Google+

სიახლეები

20.08.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

მოგესალმებით ყველას.

მინდოდა უფრო დეტალურად მესაუბრა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც გუშინ, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით მივიღეთ.

ნასამართლევი პირების აბსოლუტურ უმრავლესობას, იმ ხალხის გარდა, ვინც ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - ეს არის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობა და რამდენიმე სხვა კატეგორიის დანაშაული, მოვუხსნათ ნასამართლობა და პირობითი სასჯელი.

ამას არავითარი კავშირი არ აქვს იმ ფართომასშტაბიან ამინისტიასთან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაუშვა.

მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამინისტიის ასე ხელაღებით განხორციელებას - ძალიან ბევრი მძიმე დამნაშავე გამოვიდა გარეთ.

ამავე დროს, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ციხეში უფრო მეტი პატიმარი გვყავდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო.

სწორედ ამიტომ ჩვენ დავიწყეთ გარკვეული ღონისძიებების განხორციელება - უნდა  დაგვეწყო ციხეების დაცლა და შემოგვეღო ალტერნატიული სასჯელები, გაგვეფართოებინა პრობაცია, შეგვექმნა ღია ტიპის საპატიმრო დაწესებულებები და სხვა. ეს არის ერთი საკითხი.

ციხეების დაცლა, ზოგადად, ნაწილობრივ, საჭიროც იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დაწესებულებების დაცლამ ისეთი მეთოდით, როგორც ეს გააკეთა საქართველოს ახალმა მთავრობამ და არა მხოლოდ რომელიმე პარლამენტარმა, არამედ პირადად პრემიერ-მინისტრმა,  ძალიან მძიმე შედეგების გამოღება დაიწყო. ვშიშობ, ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა.

პრემიერის გადაწყვეტილება იყო პატიმართა ასეთი მასშტაბური გამოშვება.

ის, რასაც მე ვაკეთებ, ემსახურება სწორედ იმას, რომ ამინისტიის შედეგად მიღებული ზარალი შევამციროთ.

საქმე შეეხება ამ გამოშვებული ადამიანების დიდი ნაწილის რესოციალიზაციას, და უკან, რაღაც სახით დანაშაულის და უფრო სწორად თავიდან აცილებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო პოზიტიურ ჩართვას.

დღეს, ნასამართლობა ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს - საჯარო სამსახურში თუ კერძო სექტორში დასაქმებას, სხვადასხვა საქმიანობის წარმოებას, მაგალითად, მართვის მოწმობებთან დაკავშირებული საქმიანობას.  

იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა ისედაც ძალიან რთულ ვითარებაშია და უმუშევრობა მკვეთრად იზრდება, გარეთ გამოვიდა ხალხი, რომელთაც ერთადერთი გზა დაუტოვეს - ხელახლა ჩაიდინონ დანაშაული და დაბრუნდნენ ციხეში.

ამიტომ, ის, რასაც მე ვაკეთებ არის ამ ხალხის რესოციალიზაცია. ამ ხალხისთვის ეს არის შანსი, აღარ დაუბრუნდნენ დანაშაულებრივ ცხოვრებას.

ამიტომ, ვფიქრობ, აქ ზოგად-ჰუმანურ მოსაზრებებთან ერთად, არის ძალიან პრაგმატული მოსაზრება. არის რამდენიმე ათასი, შეიძლება, ათეულობით ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც ირიბი ფორმით დღეს ხელოვნურად არის შეზღუდული, თანაც იმ პირობებში, როდესაც ეს ხალხი არის გარეთ.

თუ ისინი წარმოადგენენ დანაშაულის საფრთხეს, ეს საფრთხე უკვე დამდგარია, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი შეიცავენ დანაშაულის რეციდივის მაღალ რისკს, უნდა მივცეთ საშუალება, მოხდეს მათი რესოციალიზაცია - მიეცეთ დასაქმების საშუალება და ჩაერთონ ეკონომიკურ ბრუნვაში, რათა არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდნენ საპატიმროებში.

არ მგონია, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ, რაღაც პანაცეაა. არც იმის ილუზია მაქვს, რომ ყველას გადავარჩენთ ახალი დანაშაული ჩადენისგან.

ალბათ გარკვეული ნაწილი იქნება ასეთი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცადოთ მაინც და მივცეთ მათ ეს საშუალება.

ეს არის ის, რაზეც ბევრი ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ.

მნიშვნელოვანია, რომ აქ რიგები არ დადგეს, რადგან ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ყველას შეუძლია ინფორმაციის მიღება; ზოგჯერ ტელეფონი დაკავებულია - მხოლოდ ორი ხაზია და დასარეკად, შესაძლოა, დრო დაგჭირდეთ. არ არის აუცილებელი, რომ განცხადება ყველამ დღესვე შემოიტანოს, ან ყველამ დღესვე დარეკოს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხალხი ისედაც გარეთ არის და ისეთი გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, რომ ყველაფერი ორ-სამ დღეში გატარდეს და რიგები წარმოიქმნას.

არც ამ ხალხს უნდა შეექმნას უხერხულობა და არც მათ, ვისაც ამ ამ დოკუმენტების დამუშავება ევალება.

ძირითადად, ეს არის ის, რაც შეეხება შეწყალების ამ ინდივიდუალურ აქტებს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)