Google+

სიახლეები

10.11.2011
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა

დღეს ბათუმში საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა.  მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულმა წარმატებულმა რეფორმებმა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა ნატო-ს. შეხვედრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა არა მარტო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში განხორციელებული რეფორმები, არამედ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებიც. ანდერს ფოგ რასმუსენმა ცალსახად განაცხადა, რომ ალიანსს საქართველოსთან თანამშრომლობის საკმაოდ კარგი ინსტრუმენტები აქვს, რომელიც მომავალშიც ეფექტიანად იქნება გამოყენებული. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი თქმით, ნატო-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეცვლილა, იგი მიესალმება ქვეყნის სწრაფვას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებისკენ და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს  წევრი, როგორც ეს აღინიშნა ბუქარესტისა და შემდგომ სამიტებზე.  

ნატოს გენერალურმა მდივანმა ქართულ მხარეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისა და შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ავღანეთში საქართველო ყველაზე დიდი წარმომადგენლობით გამოირჩევა ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის, რასაც ანდერს ფოგ რასმუსენი მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.      

გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების თაობაზე შეთანხმების მიღწევა მიულოცა და ამ შეთანხმებას საქართველოსთვის კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი უწოდა.

შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე, ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - ელჩი გეგა მგალობლიშვილი და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ელენე ხოშტარია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)