სიახლეები
12.08.2013
ანდრო ბარნოვი: სამარცხვინოა, ქვეყნის პრემიერი იცინოდეს მაშინ, როცა პრეზიდენტი დაღუპული გმირების შესახებ საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს პრემიერ-მინისტრის იმ დამოკიდებულებას გამოეხმაურა, რომელიც მან ბათუმში აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართული მიღებისას ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის დროს გამოავლინა. როგორც ანდრო ბარნოვმა აღნიშნა, სამარცხვინოა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იცინოდეს მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დაღუპული გმირების შესახებ საუბრობს.
„მინდა დიდი შეშფოთება გამოვხატო პრემიერის სამარცხვინო საქციელის გამო, როდესაც იგი პრეზიდენტის უკან იდგა და იცინოდა მაშინ, როცა პრეზიდენტი დაღუპული გმირების შესახებ საუბრობდა. მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და მსურს, ყველამ გაიაზროს, თუ რა სამარცხვინო და თავისმომჭრელ ვითარებაში ვიგდებთ თავს. ვფიქრობ, ჩვენი ერთობლივი მოვალეობაა, რომ სასწრაფოდ ამოვიდეთ ჭაობიდან, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მსგავსი რამ ყოვლად დაუშვებელია და ფეხქვეშ თელავს ჩვენს ღირსებას, იმ სისხლს, რომელიც დავღვარეთ ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დაცვისას. ეს აუტანელი ვითარებაა და ამის მოთმენა წარმოუდგენელია. მოვუწოდებს საზოგადოებას, რომ ხმა აიმაღლოს იმ აგდებული დამოკიდებულების წინააღმდეგ, როგორიც პრემიერ-მინისტრმა აჩვენა ჩვენი დაღუპული გმირების, ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის მიმართ. ასევე გული დამწყდა პარლამენტის თავჯდომარის გამოსვლის შემდეგ, რადგან მას ელემენტარული გამბედაობა, პოლიტიკური ობიექტურობა არ ეყო იმისათვის, რომ სათანადო შეფასება გაეკეთებინა. იმის ნაცვლად, რომ პრემიერ-მინისტრის სრულიად უგვან საქციელზე ელაპარაკა, პრეზიდენტის, თითქოს, არაადეკვატური საუბრის თაობაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტი საუბრობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე... არ ვიცი რა ამოძრავებს ამ ხალხს, რა იდეალებს ემსახურება და საერთოდ, რა უნდა პოლიტიკაში“, - განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა.