკავებას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად. ნატოს პოზიცია ურყევი და ნათელია: ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილია და რჩება საქართველოს ნაწილებად, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგია და არა კონფრონტაცია.

ამ რვა წლის განმავლობაში საქართველომ დიდი გზა გაიარა, მაგრამ გასავლელი ჯერ კიდევ დარჩა. კერძოდ, აუცილებელია საარჩევნო რეფორმების განხორციელება, რაც ნიშნავს ისეთი საარჩევნო კოდექსის შექმნას, რომელიც ყველა კანდიდატსა და ამომრჩეველს სამართლიან პირობებს შესთავაზებს. ეს ასევე ნიშნავს ისეთი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც პატივს სცემს და ტოლერანტული იქნება უმცირესობათა შეხედულებების მიმართ და იქნება გამოხატვის თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს თავისუფლების გარანტი. 

2008 წელს ბუქარეთის სამიტზე ჩვენ ვთქვით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამ გადაწყვეტილებას მე მაშინ მხარი დავუჭირე და ახლაც ვუჭერ. ეს გადაწყვეტილება ძალაშია.  თქვენი პროგრესი რეფორმებში პირდაპირპროპორციულია პროგრესისა ნატო-ში თქვენი გაწევრიანების გზაზე და მას შემდეგ, რაც 2008 წელს ნატომ გადაწყვიტა, რომ საქართველო გახდებოდა მისი წევრი, თქვენ მართლაც დიდ პროგრესს მიაღწიეთ. ამ რეფორმების წყალობით, დღეს თქვენ ნატოსთან უფრო ახლოს ხართ, ვიდრე სამი წლის წინათ იყავით.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნატოსკენ სწრაფვა მოითხოვს ვალდებულებას და გამბედაობას ამ რეფორმების განხორციელების საკითხში, მაგრამ ნატოსკენ სწრაფვა ამად ღირს. ამ გზის ყოველ ნაბიჯზე ნატო თქვენს გვერდით, თქვენს მხარდამჭერად იგულეთ.

შეკითხვები

ტელეკომპანია იმედი,ეკა სოსელია ჟურნალისტი:  იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭო იმყოფება ვიზიტით და სხდომა გაიმართა თბილისში, მაინც არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი, რომელიც არ გახლავთ ნატოს წევრი სახელმწიფო, საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, იყენებს ვეტოს უფლებას. თქვენი აზრით, როდის და როგორ შეიძლება ამ ფაქტობრივი ბლოკადის მოხსნა?

მიხეილ სააკაშვილი:  ვფიქრობ, გუშინ გენერალურმა მდივანმა ძალიან ნათლად გასცა პასუხი ამ შეკითხვას. მან ცალსახად თქვა: „არც ერთ არაწევრ ქვეყანას არ აქვს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვეტოს დადების უფლება“. ამის შთგონებას ცდილობს ის ხალხი, ვისაც საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია, ვინც გვეუბნება, რომ არაფერს არ აქვს აზრი - არც ცვლილებებს, არც რეფორმებს, არც განვითარებას, არც წინსვლას და  ყველაფერი შედეგის გარეშე დამთავრდება. ეს ასე არ არის. ჩვენი ისტორიის განმავლობაში, საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე ახლოს თავის მრავალსაუკუნოვანი, სანუკვარი მიზნის ასრულებასთან, როგორც ახლა. ეს მიზანი ჩვენი ევროპულ სახლში  დაბრუნებაა, ჩვენი ფასეულობების, ჩვენი კულტურის, ჩვენი ცივილიზაციის, ისტორიულ თანამეგობრობასთან გაერთიანება, უფრო ძლიერ ოჯახში თვისუფალ ერად შესვლა და არა ვიღაცზე დამოკიდებულ ელემენტად ან რაღაც „ფილიალად“ ყოფნა. ამ თვალსაზრისით,  რა თქმა უნდა, რაც უფრო მივუახლოვდებით მიზანს, მით უფრო მეტად ეცდებიან, რომ ხელები ჩამოვუშვათ, ვთქვათ, რომ დავიღალეთ და ვთქვათ, რომ არაფერს არ აქვს აზრი. მაშინ ჩვენს ბედს სადღაც სხვაგან, ვიღაცები გადაწყვეტენ, მითუმეტეს ის ხალხი, ვისაც ჩვენთვის კარგი არაფერი არ სურს. მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამას ეფუძნება ნატოს პრინციპი, რომ ყველა დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოს (და თქვენ მოისმინეთ გენერალური მდივნისგან თუ რა წარმატებები აქვს საქართველოს დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე), აქვს უფლება თავად გააკეთოს არჩევანი. ჩვენმა ხალხმა ეს არჩევანი უკვე გააკეთა და ის არ იცვლება ამინდის, ბუნებრივი გაზის ფასის მიხედვით. მთავარი ისაა, თუ როგორია ჩვენი ხალხის ნება. ეს ნება არის ნამდვილად ურყევი.

საქართველოსსაზოგადოებრივი მაუწყებელი, ნინო გომართელი: მოგესალმებით. გვსურს, ორივე მხარის პოზიცია მოვისმინოთ, თუმცა, უპირველესად, გენერალურ მდივანს მივმართავ. საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის თვალსაზრისით, როგორ არის გადანაწილებული პოზიციები თავად ალიანის წევრ სახელმწიფოებს შორის?

ანდერს ფოგ რასმუსენი: პოზიცია ძალზე ნათელია. ეს უკვე გამოითქვა 2008 წელს ნატოს  სამიტზე ბუქარესტში. როგორც გახსოვთ, გადაწყდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამას გარდა, ჩვენ შევქმენით სპეციალური კომისია - ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც პოლიტიკურ კონსულტაციებსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ჩვენი საქართველოში ვიზიტი არის სწორედ ნატო-საქართველოს კომისისს საქმიანობის ფარგლებში მაღალი რანგის პოლიტიკური კონსულტაციების მაგალითი. ყოველ წელს საქართველო წარმოადგენს წლიურ ეროვნულ პროგრამას, რომელსაც აფასებს ნატო, ნატოს საბჭო. ეს პროგრამა ქმნის რეფორმების პროცესის ჩარჩოებს საქართველოში. ჩვენი პოზიცია უცვლელია და ჩვენი კარი კვლავაც ღიაა. ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია -  საქართველო გახდება ნატოს წევრი.

ტელეკომპანია რუსთავი2,  ნატა მახვილაძე: რამდენადაც ცნობილია, უკვე  ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც მოამზადა შვეიცარიის მხარემ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, თქვენს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თქვენ ესაუბრეთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ბაიდენს. ამ სატელეფონო საუბრისა და, ზოგადად, ხელმოწერილი დოკუმენტის შესახებ, მედიას უფრო მეტი ინფორმაცია აინტერესებს...

მიხეილ სააკაშვილი: რაც შეეხება ვიცე პრეზიდენტთან საუბარს, ეს თავად თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა და ვფიქრობ, ამის შესახებ თქვენ შეიტყობთ.

რაც შეეხება კონკრეტულ პროცესს და ამ ხელშეკრულებას, ეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო  მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოლო ხანებში განვითარებული ძალიან ბევრი მოვლენა. რატომ არის ეს ასეთი განსაკუთრებული მოვლენა დიპლომატიური თვალსაზრისით? იმიტომ, რომ საქართველოს საზღვრებზე ხორციელდება ტვირთების გადაადგილების საერთაშორისო მონიტორინგი და ეს ხდება პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის,  90-იანი წლების შემდეგ; ეს ხდება პირველად, მას შემდეგ, რაც კონფლიქტები წარმოიშვა - თავიდანვე გამოჩდნენ ძალები, რომლებსაც ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდოდა. გენერალურმა მდივანმა გუშინ ძალიან ზუსტად თქვა: „საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე“. უდავოდ, ეს არის საქართველოს დიპლომატიური გამარჯვება. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ თუ პრინციპულ პოზიციას დავიკავებთ, ჩვენი ინტერესების დაცვას შევძლებთ. რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა ყველას ხელს აძლევს, სხვათა შორის საქართველოს ინტერესებსაც შეესაბამება და ეს მართლაც ასეა. აქედან გამომდინარე, იყო ლაპარაკი იმის თაობაზე (არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაშიც), რომ უპირობოდ დავთანხმებულიყავით ნებისმიერ პირობებს და შემდეგ გველაპარაკა ჩვენს სარგებელზე. თუმცა ჩვენი პოზიცია თავიდანვე ძალიან ნათელი იყო. ჩვენ  კარგად გვესმის ჩვენი მეგობრების, მათ შორის, კარგად ვხვდებით თუ რა პრაგმატული ინტერესები აქვთ მათ, მაგრამ საქართველოსთვის ეს არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამეტური პრინციპი, რადგან ჩვენთვის ეს ეგზისტენციალური საკითხია. ჩვენი საზღვრები ხელშეუხებელი და წმიდათა წმიდაა, ამიტომ, ჩვენ ვაწარმოეთ ძალიან რთული მოლაპარაკება. ჩვენი დიპლომატები მუშაობდნენ მხარესთან, რომელიც ათასჯერ უფრო გამოცდილია, მათ შორის, ხრიკებში და დიპლომატიური ტაქტიკის ყოველგვარ ბერკეტებს ფლობენ, მაგრამ ჩვენ ერთი წამით არ დაგვითმია პოზიცია. დიპლომატიაში კომპრომისი  კარგია, მაგრამ არის რაღაც, რასაც ვერასდროს დათმობ და იმის მიუხედავად, რომ გვაჩქარებდნენ, ჩვენ არ ვიჩქარეთ, ვიდრე მთავარი პრინციპი არ დავიცავით. ეს არის ჩვენი საზღვრები, რომლებზეც ვრცელდება ერთიანი რეჟიმი და მონიტორინგს საერთაშორისო მონიტორები, საერთაშორისო დამკვირვებლები განახორციელებენ.  კომპანიის წევრები იქნებიან არა რუსეთის, არამედ უცხოეთის მოქალაქეები,  პროცესს კი, გააკონტროლებს შვეიცარიის მხარე და საერთაშორისო ხელშეკრულება. ე.ი. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ქმედება. პატარა ქვეყნის დაცვის ყველაზე ძლიერი ბერკეტი არის საერთაშორისო სამართალი. ბოლო მოლაპარაკებების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რაც, შეიძლება, აქამდე არც განხილულა - ამ მრავალი თვის განმავლობაში, რუსეთის არც ერთ წარმომადგენელს არც ერთხელ არ გახსენებია ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მათ მიერ აღიარებული, ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოები. შესაძლოა, ეს ზოგ-ზოგიერთებს  ეწყინოს, მაგრამ მინდა მათ „ცივი წყალი გადავასხა“ - მათ ერთხელაც არ ამოფარებიან ზურგს უკან სოხუმში ჩამომჯდარ ე.წ. მთავრობას და არც ცხინვალში წამოუჭრიათ ეს საკითხი. ე.ი. როცა რუსეთს სჭირდება, როცა ეს მის პრაგმატულ ინტერესებს შეესაბამება და როცა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია კონსოლიდირებულია, ძალიან კარგად ივიწყებს თავისივე შექმნილ ყოველგვარ ყალბ სიმბოლიზმებს და  მოლაპარაკებას თანხმდება. ამიტომ, ჩვენ ეს, პრინციპში, თავიდანვე გავთვალეთ. ამ შედეგის მიღწევა ადვილი არ იყო, რადგან ბევრი მხრიდან გვაჩქარებდნენ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ ჩვენ ამაზე არ წავედით და ბოლოს და ბოლოს მივიღეთ ის, რაც ჩვენ გვსურდა. რა თქმა უნდა, ამ ფორმატში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია პოლიტიკურ და ტერიტორიულ საკითხებს ვერ გადაგვიწყვეტს, ეს არის სუფთა ტექნიკური, სავაჭრო რეჟიმებზე დამყარებული ორგანიზაცია, მაგრამ რისი მიღებაც ამ ფარგლებში შეგვეძლო, ყველაფერი მივიღეთ. ახლა გადავალთ სხვა ფორმატში და იქაც ყველაფერს მივაღწევთ... ასეთი დიპლომატიური დიალოგით (როგორც ეს გენერალურმა მდივანმა თქვა),  ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მესაზღვრეები, ჩვენი მებაჟეები არ დადგებიან აქედან ცოტა უფრო ჩრდილოეთით, ფსოუზე და აქედან ცოტა უფრო ჩრდილო აღმოსავლეთით, როკის გვირაბთან და, საერთოდ, სანამ ჩვენი ხალხი არ დაბრუნდება საკუთარ სახლებში. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი და ამას არც ვმალავთ. ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს. როდესაც ყველა პასუხისმგებელი მოთამაშე მსოფლიოში აღიარებს, რომ ამის უფლება გვაქვს, ჩვენი უფლებებით მშვიდობიანად, მაგრამ ბოლომდე ვისარგებლებთ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან რთული პროცესი და ამას ძალიან სერიოზული ძალისხმევა სჭირდება.

ტელეკომპანია პიკი, ანასტასია ხანიაკინა:  მე მაინტერესებს, განიხილეთ თუ არა ჩიკაგოს სამიტის დეტალები, რომელიც 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება და წამოიჭრება თუ არა ამ სამიტზე საქართველოს საკითხი?

ანდერს ფოგ რასმუსენი: დიახ, ჩვენ ვიმსჯელეთ ნატოს მომდევნო სამიტის შესახებ, რომელიც ჩიკაგოში უნდა გაიმართოს. საქართველოში ჩვენი ვიზიტი შეგიძლიათ ასევე განიხილოთ როგორც ჩიკაგოს სამიტისთვის მზადების ნაწილი. მზადების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამისათვის წინ კიდევ ექვსი თვე გვაქვს, რომლის განმავლობაშიც ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. არც პროგრამისთვის მიგვიცია საბოლოო სახე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ არც გადაწყვეტილება მიგვიღია, მაგრამ სამიტის მსვლელობისას ნატოს წევრები, როგორც ყოველთვის,  საქართველოს საკითხსაც შეეხებიან. საკითხავია ის, თუ რა სახით შეეხებიან მას და ეს დღევანდელი შეხვედრის დროსაც განვიხილეთ. ჩვენი დიალოგი ჩიკაგოს სამიტამდე გაგრძელდება. ვიმედოვნებ, ჩიკაგოს სამიტზეც აისახება საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეული ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ნათლად დავინახეთ, ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში შევამჩნიეთ ლისაბონის სამიტზე ჩვენი შეხვედრიდან ერთი წლისთავზე.  ასე რომ, დიახ - ჩვენ ეს თემა განვიხილეთ და დიალოგს მაისამდე, ჩიკაგოს სამიტამდე გავაგრძელებთ.  

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან დიდი მადლობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)