Google+

სიახლეები

05.03.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახმეტის მოსახლეობას მიმართა

უპირველესად, მსურს მივესალმო ახმეტელებს,

მივესალმები ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრს და მასთან ერთად მყოფ დელეგაციის წევრებს, რომლებიც დღეს აქ ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ჩვენ ყოველთვის მიველსამებით ჩვენ ძმებს და ჩვენ მეგობრებს.

დღეს ახმეტაში ზეიმია და, რა თქმა უნდა, ეს ყველას გვიხარია, თუმცა, სხვაგვარი ხალხიც არის.  ამას წინათ, ერთმა მეგობარმა შეტყობინება გამომიგზავნა და მეც ხშირად მსმენია ასეთი საუბარი: „მიშა საავადმყოფოს ხსნიდა და პაციენტი არ ჰყავდათო. ვიღაც ჰალსტუხიანი და ფეხსაცმლიანი კაცი ჩააწვინეს ლოგინში და გახდაც ვერ მოასწრეს, ისე გაადაფარეს საბანი“.  

ეს ხალხი ამას სრული სერიოზულობით ყვება და იმასაც ამბობენ, საავადმყოფოებში აპარატურა აქეთ-იქით დააქვთო...

სინამდვილეში, ამის მომგონს ყველაზე მეტად თანასწორობის უფლება აღიზიანებს და ის, რომ ადრე, შესაძლოა, არც მას მიუწვდებოდა ხელი მსგავს კომფორტზე.

ხანდახან, თავადაც ვერ ვიჯერებ, როდესაც ამ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს დონის პალატებს ვუყურებ.

დღეს, ამ საავადმყოფოების გახსნა უხარიათ არა მარტო პაციენტებს, არამედ ექიმებსაც, რადგან სწორედ ექიმი იყო ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში და ყველაზე რთულ პირობებში.

პაციენტები იშვიათად აკითხავდნენ კლინიკებს, მაგრამ ექიმები მუდმივად იყვნენ - იყვნენ უხელფასოდ, გაუსაძლის პირობებსა და ნახევრადდანგრეულ შენობებში.

თანასწორობის იდეის პირობებში, უმაღლესი სტანდარტის კლინიკები, უპირველესად, გაკეთდა იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, სადაც ტრადიციულად ყველაზე ხელმოკლედ ცხოვრობს ხალხი და სადაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა დახმარება.

უპირველეს ყოვლისა, საქართველო ეკუთვნის თითოეულ მის მოქალაქეს, მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება სჭირდება მათ, ვინც ადრე ყველაზე მეტად იყო შევიწროებული და უფლება აყრილი.

ყველა ადამიანს თანასწორი უფლებები და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მათ შორის, ეს საავადმყოფოებიც - ის ისევეა ჩემი, როგორც არის თქვენი; შენდება გზები, რომლითაც მეც ვსარგებლობ და თქვენც; ასევეა ახალი სკოლები - თითოეული მათგანი ჩემიც არის და თქვენიც. ვერანაირი შემოსავალი, აგარაკები და ანგარიშები, თუნდაც შვეიცარიის ბანკში, ვერ შეგიცვლის საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს, იმას, რომ კოლეგებთან ერთად, თანამოქალაქეებს უქმნი პირობებს; რომ ქრთამს არავინ აღარ იღებს, რომ მოქალაქეებს აღარავინ ამცირებს - შეიძლება ეს რაიმეზე გაცვალო?  ეს არც ფულზე გაიცვლება და არც მატერიალურ კეთილდღეობაზე.

სწორედ ამას ვგულისხმობდი როდესაც პარლამენტში ვთქვი, მეც და ჩვენი მინისტრებიც უფრო ხელგამართული და მდიდარი ვიქნებით, თუ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უკეთესად  იცხოვრებს-მეთქი.

ეს არ აისახება არანაირ დეკლარაციაში. ჩემი ქონებრივი დეკლარაციები, ბევრი არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც 5-6 წლის წინ მქონდა. ჩემი დეკლარაცია არის მთლიანად საქართველო - ახალი მთათუშეთი, რომელსაც გავაკეთებთ და გავალამაზებთ - იქნება ჩემი დეკლარაცია; ჩემი დეკლარაცია იქნება ახალი თელავი; ჩემი დეკლარაცია იქნება ახალი ყვარელი;  ჩვენი დეკლარაცია იქნება ახალი ლაზიკა; ახალი ბათუმი, ახალი თბილისი და ა.შ. ამით წარვსდგებით ჩვენ ჩვენი ხალხის, მსოფლიოსა და ისტორიის წინაშე და სწორედ ეს იქნება ჩვენი საერთო დეკლარაცია.

აი, ეს არის განსხვავება ჩვენს მენტალიტეტსა და ჩვენი დამპყრობლის მენტალიტეტს შორის. 2008 წლამდე რუსეთმა საქართველოში ორი ადგილი დაბომბა - აფხაზეთი და ახმეტა. ეს მეც და თქვენც ძალიან კარგად გვახსოვს.

იქ გადამყვეტი ფაქტორია ის, თუ რამდენი ფული უდევს ჯიბეში თანამდებობის პირს. უპირველეს ყოვლისა, იქ ფულს აძლევენ თანამდებობის პირს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხალხამდე არ მივიდეს.

რაც არ უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, დღევანდელი მათი კურსის, მათი პოლიტიკით გათვალისწინებით, როგორი არჩევნებიც არ უნდა ჩაატარონ ან დადგან, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მათ არ აქვთ მომავალი, რადგან ისინი წარსულს აშენებენ. ისინი ამას აკეთებენ არა მხოლოდ იმით, რომ საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინეს, საბჭოთა იმპერიის აღდგენას ცდილობენ ან საბჭოთა კავშირის თუ ევრაზიული კავშირის ლოზუნგები აქვთ, ისინი მენტალურად აბრუნებენ თავის ქვეყანას უკან.

ჩვენ კი, მომავალს ვაშენებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი ამბობდნენ, რომ მათ ქართველ ხალხთან არ აქვთ პრობლემა, მათი თქმით, პრობლემა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ.  

საბჭოთა კავშირის და ძველი წყობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ის, რომ საბჭოთა პოლიტიკა ტყუილზე იყო აგებული. ისინი ახლაც ამბობენ, რომ არ აქვთ პრობლემა ქართველ ხალხთან. და თუკი ეს მართალია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაგვეუქმებინა, რითაც მათ შანსი მივეცით, რომ არაფერი არ გაეკეთებინათ საქართველოს ხელისუფლებისთვის, თუმცა გაეკეთებინათ  ქართველი ხალხისთვის - გაეუქმებინათ სავიზო რეჟიმი ქართველი ხალხისთვის. ამის საპასუხოდ, როგორც კი შანსი მივეცით რაიმე გაეკეთებინათ ქართველი ხალხისთვის, მათ მაშინვე შეცვალეს პირველი ჩვენება. უფრო მეტიც, მათ, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეებმა, გადაწყვიტეს, რომ ისიც არ სურთ მათი ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში. ორი დღის წინათ, ჩემი წინადადების საპასუხოდ, გამოაცხადეს, რომ რუსების საქართველოში ჩამოსვლა საშიშია.

რა თქმა უნდა, ეს არ აიხსნება იმით, რომ საქართველოში არის კრიმინალი. საქართველოში დანაშაულის დონე, თითქმის, ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე რუსეთში და ეს ყველამ იცის. რუსებმა თავიანთი გადაწყვეტილება იმ ფაქტით დაასაბუთეს, რომ საქართველოში არ არის რუსეთის საელჩო.

მათ ადგილას, მე მარტო საელჩოს კი არ გავხსნიდი, ონიშჩენკოსაც გამოვაყოლებდი თვალის სადევნებლად - ხომ შეიძლება, რომ ისინი არაკორუმპირებული, თავისუფალი ქვეყნის „ვირუსით“ დაავადნენ და შემდგომ იგივეს გაკეთება მოინდომონ თავიანთ ქვეყანაში? აი, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის.

ჩვენ არა მხოლოდ არ გვეშინია ჩვენი მოქალაქეების სადმე გაშვება, არამედ იმ ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებაც არ გვეშინია, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დაპყრობილი. ჩვენი პატარა ქვეყანა დარწმუნებულია თავის ძალაში, საკუთარ მომავალსა და განვითარებაში.

ამ ფონზე, ჩვენ განსაკუთრებით ჩქარა უნდა განვითარდეთ, განსაკუთრებით ბევრი უნდა ვაშენოთ, განსაკუთრებით ბევრი უნდა ვიშრომოთ და ფართოდ გავშალოთ ფრთები. შორს არ არის ის დრო, როდესაც საქართველო საბოლოოდ გათავისუფლდება.

მას, ვინც წარსულს აშენებს, არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი. მას, ვინც ჩვენ ტერიტორიაზე ბაზებს აშენებს და მავთულხლართებს წნავს, არ შეიძლება იმის იმედი ჰქონდეს, რომ მომავალშიც შეინარჩუნებს ამ ტერიტორიას.  

რაც უფრო სწრაფად ავაშენებთ ჩვენს მომავალს, მით უფრო მალე დაიმკვიდრებს ადგილს ამ მომავალში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები.

ეს არის ჩვენი ისტორიის მაგალითები.

მანამდე კი, აქაურობას უნდა მივხედოთ, ყველა მიმართულებით უნდა დავაგოთ გზები ისე, როგორც გომბორი დავაგეთ; საქართველოს ყველა რაიონში უნდა ავაშენოთ საუკეთესო სკოლები, ბოლომდე მივიყვანოთ გაზიფიკაციის პროცესი, დავასრულოთ გამრიცხველიანება,  გამოვცვალოთ ელექტროსადენები და ელექტრობოძები, რათა ელექტროენერგია ყოველ წუთს არ ითიშებოდეს, ყველგან უნდა დავამთავროთ წყლის სისტემების გაყვანა და უზრუნველვყოთ უფასო დაზღვევა ან დაზღვევის ხელმისაწვდომობა, რათა ყველას მოესვლებოდეს ამ საავადმყოფოებში. ამას გარდა, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში ახალი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, რათა ახალგაზრდობა არ იყოს დაუსაქმებელი.

ყოველივე ეს სავსებით რეალური და ხელმისაწვდომია. ყოველივე ეს ისეთივე შესაძლებელია, როგორიც ეს მშვენიერი საავადმყოფო - ამ მშვენიერ რაიონში.

დიდი მადლობა მეგობრებო.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)