Google+

სიახლეები

22.11.2011
ქუთაისის ახლადგასნილ მთავრობის სახლში პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა 

მოგესალმებით ყველას.

მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს.

პარლამენტში დღეს, როგორც ყოველთვის, დაძაბული დებატები მიმდინარეობდა.

კარგია, რომ რამდენიმე ათეულმა პარლამენტარმა მაინც მოიცალა და აქ ჩამოსვლა შეძლო.

მოგეხსენებათ, რომ ქუთაისისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისთვის, რადგან ქუთაისის უბრუნდება ძველი ფუნქცია. ეს ისტორიული პროცესია.

გამოკითხვების თანახმად, საზოგადოების უმეტესობა პარლამენტის ქუთაისში გადატანას ემხრობა, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ კლასში ბევრი ამ გადაწყვეტილებას ეწინაღმდეგება. ძირითადად, ეს ის ხალხია, ვისაც წარმოდგენა არ აქვს, ან არ უნდა გაიგოს დასავლეთ საქართველოსა და ქუთაისის ისტორიული, პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა.

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამ ადამიანებმა, ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი და საქართველოს პარლამენტი მომავალ წელს ქუთაისში დაიდებს ბინას. პირველი სხდომა 26 მაისს გაიმართება, არჩევნების შემდეგ კი პარლამენტი საბოლოოდ გადმოვა ქუთაისში.

ქუთაისი ძალიან საინტერესო ქალაქია.

კულტურის მინისტრთან ერთად, დღეს ინტელიგენციას ახალ მუზეუმში შევხვდი. დღეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი გავხსენით, რომელიც ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში გადავიტანეთ. შენობის სრული რეაბილიტაცია 2-3 თვეში დასრულდება.

ეს ქალაქი, ყველაფრის გზაჯვარედინია. პირადად ჩემთვის, ეს დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული და არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ჩემი საპრეზიდენტო მოღვაწეობა დავიწყე ფიცით, რომელიც გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე დავდე, არამედ იმიტომ, რომ ჩემი ოჯახის ფესვები, გარკვეულწილად, ქუთაისიდან მოდის.

სხვათა შორის, დღეს მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი გავიხსენე, რომელიც ექვთიმე გაენათელთან ერთად იმერეთის ცნობილი აჯანყების შუაგულში აღმოჩნდა. მე-19 საუკუნეში მათ წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთს, ხოლო რუსებმა, მიტროპოლიტი არა მხოლოდ მოკლეს, არამედ მისი ცხედარიც კი გადამალეს.

ჩემმა დიდმა ბაბუამ, ნიკოლოზ წერეთელმა, რომელიც მიტროპოლიტ დოსითეოს წერეთელს ენათესავებოდა, ბუნებრივია, თავისი ახალგაზრდობა ქუთაისში გაატარა და აქვე მოღვაწეობდა.

სხვათა შორის, მეორე დიდი ქუთაისელი დონ დამიანე სააკაშვილი, მე-20 საუკუნის დამდეგს ქუთაისის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი და საქართველოს  მნიშვნელოვანი მოღვაწე იყო არა მხოლოდ კათოლიკური ეკლესიისთვის, არამედ, განსაკუთრებით, იმერეთისა და ქუთაისისთვის.

სხვათა შორის, მეორე სააკაშვილმა დააფუძნა და ააშენა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, ახლანდელი მეორე სკოლა.

ასე, რომ ჩემი გვარი და ჩემი ოჯახი მჭიდროდაა დაკავშირებული ქუთაისთან, თუმცა, რა თქმა უნდა, მიკერძოებაში არ უნდა ჩამითვალოთ.

მე მართლა მჯერა, რომ საქართველოს ძალზე მნიშვნელოვანი ცენტრი სწორედ აქ უნდა იყოს.

ჩემი დავალებაა, რომ მთავრობის ყოველი მესამე ან მეოთხე სხდომა პარლამენტის გახსნამდე აქ გაიმართოს, რადგანაც მომავალში მთავრობას უფრო ხშირად მოუწევს აქ ყოფნა. უნდა დავიწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის შტატში აყვანა.  

მეორე საკითხი - მთავრობის სახლის შესასვლელთან ძალიან ბევრი დროშა ნახეთ როგორც საქართველოსი, ისე ევროპული.

2004 წლის იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად ავაფრიალეთ ევროკავშირის დროშა, ბევრი დაგვცინოდა: სად საქართველო და სად ევროკავშირიო.

ამასთან დაკავშირებით, წინა თვეებისა და კვირების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

პირველი - ევროკავშირმა გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ დეკემბერში იწყება მოლაპარაკება  საქართველოსთან ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში მიემგზავრება, რათა ხელი მოაწეროს მოლაპარაკების გახსნას, რაც ნიშნავს იმას, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში თავისუფლად ვაწარმოებთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს ევროპის ბაზარზე. საქართველოს ეკონომიკისთვის ამ ფაქტს გადამწყვეტი და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

აპრილში დავიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე. თქვენ იცით, რომ სავიზო რეჟიმი უკვე გამარტივებულია, უვიზო მიმოსვლა კი ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეს, რომელსაც თან ექნება საქართველოს პასპორტი, შეეძლება, მაგალითად, ქუთაისის ახალი აეროპორტიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (ქუთაისი - მიუნხენის, ქუთაისი - დუბლინია, ქუთაისი - ლონდონის, ქუთაისი - პარიზია, ქუთაისი - რომის რეისებით) თავისუფლად გამგზავრება.

საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის ბევრი მოქალაქე ისარგებლებს ქუთაისის ახალი აეროპორტით. ევროპაში ჩასვლისას, ისინი წარადგენენ საქართველოს პასპორტს, რომელში ჩაურტყამენ შტამპს და არავინ არ მოსთხოვს ვიზას. ეს  უახლოესი წლების ამბავია.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ საქართველოზე უნდა გავრცელდეს 49-ე მუხლი, ე.ი. საქართველო მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპარლამენტმა ეს პირველად აღნიშნა.

თქვენ იცით, რომ საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტი სტუმრობდა და თუ ადრე მხოლოდ ჩვენი ტრადიციული მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლონეთის ლიდერები, მაგალითად, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ახლა უკვე ეს საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა.  

ასე რომ ევროპის დროშა - ეს აღარ არის მულაჟი. ეს არის ჩვენი ის რეალობა, რომელშიც გადავადივართ.

რა თქმა უნდა, უთავმოყვარეო, მონობას შეჩვეულ პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ მოსკოვს უკავშირდება - იმ მოსკოვს, რომელმაც გუშინ აღიარა:  საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, იმიტომ განახორციელა, რომ არ დაეშვა ნატო-ს გაფართოება ჩვენი საზღვრებისკენ, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან.  

ნატო, ზოგადად, ჩვენი იდეაფიქსი კი არ არის, ეს არის ქართველი ერის ისტორიული ინსტინქტი, იყოს იმ ძლიერ გაერთიანებაში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, საქართველოს ხალხის დაცულ მომავალს.

ქუთაისის ცენტრი, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და სადაც ახლა ოპერის თეატრი და მუზეუმი დგას, ულამაზესი სავაჭრო ცენტრი და კინოთეატრის ახალი შენობა იქნება,  იყო რუსი "სალდატების", "კოპცების" კონცენტრაციის ადგილი.  იქ იყო მათი ყაზარმები... ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს ის ძველი დრო მოენატრა, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი. ჩვენ გვინდა წავიდეთ იქ, სადაც ჩვენი მომავალი იქნება დაცული.

საქმე ისაა, რომ მათ უნდათ მთელი საქართველოს დამორჩილება ან დაჩოქილი, ყოველგვარი წინააღმდეგობის სურვილდაკარგული საქართველო მიიღონ, რომელიც ქვეყანა აღარ იქნება.

თუ ვინმეს იქით სურს წასვლა, ინდივიდუალურად უნდა აიღოს ბილეთი ცალ მხარეს და, მაგალითად, ქუთაისის ახალი აეროპორტიდან გაფრინდეს ქუთაისი-მოსკოვის რეისით. ქუთაისის აეროპორტში ასეთი რეისებიც იქნება. მათთან ყოფნის მსურველი პოლიტიკოსების სანაცვლოდ, იქიდან მივიღებთ ბევრ რუს ტურისტს, რასაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ეს ტურისტები თანდათან ჩაანაცვლებენ რუსულ ტანკებს, „სალდატებს“, „სკოპცებს“, გენერლებს და იმ მაიორებს, რომლებიც საქართველოში ჩვენს ობიექტებს აფეთქებენ.

ჩემო მეგობრებო, ეს შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ დღეს ძალიან დიდი, ახალი და მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს.

თქვენ იცით, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ კრიზისს იწვევს ის, რომ სხვადასხვა ტიპის საკრედიტო სააგენტოები დაბლა სწევენ სხვადასხვა ქვეყნის საკრედიტო მაჩვენებლებს.

საბერძნეთის საკრედიტო რეიტინდის დაწევამ, პრაქტიკულად, საბერძნეთის გაკოტრება გამოიწვია. ეს მაჩვენებელი დაეცა იტალიისთვის და არა მარტო მთავრობა გადადგა, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ქვეყანა. STANDARD & POOR’S სააგენტომ საკრედიტო რეიტინგის დაწევის შესახებ გუშინ ამერიკის მთავრობა გააფრთხილა. ეს მაჩვენებელი ბოლო თვეებში დაუქვეითდა ირლანდიას და ძალიან ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანას: ესპანეთს, სლოვენიას, იაპონიას...

მსოფლიოს 200 ქვეყნიდან ამ პერიოდში და, კონკრეტულად, წელს მხოლოდ ორ ქვეყანას აუმაღლდა საკრედიტო რეიტინგი - ეს არის ყაზახეთი (რომელსაც აქვს ბევრი ნავთობი) და საქართველო. B პლუსიდან წინ წავიწიეთ და ჩვენი საკრედიტო რეიტინგის მაჩვენებელი გახდა BB მინუსი. ეს წმინდა ტექნიკური ტერმინია და ნიშნავს იმას, რომ ვართ იმავე კატეგორიაში, რომელშიც იმყოფება ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ლატვია და რუმინეთი; BB სარეიტინგო კატეგორიაში იმყოფება თურქეთი, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდანტები -  მონტენეგრო და სერბეთი. ამ მაჩვენებლის ზრდა ეფუძნება ორ მონაცემს - შიდა მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და პოლიტიკურ სტაბილურობას.

წარმოიდგინეთ, რა გეოპოლიტიკა აქვს საქართველოს. რუსეთში მიიჩნევდნენ, რომ საქართველოში არავინ აღარ ჩადებდა ფულს, არავინ აღარ ჩამოვიდოდა და აქეთ არავინ არ გამოიხედავდა. სტალინის ეპოქის შემდეგ, ისინი პირველად შეიჭრნენ სადღაც და  რომელიღაც ქვეყანა ბოლომდე ვერ დაიმორჩილეს.

თავის დროს, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ავღანეთი ხელის ერთი მოსმით აიღეს, აქ კი მათ ვერც მთელი ქვეყნის ოკუპაცია მოახერხეს და ვერც ქვეყნის მთავრობის შეცვლა. დამოუკიდებელ საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ამ მთავრობას მათ ვერ ათქმევინეს უარი.

რუსეთი არ აღიარებს ჩვენს საზღვრებს, ის არ აღიარებს ჩვენს მთავრობას და მუდმივად ცდილობს მის დამხობას. რუსეთი არ აღიარებს ცეცხლის შეწყვეტის იმ შეთანხმებას, რომელსაც თავად მოაწერა ხელი.

საკრედიტო რეიტინგის ამაღლება ამ პირობებში ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადალახა ის, რასაც ზედმეტი მოკრძალების გარეშე ვიტყვი, სხვა ვერავინ ვერ გადალახავდა.

სხვათა შორის, აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ამ სააგენტომ დაგვიდაბლა საკრედიტო რეიტინგი.  

ე.ი. საქართველომ, პრაქტიკულად, შეუძლებელი  შეძლო.

ჩემო მეგობრებო, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ გაგვიაფდება ფული, ჩვენი ბანკები უფრო ადვილად აიღებენ გრძელვადიან კრედიტებს და საკრედიტო განაკვეთები თანდათან შემცირდება ქვეყნის შიგნითაც.

მინდა შეგახსენოთ, რომ სააგენტო STANDARD & POOR’S შიშის ზარს სცემს ბევრი ქვეყნის მთავრობას. ამერიკის პრეზიდენტი პირდაპირ გამოეხმაურა ამ სააგენტოს გაფრთხილებას და სიტყვით გამოსვლისას, პრაქტიკულად, სთხოვა მას, რომ ამერიკის საკრედიტო რეიტინგი არ დაეწია; საფრანგეთის მთავრობას რამდენიმე თვეა დავა აქვს ამ სააგენტოსთან, რომ საფრანგეთი დაუქვეითოს ეს მაჩვენებელი.

რასაც ახლა წავიკითხავ, კარგად მოისმინოს ყველამ, ვინც დღე და ღამე კითხულობს რუსულ წყაროებს, რომლებიც დიდი ხანია წერს იმას, რომ საქართველო გაკოტრდება, საქართველოს აქვს დიდი ვალი, მალე საქართველო ხელფასებს ვეღარ გადაიხდის, რომ არავითარი  პერსპექტივა არ გააჩნია და ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდება, ამერიკულ ფულს ეფუძნება,  ახლა კი ამერიკას ფული აღარ აქვს და ვეღარაფერს მოგვცემს - მოკლედ რომ ვთქვათ, წერს იმას, რასაც კრემლის გარშემო მყოფი პროპაგანტისტები ავრცელებენ, მათ შორის, საქართველოშიც...

მინდა STANDARD & POOR’S ანგარიშიდან წაგიკითხოთ საერთო განმარტება იმის თაობაზე, თუ რა მოტივაცია ქონდა ამ სააგენტოს, როდესაც ჩვენი საკრედიტო მაჩვენებელი აამაღლა და რას წერს ის საქართველოს ეკონომიკის შესახებ:

„საქართველო ერთგულია საბაზრო ეკონომიკის პრინციპისა და გონივრული საბიუჯეტო ფისკალური პოლიტიკის. საქართველოს აქვს ზრდის მაღალი პოტენციალი, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სტრუქტურული რეფორმებითაა განპირობებული. STANDARD & POOR’S-ის მიხედვით, 2005-2014 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მთალიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდა გადააჭარბებს ექვს პროცენტს...“

ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და გათვლილია 2014 წლამდე. თანაც ეს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზეა გაანგარიშებული, რაც ძალზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობა მუდმივად იზრდება, ე.ი. თუკი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც მეტი იქნება და ის ექვს პროცენტს გადააჭარბებს.

„...რაც უფრო დიდი მაჩვენებელია, ვიდრე, პრაქტიკულად, ყველა რეგიონის ქვეყანაში. ეკონოკური ზრდის მამოძრავებელი იქნება სამშენებლო სექტორი, ტურიზმი, ექსპორტი, საბანკო სექტორის მიერ კერძო სექტორის დაკრედიტება და სასოფლო-სამეურნეო სექტორის შემდგომი განვითრება. STANDARD & POOR’S  მიაჩნია, რომ ტურიზმის, ენერგეტიკისა და ინფრასტურქტურის სფეროებში ზრდა ხელს შეუწყობს პირდაპირ უცხური ინვესტიციების შემოდინებასა და სახელმწიფო ინვესტიციებს. სარეიტინგო სააგენტო განსაკუთრებით აღნიშნავს ინფრასტრუქტურული განვითარების მაღალ ტემპს და, ამ მხრივ, დონორებისგან მისაღები რესურსის მოცულობას, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ფისკალური მოქნილობის სათანადო დონე.

„სარეიტინგო სააგენტოს მიხედვით, საქართველოს მიერ გამოშვებული ევროობლიგაციის ამჟამინდელი პარამეტრები ადასტურებს ქვეყნისთვის კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების გახსნილობას. სააგენტოს აზრით, ქვეყნის ჰიდროენერგოპოტენციალის ზრდა, ზრდადი ექსპორტი, დადებითი დინამიკა ტურიზმის სექტორში და მთავარობის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად ჩადებული ინვესტიცია უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრადობას და სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას.

„ანგარიშში ასევე აღნიშნულია, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მაღალი დონე და სახელმწიფო ინსიტუტების გამართული მუშაობა, რაც თავისთავად ამცირებს პოლიტიკურ რისკებს. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორების შემდგომმა განვითარებამ და უცხოური ინვესტიციების მდგრადმა შემოდინებამ, შესაძლოა განაპირობოს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესება.

„გაუმჯობესება შეიძლება გამოიწვიოს, თუ უფრო მეტად გაზრდით რეიტინგს უკეთესობისკენ, თუ გაიზრდება ენერგეტიკული სექტორი, ტურიზმი და უცხოური ინვესტიციები, რაც მკვეთრად შეზღუდავს საქართველოს სისუსტეებს“.

აქ ყველაფერი ისეა გაწერილი, როგორც ჩვენს 10-პუნქტიან სამოქმედო გეგმაში. რეიტინგების ზრდა უკვე ნათლად ჩანს; მომავალ წელს ვიწყებთ ჰესების მშენებლობას - მათგან რამდენიმე უკვე დაწყებულია და მომავალ წელს იწყება ნესკრა, ხუდონი და ნამახვანი, ე.ი. ეს პუნქტი შესრულდება; რაც შეეხება ტურიზმს, მომავალ წელს მათი რაოდენობა, მინიმუმ, 700-800 ათასი ადამიანით გაიზრდება; დაბოლოს, უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს. 

ასე რომ, იმედი გაუცრუვდათ მათ, ვისაც ეგონა, რომ საქართველოს ეკონომიკა დასუსტდებოდა და ჩამოიშლებოდა.

გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება ცალსახად არის სასწაულის ტოლფასი მოვლენა.

დაფიქრდით, 2008 წელს ჩვენ გადავიტანეთ ომი და თავს დაგვატყდა მსოფლიო კრიზისი. ჩვენს გარშემო ქვეყნებიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ზოგს ჰქონდა მინუს 20 პროცენტი, უკრაინას - მინუს 15, თურქეთს - მინუს 10, რუსეთს - მინუს 10, ხოლო საქართველოს მხოლოდ - მინუს 3.

ჩვენ გავუძელით ორმაგ დარტყმას, შემდგომ ბევრად უფრო სწრაფად გამოვედით მდგომარეობიდან, წელს ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელშიც ერთიანი ეროვნული პროდუქტის ზრდის პროგნოზი გამართლდა და გაუმჯობესებისკენ ვმოძრაობთ. შემდგომ წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმები და  კორუფციის დაბალი დონით ერთ-ერთი პირველები ვართ ევროპაში; დანაშაულის ყველაზე დაბალი დონე გვაქვს ევროპის მასშტაბით - ეს სასწაულია.

მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ ბოლო 5 წლიან პერიოდში.  ინსტიტუტების ნდობის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს მთელ ევროპაში და ა.შ.

უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ხალხი, რა თქმა უნდა, არ ცხოვრობს ისე, როგორც, მაგალითად,  იაპონიაში, საფრანგეთში ან ლუხსემბურგში. ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისში და შემოსავლის მხრივ,  ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონეა; უდავოა, რომ უმუშევრობის მაღალი ხარისხია; დიდი გაჭირვებაა, განსაკუთრებით, სოფლად, რადგან დაბალინტენსიურია სოფლის მეურნეობა; მაგრამ ეს შედეგები გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ შევინარჩუნოთ პოლიტიკურ-ეკონომიური სტაბილურობა და 3-5 წელიწადში შეუქცევადი გახდება ის, რომ  საქართველო არის ახალი სინგაპური, ახალი ჰონგკონგი, საქართველო არის ამ რეგიონის ახალი, უმნიშვნელოვანესი ცენტრი ეკონომიკური, კულტურული, ტურისტული და, მათ შორის, პოლიტიკური თვალსაზრისით.

საქართველოსთვის დღეს ისე მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს განვითარების მაღალი ტემპი, როგორც არასდროს.

რუსეთშიც არის ძალიან ბევრი კეთილი ნების ადამიანი, რომლებიც აღფრთოვანებული არიან ჩვენი რეფორმებით. ამის შესახებ მუდმივად გვესმის ინფორმაცია. ასეა უკრაინაში - ჩვენი რეფორმებით აღფრთოვანებულია ამ ქვეყნის მთავრობაც და ხალხიც. ასევეა შუა აზიის ქვეყნებში, ასე ხდება ჩვენს უშუალო მეზობლებში და მალე ეს მთელ მსოფლიოს მოედება.

ეს აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესია.

სწორედ იმის გამო გვაქვს ასეთი მხარდაჭერა ევროპისგან, რომ საქართველო მყარად მიდის წინ.

2009 წლის თებერვალში ლეხ კაჩენსკი მეუბნებოდა: ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ლიდერი ფსონს დებს იმაზე, რომ საქართველო დაქუცმაცდება და უახლოეს 3 წლის განმავლობაში არა მარტო თქვენი მთავრობა დაიშლება, არამედ მთელი ქვეყანა, როგორც პოლიტიკური ერთეული, საერთოდ გაქრებაო.

მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ამხელა წინსვლას არც არავინ მოელოდა, ამიტომ ყველა განცვიფრებულია და ბევრად უფრო მონდომებულია, რომ მხარი დაგვიჭიროს.

სხვათა შორის, ამ ქალაქში  მთავრობის სახლის გახსნა და მომავალ წელს პარლამენტის ამუშავება, სამი წლის განმავლობაში წარმოუდგენლად გაზრდის ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებს და დამატებით 5-7 პროცენტს მოგვცემს.

ადგილობრივი ეკონომიკისთვის ეს არის ძალიან დიდი სტიმული. საქართველოს განვითარება დასავლეთისკენ, ზღვისკენ მიდის, ქუთაისი კი ამ რეგიონის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ამიტომ, არსებული კურსი უნდა შევინარჩუნოთ.

ის, რაც დღეს მოხდა, ჩვენი საკრედიტო რეიტინგის ამაღლებას ვგულისხმობ, მართლაც,  ისტორიული მოვლენაა - მთელ მსოფლიოს ცეცხლი უკიდია, ჩვენ კი, წინ მივიწევთ. ეს უნდა აისახოს ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, მათ დასაქმებაზე, საწარმოების გახსნაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდასა და, რა თქმა უნდა, აღმშენებლობის შემდგომ გაგრძელებაზე.

ამას წინათ, თბილისზე ვთქვი და იგივე შემიძლია ვთქვა დანარჩენ საქართველოზე: საქართველოს ისტორიის არც ერთ ცალკე აღებულ 5-წლიან პერიოდში ერთდროულად იმდენი არ აშენებულა, რამდენიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აშენდა, ხოლო შემდეგ 2 წელიწადში კიდევ უფრო მეტი აშენდება, ვიდრე წინა 5 წელიწადში.

ჩვენ, მართლაც, ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ.

სულ იმას გაიძახოდნენ, რომ მთავრობამ საავადმყოფოების გეგმა არ შეასრულაო, არადა 15-ზე მეტი ახალი საავადმყოფო უკვე გაიხსნა, 40 დეკემბერში იხსნება, რასაც შემდეგ წელს კიდევ 40 დაემატება.

ძალიან დიდ პრობლემად რჩება ისევ ექიმების კვალიფიკაცია, ამ საკითხს ჩვენი ძალებით უნდა მივხედოთ და მათ გადამზადებაზე ვიზრუნოთ, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე საავადმყოფოები უკვე გვაქვს და ეს დიდი შედეგია.

ჩვენ ჩვენს დაპირებებს ვასრულებთ და კვლავაც შევასრულებთ - დროა, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ქუთაისში წყლის მიწოდების პრობლემა, მინიმუმ, 7-საათიანი გრაფიკით მოიხსნება. მაგალითად, ავტოქარხნის დასახლებაში წყალი 24 საათის განმავლობაში აქვთ და როდესაც ჩვენი პროგრამები სრულად ამოქმედდება, წყალი მთელ ქუთაისს 24 საათიანი რეჟიმით ექნება.

ამას გარდა, ქუთაისის აღმშენებლობას მოჰყვება წყალტუბოს განვითარება, რომლის შემდეგ, გაკეთდება ხონი, ბაღდათი, სამტრედია, რა თქმა უნდა, ზესტაფონი, თერჯოლა და ა.შ.

ის, რაც აქ ხდება, წარმოუდგენლად დიდი სტიმულია მთელი იმერეთისა და მთელი დასავლეთ საქართველოსთვის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.  

დიდი მადლობა! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)