საქართველოს პრეზიდენტმა ბობოყვათის რეზიდენციაში მედიის შეკითხვებს უპასუხა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ აშშ-ში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ქვეყნის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ვფიქრობ, ალასანიას რომ არ ეთქვა, რომ ჩემმა მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა, ეს შეგეძლოთ თუნდაც გარეთ გენახათ და ხალხისთვის გეკითხათ. ყველა გეტყვით, რომ ჩვენმა მთავრობამ გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე როდესმე გაკეთებულა საქართველოში. კარგია, თუ თავდაცვის მინისტრიც ამას აღნიშნავს და აღიარებს. იმედია, ამ განცხადების შემდეგ ჩვეულებისამებრ არ მოაყოლებს, რომ კონტექსტიდან იყო რამე ამოგლეჯილი, ამ განცხადების გასანეიტრალებლად. თავისთავად, მიმაჩნია, რომ დღევანდელ მთავრობაში ის არის ყველაზე ადეკვატური მინისტრიც და მთავრობის წევრიც - ეს ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, გარშემო ხალხი ზუსტად იგივენაირად ფიქრობს. მისი ეს განცხადება კი, ამას მხოლოდ ადასტურებს... ჩემი და ობამას გასული წლის იანვრის შეთანხმებით, წინა ზაფხულს ჩამოვიდა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც ჩვენი საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის სისტემებზე მუშაობს. ჩვენი მომზადება უკვე სამშვიდობო მისიისთვის კი არა, იმისთვის ხდება, რომ ჩვენი მიწის დაცვა შეგვეძლოს; შევძლოთ კარგი საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო თავდაცვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა უკვე შეადგინეს დასკვნა და ერთი წლის წინათ დაიწყეს ამაზე მუშაობა. როგორც მოგახსენეთ, ეს შარშანდელი იანვრის შეთანხმებაა. ამ მოხსენებების წინასწარი შედეგები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა ვიწყებთ მუშაობას შემდეგზე: ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვიმუშაოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე. ჩვენ აუცილებლად უნდა წამოვიღოთ სათანდო ტექნიკა ამერიკიდან, აუცილებლად უნდა შევისყიდოთ თავდაცვისთვის აუცილებელი ტექნიკა, რათა ჰაერი და ხმელეთი გადავფაროთ და ზღვიდან ვიყოთ დაცული. რა თქმა უნდა, ეს აამაღლებს საქართველოს თავდაცვის ხარისხს. კარგია, რომ ამ პროგრამაზე თავდაცვის მინისტრი მუშაობის გაგრძელებას აპირებს, რადგან, ამას წინათ, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს არ ჭირდება ახალი იარაღის ყიდვა. ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ სჭირდება. პრაქტიკულად, ჩვენ გადაუფარავი გვაქვს ცაც და ხმელეთიც. არ გვაქვს სათანადო ანტისატანკო მოწყობილობები. ასევე, პრაქტიკულად, გადაუფარავი გვაქვს ზღვა. ბევრი მოსამზადებელი სამუშაო შესრულდა, მაგრამ გასაკეთებელი ბევრად მეტია. ასე რომ, ეს არის მხოლოდ რეალობის აღიარება და იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჩვენი პროექტები უნდა გაგრძელდეს და ეს კარგია, მაგრამ ჯერჯერობით მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი არც ერთი პროექტი არ გაგრძელდეს. თუმცა უდავოდ კარგია ის, რომ ამ მთავრობაშიც არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან ბევრი კარგი რამ გაკეთდა; ეს არ უნდა გაჩერდეს; ეს უნდა გაგრძელდეს, რასაც ხალხიც ფიქრობს. იგივე შეეხება თავდაცვის სფეროსაც“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც გაამახვილა. მისი თქმით, მთავარია, ხალხი ენდობოდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
„საერთოდ არ ვიცნობ თამარ ჟვანიას. მე შევთავაზე კოჟორიძეს, ლომჯარიას და გიგაურს. ისინი მუდმივად გვაკრიტიკებენ, ხშირად ძალიან უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ პირადად მეც, მაგრამ მიმაჩნია, რომ სამივე გულწრფელი, გულანთებული, ნორმალური ადამიანია. იმის გამო, რომ მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ, ისინი არ უნდა დაიჩაგრონ. ამიტომ შევთავაზე მათ. ძალიან მესიმპატიურება ეს ხალხი, მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის მხოლოდ კარგი სურთ, ძირითადად, ტელევიზიით ვიცნობ, მაგრამ თუ თავად არ მოინდომეს და ისეთი კანდიდატურა წარმოადგინეს და დაასახელეს, ვისაც არ ვიცნობ, ალბათ, მათ მსჯელობას უნდა ვენდო. გარკვეული პროცედურები იქნება დასაცველი, მაგრამ ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოება ენდობოდეს ამ საარჩევნო კომისიას. ასე რომ, რაც უფრო ნეიტრალური, რაც უფრო გონებაგახსნილი და ყველას მიმართ კრიტიკული, თუნდაც, ზოგჯერ, ზედმეტად კრიტიკული ადამიანი იქნება თავმჯდომარე, ამას მხოლოდ მივესალმები. ეს იყო ჩემი პრინციპული პოზიცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჟურნალისტები გამგებლებთან დაკავშირებული საკადრო ცვლილებებითაც დაინტერესდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ნეპოტიზმის თვალსაზრისით შექმნილ პრობლემებს შეეხო.
„მთავარი პრობლემა საქართველოში არის ნეპოტიზმი. ეს უნდა დამთავრდეს. კომპეტენტური, ახლებურად მოაზროვნე, ნორმალური ადამიანები უნდა დასაქმდნენ. ეს ჩემი ოცნებაა და ასეთებს ვეძებდი ყოველთვის. იმედია, ასეთს კიდევ ბევრს მოვძებნით მომავალში და მოძებნის ახალი მთავრობაც. კოალიცია შედგება სხვადასხვა პარტიებისგან, რომელთაგან ზოგი ერთს ექაჩება, ზოგი - მეორეს, ერთმანეთზე ეჭვიანობენ... ვიდრე ამბობენ „ ეს ჩემი კაცია“, „ის იმის კაცია“, „ეს დიდი ხანია ჩემთან არის“ და დაჯგუფებებს ქმნიან, ამასობაში დრო იკარგება. ნეპოტიზმი გახდა მთავარი თემა და თუ ვინმე პატრონი არ გყავს, სამსახურს ვერ შოულობ. ეს შეეხება არა მხოლოდ გამგებლებს, არამედ რიგითი კარისკაცით დაწყებული, მინისტრებით, მინისტრის მოადგილეებით დამთავრებული. ეს შეეხება არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ხშირ შემთხვევაში, კერძო სექტორსაც. ისე ხშირად იცვლება ყველაფერი, უკვე ანგარიშიც ამერია. ნეტავ უკეთესობისკენ იცვლებოდეს. თუ ერთი ნეპოტისტური ჯგუფი მეორეს მოუგებს და პოზიციას გამოგლეჯს, ამით ხალხს რა შეხვდება? ეს რესურსი ხალხს ძალიან ცოტა აქვს და თუ პარტიებმა ხალხი დანიშნა „ჩვენია“, „იმისია“ ნიშნით, მაშინ მთელი რესურსი განადგურდება და ხალხს არაფერი დარჩება. ეს არის მთავარი პრობლემა. არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცის კერძო, კლანური და ნეპოტისტური ინტერესებით იმართებოდეს თუნდაც ადგილობრივი მმართველობის რომელიმე რგოლი“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.