სიახლეები
30.11.2011
როზა ოტუნბაევამ პრეზიდენტის რანგში ბოლო ოფიციალური შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან გამართა
ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი ბიშკეკში ახლადარჩეული პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პირადი მოწვევით, ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრება.
ბიშკეკში სტუმრობისას, საქართველოს პირველი პირი ყირგიზეთის მოქმედ პრეზიდენტს როზა ოტუნბაევას პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ქვეყანაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა ალა არჩას სახელმწიფო რეზიდენციაში ოფიციალური ვახშმის ფარგლებში გაიმართა.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. თქვენ ნამდვილი ლეგენდა ხართ და არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის. ხვალინდელი დღე მართლაც ისტორიულია. ამ პროცესს, ალბათ, ყველა აკვირდება... თქვენ, უბრალოდ, საოცრება ჩაიდინეთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, როზა ოტუნბაევამ, რომელმაც პრეზიდენტის რანგში ბოლო ოფიციალური შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან გამართა, საქართველოს ლიდერს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
ბიშკეკში ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას რეგიონის ლიდერები, სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირები და წარმომადგენლობითი დელეგაციები დაესწრებიან.