Google+

სიახლეები

16.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი "ილიას ტბის"  საზეიმო გახსნას დაესწრო

მოგესალმებით ყველას!

 
მართლაც საოცრებაა რასაც აქ ვხედავთ. თქვენი უმეტესობა ყვარლის მკვიდრია. თქვენ იცით, რომ ოთხი თვის წინათ ამ ტბის მეხუთედი დაგუბებული იყო. ეს იყო დაჭაობებული, ძველი წყალსაცავი. მე თვითმფრინავით იმიტომ კი არ დავფრინავ, რომ გზებს ვერიდები, უბრალოდ ზემოდან ძალზე კარგად ჩანს საქართველო. თუმცა, ყველაზე კარგად საქართველო მაშინ აღიქმება, როდესაც თქვენ პირისპირ ვარ, თვალებში გიყურებთ და თქვენ სათქმელს ვისმენ. როდესაც ვერტმფრენით დავფრინავ ლამაზი ხედები იშლება. ამ დროს ვხედავ, თუ როგორი პატარაა ჩვენი ქვეყანა. რომელ მხარესაც არ უნდა გაიხედო, მარჯვნივ თუ მარცხნივ, მისი ბუნებრივი საზღვრები, კავკასიის ქედები მოჩანს. რადგან ქვეყანა ასეთი პატარაა  განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ჩვენი ვალია, რომ ამ ქვეყნის თითოეული მტკაველი კარგად იყოს გაკეთებული. როდესაც ვერტმფრენიდან იყურები, ხედავ რამდენად ლამაზი და თვალწარმტაცია ჩვენი ქვეყანა და ამავდროულად, რამდენად ბევრია გასაკეთებელი. მიწების ნაწილი ჯერ კიდევ დაუმუშავებელი და მოუხვნელია. ჩვენ იმდენად ცოტა მიწა გვაქვს, რომ ბოლომდე დამუშავებული უნდა იყოს. მიწის დამუშავება კი, ჩვენს ოჯახებში უფრო მეტ შემოსავალსა და პერსპექტივას ნიშნავს.
 
დღეს მე აქ ჩამოსვლა დამაგვიანდა, რადგანაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მთავარი წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომელმაც ისაუბრა იმაზე, რომ მალე საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ. ჩვენ გვექნება თავისუფალი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე. ამიტომაც ცალი ხელით ჩვენ საგარეო ფრონტებზე ვიბრძვით. ეს ბრძოლა კი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვისაა. ეს იმ ბრძოლის გაგრძელებაა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. ნურავინ იტყვის, რომ საქართველომ წააგო რაიმე ომი. საქართველო მანამდე იქნება წელში გამართული, სანამ არ დამარცხდება, მანამდე იბრძოლებს გამარჯვებისთვის, სანამ გვაქვს ჟინი, სანამ ხელებს არ ჩამოვუშვებთ, სანამ არ დავნებდებით,  სანამ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ გამთლიანდება.
 
ჩვენ აქ, ილიას სამშობლოში ვიმყოფებით. დღემდე ჩემთვის მთავარი პოლიტიკური მეცნიერება ილია ჭავჭავაძისგან მოდის. ამასწინათ, ქართულმა ჟურნალმა „ტაბულამ“ ილია ჭავჭავაძის წერილები გამოაქვეყნა. გამაოგნებელია, რამდენად თანამედროვედ აზროვნებს ილია. გამაოგნებელია, თუ როგორ წერს ის ეთნიკურ ჯგუფებსა და რელიგიაზე,  ქართულ ღვინოზე. წერს, რომ ქართველებს მსოფლიოში საუკეთესო და საუცხოო ღვინო გვაქვს, მაგრამ ამ ღვინის ჩამოსხმა, შენახვა და ბაზარზე გატანა უნდა ვისწავლოთ. გამაოგნებელია, როგორ მუშაობდა მაშინ საბანკო სექტორი. დღესდღეობით,  საქართველოში ბევრი ბანკი იხსნება. გუშინ ბანკის ულამაზესი შენობა გავხსენი. საოცარია, როგორ ზუსტად ესმოდა ილიას ქართული სისტემის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
 
ყვარელში რამდენიმე ტბაა. უკვე არსებობს ლოპოტა, ყვარლის ტბა. ყვარელელ მეგობრებთან ერთად, ბევრი ფიქრის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არცერთი სახელი არ მოუხდებოდა ამ ტბას ისე, როგორც ილიას სახელი, რადგანაც ეს ტბა განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველია.
 
როდესაც ილია ჭავჭავაძეზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ ილიას დროს საქართველო არ იყო დამოუკიდებელი. მაშინ აქ რუსი ჟანდარმერები, რუსი ჩაფრები იდგნენ, ზუსტად ისე, როგორც დღეს აფხაზეთსა და პატარა ქალაქ ცხინვალში დგანან. მიუხედავად ამისა, ილიას წამითაც არ შეჰპარვია ეჭვი იმაში, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო.
 
მაშინ რა ღმერთი გაუწყრა  დღევანდელ ქართველებს, რომლებსაც ღმერთმა უბოძა ფაქტობრივად არამთელ ტერიტორიაზე, (თუმცა იგი იურიდიულად მთელია)  თავისუფალი სახელმწიფო. ისინი კი დღემდე მისტირიან მონობას, ვასალურ მდგომარეობას. მათ დღემდე უნდათ, რომ ვიღაცის დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ, ვიღაცისგან მიიღონ ინსტრუქციები. შესაძლოა, გრძნობდე, რომ შენი ქვეყანა საკმარისად არ გაფასებს და არ აჰყავხარ იმ კვარცხლბეკზე, რაც შენ დაიმსახურე, მაგრამ ეს არ გახლავთ საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ შენი ქვეყანა შეგძულდეს და გაყიდო.
 
შესაძლოა, ამის მიზეზი ასეთ პოლიტიკოსთა თავშია, მათსავე უუნარობაშია. იქნებ იმაშია, რომ ბევრი პოლიტიკოსი საკუთარი თავით ტკბობას ბევრად მეტ დროს ანდომებს, ვიდრე საკუთარ ხალხზე ფიქრს. მათ უმეტესობას, სამწუხაროდ, საერთოდ არ აინტერესებს თუ რითი ცხოვრობს ყოველდღიურად ჩვენთან ადამიანი და სწორედ ამის გამო ხდება ეს.
 
ეს არ არის საბაბი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე უარი თქვა, გაიქცე, მტერს ჩაეხუტო,  რადგანაც თავისუფლებაზე მაღლა არაფერი დგას. ყველაფერი, რაც საქართველოში კეთდება - ეს ტბა, ყვარლის განახლებული ცენტრი, თავისი მუზეუმებით, ნეკრესი, გრემი, ყველაფერი რაც ბოლო წლებში გავაკეთეთ და რაც მომავალში გაკეთდება - საქართველოს თავისუფლების ჩვენი დამოუკიდებელი ერის მუხლჩაუხრელი შრომის  პირდაპირი შედეგია.
 
2005 წელს ჩვენ თბილისის ცენტრის შეღებვა დავიწყეთ. მაშინ ხშირად ამბობდნენ, ამათ მხოლოდ თბილისი აინტერესებთო.  თუმცა, რა თქმა უნდა, თბილისის ცენტრის კეთილმოწყობა განვაგრძეთ. თბილისში, არცერთ ეპოქაში, არცერთი მეფის, არცერთი მთავრობის, თუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდის დროს, არ აშენებულა და გაკეთებულა იმდენი, რამდენიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშენდა. მომდევნო ორი წლის განმავობაში იმაზე ორჯერ მეტი აშენდება, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. თუმცა საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის. შემდეგ ჩვენ გადავერთვეთ ბათუმის აღმშენებლობაზე. ბათუმი მხოლოდ საქართველოს სიამაყე არ არის. შავიზღვისპირეთით დაწყებული, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით და სტამბულით დამთავრებული, არსად არ მიმდინარეობს იმ მასშტაბის მშენებლობა, როგორიც აქ. არსადაა ასეთი სილამაზის არქიტექტურა, ასეთი სწრაფი განვითარება.  უფრო მეტი ეკონომიკური აქტიურობა აღმშენებლობისთვის თავის შედეგს გამოიღებს. გასულ წლებში, მაგალითად, ქუთაისელები ხშირად ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი ქუთაისის თავზე დაფრინავს და ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევსო. ეს ასე არ არის. აღმოჩნდა, რომ ბათუმის განვითარების კვალდაკვალ ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი ხდება.  ქუთაისში შენდება ყველაზე ლამაზი შენობები, ყველაზე დახვეწილი ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს ქალაქის განვითარება. როდესაც ქუთაისში აღმშენებლობა დაიწყო, ბუნებრივია, გაჩნდა შეკითხვა: "კახეთმა რა დააშავა? ყველაფერი დასავლეთ საქართველოში ხდება, კერძოდ, ანაკლიაში, ფოთში, ბათუმში, ქუთაისში. როდის გადმოხვალთ ქედს აქეთ?" იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვაახლეთ სიღნაღი და ყვარლის ცენტრი, სამუშაო კიდევ ბევრი იყო. დაიწყო და უკვე განახლდა ეს ტბა. "ილიას ტბა" არის ახალი ეტაპის დასაწყისი მთლიანად კახეთისთვის. რადგან ეს ყველაფერი   ყველა თქვენთგანისთვის ხელმისაწვდომია.
 
მომავალი წელი საქართველოში იქნება კახეთის წელიწადი. მომავალ წელს იქნება უფრო მეტი აღმშენებლობა კახეთში, ვიდრე ყოფილა საქართველოს ნებისმიერ რეგიონში ბოლო 7-8 წლის განმავლობაში.
 
ქართული სახელმწიფოებრიობის გენეტიკური კოდი კახეთში, ალაზნისველზეა შექმნილი. ამ გენეტიკურ კოდთან ერთად არის შექმნილი ჩვენი ანბანიც და ჩვენი ვენახიც. კახეთში, ამ მთების გამო მტრებისგან შედარებით დაცულ ტერიტორიაზე, ამ ნოყიერ მიწაზე ცხოვრობენ განსაკუთრებულად ნიჭიერი, შრომისმოყვარე და შეუდარებელი პატრიოტიზმის მქონე ადამიანები.ამიტომ, ჩვენ ყველანი, როგორც დანარჩენი საქართველო, ისე  კახეთი, რომელიც  თავს არ იშურებდა ერთიანი საქართველოს დასახმარებლად, ისევე არ უნდა დავიშუროთ ყველამ ერთად თავი კახეთის აღსაღორძინებლად.  
 
ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. მომავალ წელს იწყება ძალიან დიდი აღმშენებლობა თელავში. ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს დაგეგმილი სოფლის მეურნეობის დარგში ლაგოდეხისთვის, გურჯაანისთვის, საგარეჯოსთვის,დედოფლისწყაროსთვის.  ახმეტაში,  თუშეთსა და ხევსურეთში იწყება აღდგენითი სამუშაოები ჩვენ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლებზე. გაგრძელდება გზების სამშენებლო სამუშაოები. იცით, რომ გაკეთდა გომბორის გზა,სამუშაოები მიმდინარეობს სხვა გზებზეც, მათ შორის, თუშეთის ურთულეს მონკვეთზე. ვმუშაობთ იმაზე, რომ წყალგაყვანილობის სისტემა იყოს გამართული. იცით, რომ კახეთის ბევრ რეგიონში, მათ შორის, თელავში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოგეხსენებათ, წყალი ყოველთვის დიდი პრობლემა იყო კახეთისთვის. მომდევნო ზაფხულს, სიცხისას, როდესაც  ყველა მდინარე დაშრება, არაფერი აჯობებს ამ ტბაში  ბანაობას. როგორც კი ეს პერიოდი დადგება, მეც შემოგიერთდებით. მანამდე ეს ტბაც ბოლომდე გაივსება და სულ მთლიანად ცისფერი იქნება.
 
მინდა ასევე გითხრათ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობთ სპორტულ ინფრასტრუქტურაზე. ვმუშაობთ კახეთში საცურაო აუზების მშენებლობის საკითხზე. იცით, რომ აქ გაკეთდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ის, რაც თქვენ ყვარელში ნახეთ ე.წ. "ჯეოსელის კლასი" ის მე ვნახე ტელევიზორში, "ჯეოსელის" რეკლამაში და ვიფიქრე, რომ იგივე გაგვეკეთებინა ქართველი მოსწავლეებისთვის. მე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენლებს და ვკითხე: გინდათ კარგი საქმის გაკეთება? ეს არ არის ბიზნესის,,დატერორება’’ , მე მათ ვთხოვე რომ გაგვეკეთებინა ასეთი კლასები. პირველად სად უნდა გაკეთებულიყო ეს კლასი თუ არა ილიას სამშობლოში. კახეთის ძირითად სკოლებში ყველგან ასეთივე კლასები უნდა გვქონდეს. ბავშვი, რომელიც ძალიან გაჭირვებულ ოჯახში ცხოვრობს , სადაც ყოველ თეთრს მნიშვნელობა აქვს, მას უნდა ჰქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ცოდნის მიღების საშუალება. საგულისხმოა, რომ ვარდების რევოლუციამდე საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 52 პროცენტი ღარიბი იყო. ჩვენი დიდი ძალისხმევის შემდეგ ეს ოფიციალური ციფრები 17 პროცენტზეა დაყვანილი. თუმცა ესეც არ არის საკმარისი, ვაინაიდან,  ჯერ კიდევ, დაახლოებით, ყოველი მეხუთე ქართველი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
 
მე ბევრი ღარიბი ოჯახი მინახავს. ბევრი მათგანი სამწუხაროდ შეგუებულია ამ მდგომარეობას. ბევრ მათგანს ხელი აქვს ჩაქნეული. მე ბევრი ვიფიქრე, როგორუნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი. უპირველეს ყოვლისა, სოციალური დახმარებები და პენსიები უნდა გავზარდოთ. ასევე ვიფიქრე რომ, ბავშვს რომელსაც აქვსკომპიუტერი, რომელსაც პირველივე კლასში ახალი მეთოდებით ასწავლის ამერიკელი, ინგლისელი ან ავსტრალიელი მასწავლებელი , რომლის მასწავლებელიც იღებს მეტ ხელფასს, (როდესაც მასწავლებელი ჩააბარებს გამოცდას ხელფასი 1000 ლარი და მეტიც შეიძლება ჰქონდეს), ასეთი ბავშვი სულ სხვანაირად შევა სახლში, როდესაც იგი დაბრუნდება ღარიბ ოჯახში ამ პატარა ნეთბუქით, პატარა კომპიუტერით, ითამაშებს ამ თამაშებს, ცოტა ტრაბახითაც ეტყვის ოჯახის წევრებს "How do you do?" და ასე შემდეგ, ის საერთოდ სხვა ფსიქოლოგიის შემტანი იქნება თავის ოჯახში. ჩვენ ყველა ხერხით უნდა დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენ სიღარიბისთვის არ გვემეტება არცერთი ბავშვი და არცერთი 80 წლის  ბებია და  ბაბუა. ბებიაჩემიც 80 წელს გადაცილებულია. მინდა ვთქვა, რომ, მე ძალიან დიდი სიმპატია მაქვს იმ თაობისადმი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. იმ თაობებისადმი, რომელიც ყველაზე მეტად დაიკარგა, რადგანაც 90-იან წლებში,როდესაც ხალხს ეგონა, რომ რაღაცას მიაღწიეს, იმ დროს ჩამოიშალა და ჩამოინგრა ყველაფერი. სამწუხაროდ, ხალხს გაუჩნდა განცდა, რომ მთელი თაობადაიკარგა. თაობა კი არ გაქრა, არამედ უბრალოდ  ხალხს ის შესაძლებლობები დაეკარგა, რომელთაც ისინი იმსახურებდნენ. დღეს, ჩვენი მთავარი მიზანი ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად დაბრუნებაა.
 
ჩემო მეგობრებო, გარდა ყველა სხვა აღმშენებლობისა, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, ამ მთაზე წარმოუდგენელი სილამაზის ახალი სასტუმრო შენდება. ამ სასტუმროს ერთი ადამიანი აშენებს, რომელიც მე ახლახანს გავიცანი - გია პირადაშვილი, რომელმაც 2006 წლის, რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ ბიზნესის კეთება დაიწყო სწორედ ღვინის დარგში. მან კომპანია „თელიანი ველი“ დააარსა, რომელმაც ემბარგოს მიუხედავად, შექმნა ყველაზე კარგი დისტრიბუციული ქსელი ახალ ქვეყნებში, ახალ ბაზრებზე, ახალ გასავალზე და პრაქტიკულად ნულიდან აწყობილმა კომპანიამ მსოფლიოში დიდი პოპულარობა მოიპოვა. შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრებები ქონდეთ ხარისხზე,  მაგრამ ფაქტია, რომ სადაც წახვალ მსოფლიოში ყველგან არის  გიას შექმნილი„თელიანი ველი“. შემდეგ მეორე კომპანია  შექმნა და თავისი შატო ააშენა, რომელიც დღეს მუშაობს,  განავითარა და გაყიდა. ახლა ისეთი შატო ააშენა თელავში, შუამთასთან,  რომლის მსგავსიც, მიუხედავად იმისა რომ მე ბევრი მიმოგზაურია და  საუკეთესო სასტუმროებიც მინახავს საფრანგეთსა თუ ესპანეთში, არ მინახავს და შემიძლია ვთქვა რომ ის საუკეთესოა ამ სტილის სასტუმროებში. იცით რატომ ? იმიტომ, რომ სიყვარულით და გულით არის გაკეთებული. პროექტიც მისია და ყველა დეტალი საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული.  კიდევ ერთ ლამაზ შატოს ახლა ამ ტბასთან, მთაზე აშენებს, რომლის სანახავადაც  და ამ ტბაზე დასასვენებლადაც უამრავი უცხოელი ჩამოვა, დახარჯავს ფულს, შეიძენს ჩვენი ხელით დამზადებულ ბევრ სუვენირს, ეს ყველაფერი კი  ჩვენი მოსახლეობისთვის  შემოსავლის ახალი წყარო იქნება. ამიტომ  შეიძლება ითქვას, რომ გია  მარტო საკუთარი თავისთვის არ მუშობს. ასეთი ახალი ბიზნესმენები ქმნიან მომავალ საქართველოს. მათ არ ეშინიათ არც ემბარგოსი და არც უიმედო სიტუაციის. მათ იციან, რომ მათი სამშობლო მათი ხელით არის ასაშენებელი, მათი მონდომებით და სიყვარულით არის გასაკეთებელი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე მინდა, რომ გიას მსგავსი ხალხი ბევრი იყოს . მაგრამ, ჯერჯერობით საქართველოში, ასეთი სულ რამდენიმე კაცი გვყავს  და თუ რამე გამოხატავს ამ ტერმინს,  რასაც გია პირადაშვილი ამ თავისი აღმშენებლობით აკეთებს, ვფიქრობ, ეს არის სიტყვა ბრწყინვალება. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უმაღლესისახელმწიფო ჯილდო - ბრწყინვალების ორდენი და მე მინდა გია პირადაშვილს იგი თქვენი სახელით გადავცე.
 
ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ააშენა. იმიტომ, რომ ვიცი, რომ ასეთი რაღაცეები 5, 4 და 3 თვეში არ სრულდება. მაგრამ ისიც ყველამ იცის, რომ მეც და ყველა ჩვენგანიც მოუთმენლები ვართ. ამდენი წელი იმდენად არაფერი არხდებოდა, რომ ჯობია ყველამ ღამე იმუშავოს, ხელი დაიკაპიწოს, შეუძლებელი შეძლოს და მაინც ააშენოს.  ამასობაში კი, მსოფლიოში ყველაზე ჩქარა ვისწავლეთ ყველაფრის შენება. მოუთმენლობასაც და სულსწრაფობასაც აქვს თავის დადებითი შედეგები. მთელ მსოფლიოს ვაძლევთ ამით მაგალითს. 
 
მინდა მადლობა რამაზ ნიკოლაიშვილს, თქვენს გუბერნატორს, აქაურ გამგებელს ვუთხრა, განსაკუთრებით, ყველა იმ ინჟინერს,  მუშას, რომლებიც დღე და ღამე თვალებანთებული მუშაობდა იმიტომ, რომ  ქართულ საქმეს აკეთებდა  და იცოდა, რომ წვლილი შეჰქონდა საქართველოს აღმშენებლობაში. მე აქ მათთვის ორდენები არ მაქვს ჩამოტანილი, თუმცა ყველა მათგანი იმსახურებს ამ სიტყვას- ბრწყინვალებას. 
 
დიდი მადლობა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)