Google+

სიახლეები

17.02.2012
მიხეილ სააკაშვილმა ცაგერის მოსახლეობას სიტყვით მიმართა

ჩემო მეგობრებო!

აქ ცხოვრობს ძალიან საყვარელი, მშრომისმოყვარე ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში ყურადღებას მოკლებული და დაჩაგრული იყო.

მინდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრო. საავადმყოფოების გახსნა ჩემთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ვისაუბრო საჭირბოროტო საკითხებზე.

თქვენ იცით, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან დიდი გაჭირვებაა, საქართველოს ერთი ნაწილი მტრის მიერ არის ოკუპირებული და ეს არ გვაძლევს სიხარულის, ბედნიერებისა და განცხრომის საშუალებას, მაგრამ მე ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის.

ჩვენ ახლა ვხსნით 150 საავადმყოფოს.

ამ წლის ზაფხულიდან მუშაობას ვიწყებთ და საქართველოში 2014-15 წლებში თითქმის ყველა სკოლა იქნება ისეთივე, როგორიცაა შვეიცარიაში, იაპონიაში, ამერიკაში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ჩვენი ბავშვებიც საუკეთესო პირობებში ისწავლიან.

თქვენ ნახეთ, როგორი გზები კეთდება.

აქ მოვედი ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობიდან - ეს ავტობანი, პრაქტიკულად, მთელ საქართველოს შეკრავს - მოდის რუსთავიდან და მომავალი წლის დამლევს ბათუმამდე ჩავა.

თქვენ ნახეთ, რომ ხორციელდება სოფლის მეურნეობის პროგრამები; თქვენ ნახეთ, რომ საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობა იწყება. ამიტომ, ვინც რა არ უნდა თქვას, ჩვენი ქვეყანა მიდის წინ.

რა თქმა უნდა, არის ხალხი, ვისაც ეს ძალიან არ სიამოვნებს. ეს არის ხალხი, რომელიც სხვადასხვა ფორმით, ხან ერთი დროშის ქვეშ და ხან მეორე ლიდერის ხელმძღვანელობის პირობებში იკრიბება, ეს არის ერთი და იგივე ძველი სახეები - ის ხალხი, რომელმაც წლების განმავლობაში ჩააბნელა საქართველო; ის ხალხი, ვინც ათწლეულების განმავლობაში, არა მხოლოდ 90-იან წლებში, არამედ ბევრად ადრეც ძარცვავდა საქართველოს; ვინც საზრდოობდა იმით, რომ ყველა დანარჩენი იყო ღარიბი.

ამ ხალხს, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებს აღმშენებლობა; ამ ხალხს არ სიამოვნებს, რომ ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურებს, რადგან ადრე დენი იყო მხოლოდ მათ ქუჩაზე, მხოლოდ მათ ჰქონდათ გენერატორები, მხოლოდ მათ ჰქონდათ გადმოყვანილი სხვა სადენებიდან; მხოლოდ მათ შეეძლოთ გამთბარ და  განათებულ სახლებში ცხოვრება.

ამ ხალხს არ სიამოვნებს ახალი სკოლების მშენებლობა, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოთ, თავიანთი შვილებისთვის რეპეტიტორების აყვანა, მხოლოდ მათ შეეძლოთ სახლში მოეყვანათ კერძო მასწავლებლები და მათი მეშვეობით გაეზარდათ შვილები.

მაგალითად, მათ არ სიამოვნებთ ის, რომ ინგლისური ენის სწავლებისა და კომპიუტერიზაციის პროგრამებს ვახორციელებთ, რადგან კომპიუტერებიც მარტო მათ უნდა ჰქონოდათ და უცხო ენებიც მარტო მათ შვილებს უნდა სცოდნოდათ.

მათ არ სიამოვნებთ საავადმყოფოების გახსნაც, რადგან ადრე თბილისში მხოლოდ რამდენიმე პალატა იყო გარემონტებული და მხოლოდ მათ შეეძლოთ იქ მკურნალობა, დიაგნოსტიკური გამოკვლევა ან სამკურნალოდ უცხოეთში წასვლა.

ამის ფული და საშუალება მხოლოდ მათ ჰქონდათ.

მათ არ სიამოვნებთ, ზოგადად, ქართველი ხალხი.

ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაჭირვებულია. ამიტომაც, მოქმედებენ ახალი ლოზუნგით: გაჭირვებული ადამიანები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ. თურმე მხოლოდ მაშინ გაქვს პოლიტიკაში ჩარევისა, არჩევნებში მონაწილეობისა და პარლამენტში მოხვედრის უფლება, თუ თავის დროს ბევრი ფული მოიპარე, თუ ფული საეჭვო გზით იშოვნე.

მათ არ სიამოვნებთ პარლამენტის გადატანა ქუთაისში, რადგან ადრე ყველაფერი თბილისის ერთ ქუჩაზე წყდებოდა.

მათ თბილისის განვითარებაც არ სიამოვნებთ, რადგან ახლა დედაქალაქის მარტო ცენტრი კი არ ვითარდება, არამედ - ყველა გარეუბანი.

თბილისში ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში არ აშენებულა ერთდროულად იმდენი, რამდენიც ბოლო 5 წელიწადში აშენდა.

ის, რომ ახლა თბილისიდან ქუთაისში უნდა გადავიდეს პარლამენტი, მათთვის სრული კატასტროფაა, რადგან უკვე საქართველოს რეგიონებიც განვითარდება. იწყება წყალტუბოს აღმშენებლობა.

ეს პროცესი თანდათან გავრცელდება და ქუთაისის მთელ პერიმეტრს - გარშემო მთელ რეგიონს მოიცავს.

ადრე ძალიან „მარტივად“ ხდებოდა ყველაფერი - ყველანი ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, დენიც მხოლოდ იმ ერთ ქუჩაზე იყო, მარტო იმ ქუჩაზე აგებდნენ გზასაც და პარლამენტშიც ხალხს მხოლოდ იმ ქუჩიდან ირჩევდნენ - შესაბამისად, ფულიც მარტო იმ ქუჩის ხალხს ჰქონდა.

აი, ამ ცხოვრების დაბრუნება სურთ ამ მუქთახორა, არაფრისმაქნის, კორუფციითა და ხალხის ძარცვით დაკავებულ ხალხს.

თუმცა მათ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს - რა ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ, რა სახის ხრიკებსაც არ უნდა მიმართონ, რამდენი გაზეთიც არ უნდა იყიდონ და რამდენი ტყუილიც არ უნდა გაავრცელონ, ჩვენი ხალხი ძალიან ჭკვიანია და ის კარგად ხვდება, რა არის პროგრესი.

უკან დაბრუნება არავის არ უნდა და როდესაც არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თითოეული ჩვენგანი ყოველთვის მომავალს აირჩევს, რადგან ჩვენ ვხედავთ პროგრესს, ვხედავთ პერსპექტივას და იმას, რომ მომავალი ჩვენ შვილებს ეკუთვნის.

აი ეს არის მთავარი. ამას ემსახურება ახალი საავადმყოფოებიც.

ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ბევრად უფრო მდიდარი ქვეყნები ამის მეათედს ვერ აკეთებენ. ეს იმის წყალობით ხდება, რომ საქართველოში აღარავის ვაძლევთ ქურდობის საშუალებას.

საქართველოს მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ღარიბი ოჯახებიდან არიან წამოსული და მთავრობაში ყოფნით ფული არ უშოვიათ. ზოგიერთებს კი წარმოუდგენლად მიაჩნია, იყო მთავრობაში და ფული არ აკეთო.

ჩვენ ვაშენებთ ყველასთვის, თითოეული თქვენგანისთვის.  

ჩვენ ჩვენი შვილებისთვის ვქმნით ახალ მომავალს.

ვერანაირი ფული ვერ გადაფარავს იმ ღირსებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის შენებასა და საკუთარი ქვეყნისთვის ახალი მომავლის შექმნას უკავშირდება.

რა სიმდიდრე უნდა დააგროვოს და რამდენი სახლი უნდა აიშენოს რომელიმე მინისტრმა, რომ გადაფაროს ჩვენს ქვეყანაში აშენებული 150 ახალი, თანამედროვე საავადმყოფო.

ნუთუ არ ჯობს, თქვა: საქართველოში მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი რამდენიმე ათასკილომეტრიანი ახალი გზა დავაგეთ ან სამი ათასი საუკეთესო სკოლა ავაშენეთ.

რომელ ქვეყანაში უნდა წავიდეს ადამიანი ან რა სიამოვნება უნდა მიიღოს ისეთი, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაკეთებული წყალსადენის საუკეთესო სისტემა, ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი, აშენებული ახალი საწარმოები ან დაძლეული სიღარიბე და უმუშევრობა გადაფაროს?

ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა და, ამავდროულად, დიდი პრივილეგია გვაქვს, რომ ერთად შევებრძოლოთ ამ პრობლემებს და ერთად შევებრძოლოთ სიღარიბეს.

ცალ-ცალკე კი არ გადავირჩინოთ თავი, ან გამოსავალი იმაში კი არ ვიპოვოთ, რომ გაჭირვებული ხალხი გვერდზე გავწიოთ და ერთ სამეზობლოში მცხოვრებმა, ერთ ქუჩასა და ბირჟაზე მდგომმა მდიდრებმა მოილაპარაკონ რა იყოს ქვეყანაში, არამედ ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი არის ყველა ქართველის მუხლჩაუხრელ შრომაში, ყველა ქართველის ენერგიაში, ყველა ქართველისთვის პერსპექტივაში, მომავალსა და იმედის ნაპერწკალში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)