Google+

სიახლეები

27.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი ადგიგენში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი ადიგენის რაიონში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო მრავალთვიანი წინასწარგანზრახული პროვოკაცია. მან მოუწოდა მთვრობას, ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი რამის გაკეთება და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა დამკვიდრდეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ უკანონობას, რომელიც ქართველი მუსლიმების მიმართ ჩაიდინეს და რომელმაც ბევრი ქართველი მართლმადიდებელი აღაშფოთა. რაც მოხდა ადიგენში, წინასწარგანზრახული, ძალიან ცუდი შინაარსის პროვოკაცია იყო, რომელიც, საბოლოოდ,  აპირისპირებს ქართველს ქართველთან და ეს არის მრავალთვიანი ტენდენციის გაგრძელება. ის, რომ წინა მთავრობის დროს ასე არ ხდებოდა, შიშის ბრალი არ ყოფილა. ეს იყო იმის გამო, რომ ჩვენ ყველანი მუდმივად ვიმეორებდით - საქართველოში ყველა თანასწორია, საქართველო ეკუთვნის ყველას!

მოვუწოდებ მთავრობას, შეწყვიტოს შურისძიების ენით  ლაპარაკი; მოვუწოდებ ყველას, რომ ერთმანეთთან ვიმუშაოთ სამოქალაქო მშვიდობის მისაღწევად. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი რთული გეოპოლიტიკის გათვალისიწინებით, როდესაც მეზობლები გვყავს თურქეთი, აზერბაიჯანი, სხვა ქვეყნები და ეს მათთანაც გვიქმნის პრობლემებს. პრაქტიკულად, მხოლოდ ერთი მეზობლის, ჩვენი დამპყრობლის, რუსეთის პირისპირ ვრჩებით, ასეთი პროვოკაციების შედეგად კი დაუცველი ვხდებით. მინდა მთავრობას მოვუწოდო, რომ ჩამოაყალიბოს მწყობრი პოლიტიკა და გამოხატოს პოზიცია,  რათა მომავალში ვერავინ შეძლოს ასეთი რამის გაკეთება. მუსლიმებისთვის მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც მართლმადიდებლებისთვის და, საერთოდ, ქრისტიანებისთვის, ეკლესიიდან ჯვრის მოხსნა. ამას აქვს თავისი შედეგები.

აქ, მეჩეთის წინ სწორედ იმის გამო მოვედი, რომ მე, როგორც მართლმადიდებელმა, გამოვხატო სრული პატივისცემა ჩვენი მუსლიმი სისხლის და ხორცის მიმართ. დავით აღმაშენებლის ტრადიციაა საქართველოში ის, რომ ქვეყნის მმართველები, პოლიტიკოსები, ყველა აღმსარებლობას ერთნაირად სცემდნენ პატივს. საქართველოში რამდენიმე ასეული ათასი მუსლიმია, მსოფლიოში კი - რამდენიმე მილიონი მუსლიმი ქართველი და არავის არ აქვს უფლება რაიმე სახის შუღლი ჩამოაგდოს მათსა და დანარჩენ ქართველებს შორის.

მინდა ასევე გამოვეხმაურო ადიგენის გამგებლის დაკავებას დღეს, 2009 წლის რაღაც დაღვევის ბრალდებით. მინდა ვუთხრა მთავრობას, ნუ ჩაიგდებს თავს ასეთ უხერხულ სიტუაციაში. დღეს, როცა იქ ასეთი სამოქალაქო დაძაბულობის კერაა, რას ნიშნავს გამგებელის დაკავება რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მან, ჩემი ინფორმაციით, უარი თქვა უკანონო ბრძანების შესრულებაზე - მინარეთის დაშლაზე, 2009 წელს თუ გასულ წლებში რაღაც სამსახურებრივი გადაცდენის ბრალდებით? ეს არის არა მხოლოდ ძალიან უხერხული ვითრება, არამედ დიდი უპატივცემულობა ქართული საზოგადოების მიმართ. ვფიქრობ, კანონიერება უნდა აღდგეს - ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული. იმას, რაც მოხდა, ადგილზე ბევრი მართლმადიდებელი და სხვა აღმსარებლობის ხალხი დიდი აღშფოთებით შეხვდა. ყველამ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და სამოქალაქო უფლებები“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)