Google+

სიახლეები

19.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით პირს მოუხსნას ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი

მოგესალმებით.

მინდა ყველა ჩვენს ადამიანს, ყველა ჩვენს მოქალაქეს მივულოცო ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაული და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, გამოვაცხადო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირობითი სასჯელის მატარებლების და ასევე ნასამართლეობის მოხსნასთან დაკავშირებით.

იცით, რომ საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი ამნისტია, რომელსაც მხოლოდ ერთი მოტივით დავადე ვეტო - არ შეეწყალებინათ პედოფილები მაინც.

მიმაჩნდა, რომ ასეთი ტიპის ამნისტია გაუმართლებელი იყო.

ამ ამნისტიამ საზოგადოებას შეუქმნა ბევრი პრობლემა.

ციხეებში ჩვენ ბევრად მეტი ხალხი გვყავდა, ვიდრე უნდა გვყოლოდა, მაგრამ გეგმაზომიერად მივდიოდით ამ რაოდენობის შემცირებამდე.

ჩვენი გრძელვადიანი პერსპექტივა იყო, რომ საპატიმრო სანქციები ალერნატიული სასჯელებით, პრობაციითა თუ  სხვა ტიპის ღონისძიებებით ჩაგვენაცვლებინა.

იმან, რაც გააკეთა პარლამენტმა, შექმნა სერიოზული სამართლებლივი პრობლემები.

ძალიან ბევრი ისეთი დამნაშავე გამოვიდა ციხიდან, რომელიც არ უნდა გამოსულიყო, მაგალითდ, მკვლელები, ასევე ისეთი ადამიანები, ვინც საკუთარი ხელით მოახრჩო პენსიონერები.

თქვენ იცით, რომ ამნისტიას მოყვა პედოფილიის შემთხვევების სერიოზული ზრდა საქართველოში, მოყვა მკვლელობების ზრდა.

სამწუხაროდ, მიწევს იმ ფაქტის კონსტატირება, რომ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით, არავითარ ნდობას არ იმსახურებს საზოგადოებაში.

პირადად მე, პირველად, მრავალი წლის განმავლობაში მიწევს იმის კონსტატირება, რომ, სამწუხაროდ, აღდგა შევარდნაძის ტრადიცია, როდესაც შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულების სტატისტიკას აღარ უნდა ვენდოთ. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.

საზოგადოებამ მშვენივრად იცის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობ, მით უმეტეს, რომ პროკურატურის მონაცემები არ ემთხვევა პოლიციის ხელმძღვანელობის მიერ გაფილტრულ და გაყალბებულ მონაცემებს.

საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში არის დანაშაულების, მათ შორის მძიმე დანაშაულის ზრდის მუდმივი ტენდეცია.

ეს არის მკვლელობები, ყაჩაღობები, ძალადობა, მათ შორის, მცირეწლოვნებზე, ძარცვა, ქურდობა, თაღლითობა.

ეს, პრაქტიკულად, ყველგან ასეა და ეს ყველამ მშვენივრად ვიცით.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის უნდა მისცე ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობა.

არ შეიძლება, რომ კრიმინალში თუნდაც ერთხელ მოხვედრილი ადამიანისთვის, ეს იყოს მთელი ცხოვრების დამღა.

ჩვენ ვართ პატარა საზოგადოება. საბოლოოდ, ამ ადამიანებისთვის მეორე შანსის მიცემა უნდა იყოს ამ საზოგადოების მთავარი ფუნქცია.

ამიტომ, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგა ნაბიჯი ჩვენი საზოგადოების განახლების და გაჯანსაღების მიზნით.

ჩემი გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებს, იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელსაც დაკისრებული აქვს პირობითი სასჯელი და რომელთაც აქვთ ნასამართლეობა, ინდივიდუალური აქტით, თითოეული მათგანის შემთხვევაში მოეხსნებათ პირობითი სასჯელი და მოეხსნებათ ნასამართლეობა.

ეს შეეხება, პრაქტიკულად, ყველა მუხლს, გარდა განზრახ მკვლელობისა დამამძიმებელ გარემოებებში, დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობისა, სქესობრივი კავშირი ან  სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება მცირეწლოვანთა მიმართ, ადამიანით ვაჭრობა, ტრეფიკინგი, წამება, ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა, აფეთქება, ბირთვული იარაღთან დაკავშირებით დანაშაულებები და დანაშაულებები კაცობრიობის წინაშე.

ყველა დანარჩენი, რომელმაც წარსულში ჩაიდინა დანაშაული, რეალურად, დღეს გარეთ არის, ამიტომ ასეთი ტიპის ინდივიდუალური შეწყალების აქტი არ გამოიწვევს დანაშაულების ზრდას.

ჩვენ უბრალოდ ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ დაივიწყონ ეს პერიოდი, გადაშალონ ცხოვრების ეს ფურცელი, რომელიც დაკავშირებული იყო მძიმე დანაშაულების ჩადენასთან იმ მუხლების გარდა, რომლებიც ჩამოვთვალე, რადგან არის რაღაც, რისი დავიწყება და პატიება შეუძლებელია და დაიწყონ ახალი ცხოვრება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას არაფერი აქვს საერთო იმ ფართომასშტაბიან, უკანონო, პოლიტიკურად დაუსაბუთებელ ამნისტიასთან, რომელიც გააკეთა საქართველოს პარლამენტმა - პირდაპირ რომ ვთქვათ, რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების და ზოგჯერ, წინა მთავრობის ჯინზე, ჩემს ჯინზე ათასობით ადამიანი, რომელიც არ უნდა იყოს, გაუშვა გარეთ.  

მათ შორის, ზოგიერთს მიანიჭა იმუნიტეტი პოლიტპატიმრის ე.წ. სტატუსის მინიჭიებით. ეს ხალხი კი დღეს საფრთხეს უქმნის საზოგადოებას.

ვფიქრობ, მათი გაშვების მოტივაცია უნდა იყოს გამოძიებული.

ვფიქრობ, იყო ასევე კორუფციული მოტივაცია და საზოგადოებამ მშვენივრად იცის, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის ჩაწყობა და გაკეთება ნეპოტისტურად, მათ შორის, პირდაპირი კორუფციული გარიგებების გზით.

ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არის გამჭირვალე და ეფუძნება  იმ იდეოლგიას, რომ  საზოგადოებაში მუდამ უნდა იყოს გაჯანსაღების პროცესი, გაახლების პროცესი, მეორე შანსის მიცემის პროცესი.

ეროვნული თანხმობისკენ ჩვენ ყველანი უნდა მივისწრაფვოდეთ.

ეს აქტი დღეს შევა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალიდან, ყველას ვისაც აქვს პირობითი სასჯელი, ჩამოთვლილი მუხლების გარდა, ასევე მათ, ვისაც არ აქვს მოხსნილი ნასამართლობა, შეუძლია განცხადებით მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ჩვენ შემოვიღებთ გაძლიერებულ მორიგეობას, ყველა განცხადებას მივიღებთ და განვიხილავთ  ინდივიდუალურად და უახლოესი კვირეებისა და თვეების განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ყველა ამ ადამიანის მიმართ გამოიცემა შესაბამისი შეწყალების აქტი, რომლითაც მათ მოეხსნებათ პირობითი სასჯელი და ნასამართლობა.

ვფიქრობ, ეს არის სწორი.

ამავე დროს, მოვუწოდებ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, გააქტიურონ ბრძოლა დანაშაულთან.

ახლა ჩამოვედი ბათუმიდან და სამწუხაროა, რომ ქალაქში, რომელიც ადრე იყო ძალიან მშვიდი და წყნარი, რამდენიმე გახმაურებული მკვლელობა მოხდა ამ ბოლო დღეების განმავლობაში.

არ ვამბობ, რომ წინა მთავრობის დროს არ ხდებოდა დანაშაული, მაგრამ ამ მასშტაბით, მიახლოებითაც არ ყოფილა.

ვფიქრობ, დანაშაულის ზრდას ხელი შეუწყო არა მხოლოდ ამნისტიამ, არამედ იმ მოუთმენლობის, სიძულვილის ენამ, რომელიც გაბატონებულია ჩვენს საზოგადოებაში.

შურისძიებისა და რევანშიზმის ენამ, პირდაპირ რომ ვთქვათ, საბოლოოდ, შექმნა ის ატმოსფერო, რომ ვიღაცას ნორმალური ჰგონია ძალადობის გამოყენება, შურისძიება და რევანშის აღება პოლიტიკური თუ რაიმე სხვა ნიშნით.

ფაქტია, რომ ასეთი კლიმატი ბოლო თვეებში ხელოვნურად გაღვივდა.

ფაქტია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა და ესეც არ უწყობს ხელს დანაშაულის შემცირებას.

ფაქტია, რომ რესოციალიზაციის პროგრამები ბევრად უკეთესად უნდა ამუშავდეს, თუმცა, ამ მხრივ, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი.

სისტემაში ბევრი პროფესიონალი გვყავს. ქედს ვიხრი ჩვენი პოლიცილების პროფესიონალიზმის წინაშე, ჩვენი პრობაციის და რესოციალიზაციის სამსახურის პროფესიონალიზმისა და თავდადების წინაშე.

ასევე მინდა ვთქვა, ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო ხანებში საქართველოს პოლიციაში (ეს პოლიციელებმა კარგად იციან), შეიმჩნევა დემორალიზაციის ნიშნები და, პრაქტიკულად, დეპროფესიონალიზაციის რაღაც ახალი კერები გაჩნდა. ვფიქრობ, ესეც დროებითი მოვლენაა.

ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ ტრადიციებს, რომელიც ბოლო წლებში შეიქმნა, მაშინ, როდესაც ბევრი ნეგატიური რამ აღმოიფხვრა, მართალია, რაღაცები დარჩა და ეს უნდა გამოსწორდეს.

ამ წლებში ძალიან ბევრი დადებითი შეიქმნა და საზოგადოება იყო დაცული.

საზოგადოების დაცულობა მთავარია და ამის შემადგენელი ნაწილი სწორედ საზოგადოების  გაჯანსაღებაა.

ფერისცვალების დღეს გამოცემული აქტი სწორედ ამას ემსახურება.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)