Google+

სიახლეები

19.03.2012
საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა

მინდა მოგესალმოთ ყველას.

ფლეშ მობმა, რომელიც ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გააკეთა, გაზაფხული მოიყვანა.

საბჭოთა დროს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი გამოჩენილი და ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა, მაგრამ აქ სწავლა ბევრისთვის სასჯელის ტოლფასი იყო - თუ ვერსად ვერ მოეწყობოდი, აუცილებლად „გეპეიში“ ჩაგაბარებინებდნენ.

 ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება, ისევე როგორც ჩვენი ცხოვრება, რომელიც ნამდვილ პრიორიტეტებს ეფუძნება.

იცვლება იმ მხრივ, რომ ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი სპეციალისტები, ნამდვილი ტექნოლოგები, ინჟინრები, ინფორმატიკოსები... ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გვჭირდება ის, რაც ქმნის რეალურ პროდუქტს, რითაც შეგვიძლია ჩვენი ნიშა ვიპოვოთ მსოფლიოს სწრაფად ცვალებად ბაზაზე.

ტექნიკური უნივერსიტეტი და სული, რომელიც ამ შენობაშია, შეუძლებელია გაქრეს.

ჩვენ ვქმნით ახალ სასწავლებელს, ბათუმში ვაყალიბებთ წარმოუდგენელ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, დაფინანსებით, შენობით, ყველაფრით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს სული ჩაუდგეს, მრავალი წელი - ათწლეულები დასჭირდება.

ამის ხელოვნურად გაკეთება შეუძლებელია.

ძველ უნივერსიტეტებშიც მისწავლია და ახალშიც და განსხვავება იმ წამსვე შეგიძლია დაინახო. ამ უნივერსიტეტში არის ეს ტრადიცია და ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

მინდა, ზოგად საკითხებზე გელაპარაკოთ.

ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, უპირველესად, სახელმწიფო აპარატით დავიწყეთ.

სახელმწიფო აპარატი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. კოლონიურ სახელმწიფოებში რაღაც მაინც დარჩა ცუდად თუ კარგად აწყობილი, გარკვეული ტრადიცია მაინც ჰქონდა ამ მხრივ. ჩვენ კი, სახელმწიფო მართვის ყველა სფეროში განადგურებული სისტემა გვერგო. მათ მიაჩნდათ, რომ მათი წასვლა დროებითია, ხალხს არაფერი არ უნდა ესწავლა, შემდეგ ისევ დაბრუნდებოდნენ და ავად თუ კარგად თავადვე გვმართავდნენ ამ ჩამორჩენილ ერს.

აი, ესეთი იყო კონცეფცია და ესეთი იყო სისტემა, ამიტომ პირველი, რაც მიზნად დავისახეთ,  იყო სახელმწიფო აპარატის შექმნა. თან ჩვენ დავიწყეთ პოლიციით, მაგრამ ეს სტრუქტურა  ზუსტად ერთ წელიწადში ჩამოგვეშლებოდა, მას რომ არ მოყოლოდა სხვა უწყებები.

სხვა თუ არაფერი საგადასახადო სამსახურს არ მოვკიდებდით ხელს, თუ გადასახადებს ვერ ავკრეფდით, ვერც ამ პოლიციას ვერ შევინახავდით.

საგადასახადო სამსახურში დღეს 75 პროცენტზე მეტი გადასახადების იკრიფება ელექტრონულად. ე.ი. აღარ არიან გადასახადების ხარბი ამკრეფები და საერთოდ შეიცვალა საგადასახადო სამსახურის ფუნქცია. სრულიად სხვა კონცეფცია შეიქმნა - პარტნიორული.

ამას ადგილობრივი მმართველობა, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევა მოჰყვა, დიპლომატიური სამსახურის განვითარება და სხვ.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სახელმწიფო სამსახური ვითარდება და ეს ძალიან კარგია.

ორი მთავარი საკითხი ჰქონდა გადასაწყვეტი სახელმწიფო სამსახურს: ერთი იყო კორუფციის ამოძირკვა და მეორე - ფსიქოლოგიის შეცვლა.

დღეს რომ ჰკითხო ხალხს რა შეიცვალა ბოლო ერთ წელიწადში, გეტყვიან, რომ გაკეთდა გზები, გადაიჭრა ელექტროენერგიის პრობლემა, გალამაზდა ქალაქები - მე ვიტყოდი, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი, რაც მოხდა, არის მენტალური რევოლუცია და ის, რომ შეიცვალა სახელმწიფო აპარატის დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.

ეს უკვე ყოველდღიური დამოკიდებულებაა.

უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე.

ჩვენ გვქონდა ორი მთავარი პრობლემა – კორუფცია და ქედმაღლური დამოკიდებულება საკუთარ მოქალაქეებთან.

კორუფცია უფრო ადვილი მოსაშორებელი იყო, ვიდრე მეორე პრობლემა. შინაგანი ცვლილებაა ყველაზე ძნელი.

ახლა ვნახეთ, რომ პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებლებში მიმდინარეობს რეგისტრაცია. საინფორმაციო ცენტრში სხედან ადამიანები, რომლებიც ყველა შემხვედრს ღიმილით ხვდებიან.

მინდა უბრალოდ გაგახსენოთ ძველი დრო, რათა იცოდეთ რა არ უნდა დაბრუნდეს აქ. ამისთვის არ არის აუცილებელი რომელიმე მეზობელ ქვეყანაში გადავიდეთ და, მაგალითად, საგზაო პოლიციის თანამშრომელს შევხვდეთ.

მიდით თბილისის ცენტრში რომელიმე უცხოურ საელჩოში ვიზის ასაღებად და ნახეთ, როგორ ეპყრობიან იქ მისულ მოქალაქეებს უცხოელებიც და, სხვათა შორის, მათი ქართველი  თანამშრომლებიც. იცით, რატომ ეპყრობიან ეგრე? იმიტომ რომ მიაჩნია, რომ ის არის უფროსი  და თუ მასთან მიდიხარ ე.ი. რაღაც გინდა, ამიტომ, აქვს უფლება ზემოდან ქვემოთ გიყუროს, გაცდევინოს, დაგამციროს და ამით სიამოვნება მიიღოს.

ეს არის ბიუროკრატიის ინსტიტუტი ძალიან ბევრ ქვეყანაში და ასე ძვალსა და რბილში იყო გამჯდარი საქართველოში ფეოდალური მენტალიტეტი.

ბევრ უცხოურ, მათ შორის, განვითარებული ევროპული ქვეყნების საელჩოებში ზუტად ისეთივე დამოკიდებულებაა, რომლებიც ჩვენს ჩინოვნიკებს რამდენიმე წლის წინათ ჰქონდათ...

აი, ეს გამოიცვალა საქართველოში.

როდესაც მენტალურ რევოლუციაზე ვლაპარაკობთ სწორედ ეს აგიჟებს ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის დამპყრობელს.

მათ უნდათ ჰქონდეთ ისეთივე შუშის შენობები, როგორიც საქართველოშია. მათ ფული საკმარისზე მეტი აქვთ, ძალიან დიდ შენობებს ააშენებდნენ, ბევრად უფრო დიდს, ვიდრე ჩვენ ვაშენებთ, მაგრამ ისინი 99 პროცენტს იპარავენ და ერთი პროცენტი ამას არ ჰყოფნის.

ჩვენთან აღარ იპარავენ და ამიტომ ვაშენებთ.

ყველაზე მეტად ის ვერ გაუგიათ, რომ, პირველად, რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში კავკასიაში შეიქმნა სერიოზული სახელმწიფო. კავკასიელების მართვას არაფერი არ უნდოდა - წაკიდებდი ერებს ერთმანეთს, მთავარი იყო ყველას სცოდნოდა, რომ მისი მტერი არა გარე სახელმწიფო, არამედ მისი მეზობელი, მისი რეგიონის წარმომადგენელია და გარედან უპრობლემოდ მართავდი.  

აღმოჩნდა, რომ ეს ლოგიკა დაურღვია მათ საქართველომ და ეს იყო ჩვენი კორუმპირებული ჩინოვნიკებისა და ჩვენი სახელმწიფო აპარატის მენტალიტეტიც.

ამას წინათ, გუდაურში ვხსნიდით ახალ საბაგიროს. მართლაც, საუკეთესო კურორტი კეთდება როგორც გუდაურში, ისე სხვა ადგილებშიც, მაგრამ, ტრადიციულად, იქ დადის ის,  ვისაც აქვს ფული, რადგან სათხილამურო აღჭურვილობა საკმაოდ ძვირია.

სხვათა შორის, შევქმენით რამდენიმე ახალგაზრდული სკოლა და, მათ შორის, არცთუ შეძლებული ოჯახების შვილებსაც გავუხსენით გზა, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ეს გამონაკლისია.

ჯერ ერთი, ხალხს მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება და მეორეც, ყველაზე კარგი არის ის,  რომ უამრავი ტურისტი ჩამოდის და ტოვებს ფულს, რომელიც შემდეგ გადანაწილდება, მათ შორის, საზოგადოების დაუცველ წევრებზე.

ამიტომ ეს კურორტები უნდა განვავითაროთ, თუმცა სოციალური მომენტია ის, რომ შეძლებული ადამიანებისთვის არის ხელმისაწვდომი.

დააკვირდით ახლა რაც ხდება - რა არის ჩვენი დამპყრობლის კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში.

პუტინის არჩევნების შემდეგ, მისთვის მთავარი არჩევნები ახლა საქართველოს არჩევნებია. „გაზპრომს“ მილიარდების მეტი რა აქვს? ჰოდა, გამოყვეს მილიარდები აქაური პოლიტიკური სპექტრისთვის და, ფიქრობენ, რომ ქართველი ამომრჩევლის ყიდვა ადვილია.

პუტინი ვერასდროს ვერ გაიგებს, რატომ არ გაიყიდება ქართველი ხალხი, ვთქვათ, იგივე შემოდგომით. ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი, რომ მან უკვე გაიგო დამოუკიდებლობისა და იმის გემო, როდესაც „ჩვენი თავი ჩვენადვე გეყუდნეს“ გემო და მეორე, არის სახელმწიფო, არის წესები და კანონები და ამ კანონებსა და წესებს ნებისმიერ ფასად დავიცავთ.  

ძალიან მარტივია - ჩვენი ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდება: შეიძლება იყო ძალიან დიდი და ისეთივე ქაოტური, როგორიც რუსეთია და შეიძლება იყო საქართველოს მსგავსი პატარა, მაგრამ ისეთივე წესების ქვეყანა, როგორიც არის, მაგალითად, ჰოლანდია ან სინგაპური.

და როდესაც წესების ქვეყანა ხარ, ძალიან ძნელია იქ უწესო ხალხმა შეაღწიოს და საკუთარი წესები დამკვიდროს.

აი, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა, ეს არის მენტალური ცვლილება, რომელიც საქართველოში ხდება.

ამიტომ ჩვენი ამოცანა არის ერთი - სახელმწიფო სექტორი, ხოლო მეორე - განათლება და ჯანდაცვაც.

პირველი, რაც ჩვენ განათლების სისტემაში დავამკვიდრეთ, არის სამართლიანობის განცდა. თქვენ ყველანი ხართ ერთიანი ეროვნული გამოცდის პროდუქტი, მაგრამ მთავარი, რაც არ უნდა შეგვშლოდა, არ უნდა ვყოფილიყავით დამოკიდებული ერთ ელემენტზე - გამოცდებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი სხვა ჩამოგეშლებოდათ. კიდევ კარგი, ამას მივხვდით და სწრაფი ტემპით დავიწყეთ მოედერნიზაცია.

სკოლაში შემოვიდა სხვა ელემენტები: გამოსაშვები გამოცდები, ცოდნის შემოწმება, დისციპლინის თემა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სწავლის კონტროლი სწავლის პროცესში, უცხოეთთან გამოცდილების გაცვლა და ბევრი სხვა ელემენტი - თქვენ შეგიძლიათ, მეტიც ჩამომითვალოთ...

თუ სისტემა მთლიანად არ შეიკვრება, ისევე როგორც სახელმწიფო აპარატი, ერთი პატარა სეგმენტიც რომ დაგრჩეს ძველმოდური და ამოვარდნილი, დანარჩენებსაც აუცილებლად დაასუსტებს და ჩამოშლის. 

ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება.

ჯანდაცვაშიც ზუსტად ასეთივე ვითარებაა.

ახლა უკვე გვაქვს ახალი საავადმყოფოები, მაგრამ  უკვე ბევრი შეკითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი ექიმები, რომლებსაც ყველა იცნობს რაიონულ ცენტრსა თუ სოფელში, ახალ საავადმყოფოებში გადადიან.

მიმაჩნია, რომ შანსი ყველა ადამიანს უნდა მივცეთ, მაგრამ უნდა გადავამზადოთ, რათა ახალ სისტემაში ახლებურად იმუშაოს.

ასევე, გზა უნდა გავუხსნათ ახალ ხალხს და უნდა შევქმნათ სისტემა, რომლის პირობებში ექიმი პაციენტს ხელებში არ დაუწყებს ყურებას. ადრე ეს მთავარი პრობლემა იყო.

თუ არ აიძულებ, ქრთამს საკუთარი ნებით არავინ არ იძლევა. ახლა ეს მდგომარეობა იცვლება.

იცით რა იყო ყველაზე დიდი რევოლუცია ახალ საავადმყოფოებში? ყველაზე რთული ის იყო, რომ ფეხზე ბახილები ჩაეცვათ. ასწავლეს მაგნიტურ–რეზონანსულ და სხვა აპარატურაზე მუშაობა, ყველაფერი, მაგრამ ამაზე დღემდე პრობლემა იყო.

ყველა მსგავს ელემენტს აქვს მნიშვნელობა. როგორც კი დაიწყებენ თავისი ძველი ფეხსაცმელებით სიარულს, ეს ის საავადმყოფო აღარ იქნება და თანდათან ისევ ძველი საშინელი კლინიკა გახდება, რომელიც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გარშემო.

იცით, რატომ ვყვები ამას? იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი კადრები წავიდეს ჩვენს ეკონომიკაში.

მაგალითად, დღეს ვაშენებთ თელავს და ვამბობთ, რომ ამ საქმეს სახელმწიფომ მოკიდა ხელი. რა თქმა უნდა, კერძო  კონტრაქტორი აკეთებს, მაგრამ ახალციხის აღდგენას, მაგალითად,   კოორდინირებას უწევს შს მინისტრი და ყველა თეთრს ითვლის, რომ რაღაც არ მოპარონ (თუმცა, მაინც გაბრაზებულია, რადგან ვიღაცები მაინც თაღლითობენ) და კახეთის აღმშენებლობას მეთვალყურეობას უწევს იუსტიციის მინისტრი და  გენერალურ პროკურორი. ზურაბ ადეიშვილი აქტიურად არის დაკავებული იმით, რომ ჩქარა გააკეთონ.

როდესაც სახელმწიფო რაღაცას კიდებს ხელს, ორჯერ და სამჯერ უფრო სწრაფად კეთდება საქმე, ვიდრე მაშინ, როცა კერძო სექტორის შემთხვევაში. ეს არის არანორმალური მდგომარეობა.

ყველგან არის პირიქით.

ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო სექტორში საუკეთესო კადრები და საუკეთესო ურთიერთობები წარმოიშვა, მაგრამ ეს უნდა აისახოს ეკონომიკაზე, რადგან, საბოლოოდ, ეკონომიკა შექმნის ქვეყნის განვითარების დონეს.  

ამიტომ, ჩვენი შემდეგი ეტაპი საუკეთესო კადრების აღზრდაა, ამისთვის კი, გადამწყვეტი არის განათლება.

ბევრი კადრი გამოვა, რომელიც საქართველოს აქცევს მსოფლიო დონის ცენტრად, როგორიცაა, მაგალითად, სინგაპური.

ჩვენი ქვეყნით ყველანი ვამაყობთ, მაგრამ ჩვენ არ გვსურს ვიყოთ ერთ-ერთი პატარა ქვეყნის წარმომადგენლები - ეს ქვეყანა უნდა ვაქციოთ საუკეთესო გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოდ.

რეფორმებისა და ბევრი სხვა ცვლილებების თვალსაზრისით, ეს უკვე გავაკეთეთ, მაგრამ ასევე უნდა იყოს ეკონომიკური სიძლიერის, კონკურენტუნარიანობისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის თვალსაზრისით.

ამის წინაპირობა ნამდვილად არის. იცით, ალბათ, რომ ჩვენ შევქმენით ქართული საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“. ეს ნამდვილად საამაყოა, რადგან ჩვენ შევქმენით ტექნოლოგია, რომელიც ყველა მაჩვენებლით უახლოვდება მსოფლიოს საუკეთესო ანალოგებს და რაც მთავარია, ეს ჩვენ გავაკეთეთ. იმას გარდა, რომ მეტალის ნაწილები შემოიტანეს უცხოეთიდან, ყველაფერი ჩვენმა ინჟინრებმა ადგილზე გააკეთეს. ასევეა დიდგორი... არ არის რთული ტექნოლოგია, მაგრამ რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე ამბობდა, რომ „რაგატკის“ მეტი არაფერი გვაქვსო, ეს დიდი მიღწევა იმედის მომცემი რამ არის.

ძალიან ცოტა ქვეყანა აკეთებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ამიტომ მსოფლიოში ძალიან ადვილი გასაყიდიცაა.  

ეკონომიკის მხრივ, ჩვენ ვიზრდებით ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე რეგიონის ქვეყნები. შარშან გვქონდა 7-პროცენტიანი ზრდა, რაც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად,  ბევრ ჩვენს მეზობელთან. ეს მაჩვენებელი 2-ჯერ მეტი იყო რუსეთთან შედარებით, რომელსაც ნავთობიც აქვს და ბუნებრივი გაზიც, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 8-დან 10 პროცენტამდე გვქონდეს, ხოლო მომავალ 10-15 წლის განმავლობაში, მინიმუმ, 10-პროცენტიანი ზრდა უნდა გვქონდეს, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს - ეკონომიკური კატეგორიით ქვეყნის სინგაპურიზაცია მოვახდინოთ, დავძლიოთ სიღარიბე და ვიცხოვროთ მდიდრულად.

ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ არ მინდა, რომ საშუალო ქვეყანა ვიყოთ.

ამისთვის, როგორც შევქმენით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფო აპარატი, ისე უნდა შევქმნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ცოდნას, უნარებს, მოქნილობას, ინტელექტს, გეოგრაფიას და ყველაფერ დანარჩენს, რასაც მე თქვენს თვალებში ვკითხულობ.

აი, ეს არის ახლა ჩვენი უახლოესი ამოცანა.

ეკონომიკა მიდის კარგად, კანონები ნორმალური გვაქვს, საგადასახადო სისტემა ნორმალურად მუშაობს, საბაჟო კარგად ამუშავდა - რა თქმა უნდა, ხარვეზები არის და მთავარი ხარვეზი არის ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გაჭირვებულია.

ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა 2 ჯერ და 3 ჯერ და სიღარიბის ცნებაც შეიცვალა, რადგან ელემენტარული საკვების ფული და სამედიცინო დაზღვევა უკვე აქვთ, მაგრამ ჯერ მაინც ღარიბები არინ.

ხშირად ამბობენ კიდეც, დაანებეთ თავი ქალაქების აღდგენას და ხალხს მიხედეთ, რა დროს განათლების ვაუჩერებია, ავტობანებისა და ცათამბჯენების მშენებლობაო...

მე ძალიან კარგად მესმის იმ ხალხის ვინც ამას ამბობს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და ბუნებრივი გაზი, რომლითაც სიღარიბეს დავამარცხებდით - დოვლათი იქმნება ცათამბჯენებით, გზებით, ტურიზმით, ყოველივე იმით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, იქმნება განათლებით.

ამას წინათ, ერთი სანდომიანი, ძალზე მშრომელი და ჭკვიანი კაცის ოჯახში, რომელსაც პატარა გლეხური მეურნეობა აქვს და ვნახე, რომ ოჯახში ყველა ბავშვს (ოთხი სხვადასხვა ასაკის ბავშვი ჰყავთ) აქვს კომპიუტერი. უნდა ნახოთ ამ ბავშვების თვალები და ინტელექტის დონე! ეს ბავშვები ბევრს მიაღწევენ ცხოვრებაში.

ძალიან ბევრ ღარიბ ოჯახშიც არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც კომპიუტერი აქვთ და  პირველი კლასიდანვე სწავლობენ ინგლისურს. აიღებენ შემდეგ ვაუჩერს ან სხვა საშუალება გამოჩნდება და მას აღარასდროს აღარ მოუნდება სიღარიბეში დაბრუნება. ასეთი ბავშვი არასდროს არ ჩამოუშვებს ხელს, რადგან უკვე სხვა რამ აქვს ნანახი.

ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა შევქმნათ, უპირველესად კი, თქვენ, რადგან ცოდნა და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იქმნება აქ, ამ ტერიტორიაზე.

დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომისმინეთ.

ასე რომ, წინ დიდი პერსპექტივაც გაქვთ და დავალებაც.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)