Google+

სიახლეები

13.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ოზურგეთში მოსახლეობას მიმართა 

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქრისტიანული დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება - ყველანი ქრისტიანები ვართ და სახლში ბევრი საქმე გვაქვს, ცხოვრება წინ მიდის და დასაკარგი დრო არ გვაქვს.

რომელი დღესასწაულიც არ უნდა იყოს, დღევანდელის მსგავსად, კარგი ამინდი იქნება თუ ცუდი, გამუდმებით უნდა ვიმუშაოთ - ძალიან ბევრი რამ გვაქვს ასაშენებელი და გასაკეთებელი.  

რაც ყოველთვის მინდოდა და ყველაზე ხშირად ვფიქრობდი ისაა, რომ გურიაშიც „ამოგვექოქა“ მშენებლობა ისე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში.

ყველგან რაღაც დაიწყო - ბათუმში, ქუთაისში, კახეთში, თბილისში შენდება ბევრი რამ და მინდა გურიაშიც გამოსწორდეს მდგომარეობა.

აქ, დაახლოებით, 3 თვის წინათ საავადმყოფოს გახსნის მიზნით ჩამოვედი და მაშინაც დაგპირდით, რომ ყველაფერი გაკეთდებოდა.

ახლა მსურს ანგარიშით წარვსდგე თქვენ წინაშე.

ჯერ ერთი, იხსნება იუსტიციის სახლი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ცნობებისა და საბუთების ასაღებად, შორს წასვლა აღარ დაგჭირდებათ, შესაბამისად, არც სამარშუტო ტაქსითა და ავტობუსებით სიარული მოგიწევთ, არც უამრავი ფულის ხარჯვა ტრანსპორტში და არც სხვაგან დარჩენა.

უკვე საავადმყოფოც გაქვთ აქ და არც სამკურნალოდ გჭირდებათ სადმე წასვლა, ნათესავებთან დარჩენა და სამადლოდ ღამის თენება.  

თქვენ ხედავთ, რომ უკვე ვაწესრიგებთ ოზურგეთის ცენტრს და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე - ყველა გზას გავაკეთებთ ისე, როგორც ლიხაურისა და სხვა გზები კეთდება გურიაში.

თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარია არა ის, რომ ფასადები შევაკეთოთ ან, თუნდაც, ასეთი შენობები, არამედ ის, რომ ხალხი დასაქმდეს.

ამიტომ, უპირველესად, იმისათვის, რომ ხალხი მოვამზადოთ, დღეს ვხსნი ტექნიკურ სასწავლებელს „ჰორიზონტი“, სადაც ყველა ასაკის ადამიანი შეძლებს თანამედროვე პროფესიის ათვისებას.

ეს ძალზე საჭიროა იმისთვის, რომ ხალხი აღარ ტოვებდეს მშობლიურ სახლ-კარს და სამუშოს საძებნელად სხვა ქალაქებში არ მიდიოდეს.

ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს პროფესია და აქვე უნდა ჰქონდეს ამ პროფესიის გამოყენების საშუალება.

რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ სამართლიანი გამოცდების პირობებში, მისმა ორმა შვილმა რამდენიმე წლის წინათ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა ენერგეტიკის განხრით, ახლა კი საკუთარ კუთხეში ელოდებიან დასაქმების შესაძლებლობას.

მართლაც,  უახლოეს კვირებში აქ იწყება ბახვიჰესისა და რამდენიმე სხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რისთვისაც ყველა კვალიფიციური სპეციალისტი დაგვჭირდება - როგორც ენერგეტიკოსები, ისე მშენებლები, მძღოლები...

იქ შეიძლება ყველა ადამიანმა იმუშაოს, რათა გაუჩნდეს შემოსავლის წყარო.

ურეკში ჩვენ უკვე დავიწყეთ სანაპირო ზოლის მოწესრიგება, რომელიც არაფრით არ უნდა ჩამოუვარდებოდეს ბათუმისა და ანაკლიის სანაპიროს. ამასაც ყველანი ერთად ვაკეთებთ.

ასევე, სათანადოდ უნდა მივხედოთ ბახმაროს.

ბახმარო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია საქართველოს მთის კურორტებს შორის.

წელს ზაფხულში ბახმარო იქნება ისეთი, როგორიც არასდროს არ ყოფილა.

წელსვე ბახმაროში ვიწყებთ ზამთრის კურორტის მშენებლობას, რათა აქ ზაფხულშიც და ზამთარშიც ჩამოდიოდეს ხალხი.

ასევე, ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ კულტურულ და სპორტულ დაწესებულებას.

ამ რამდენიმე კვირის წინათ გამოვყავით ფული და იწყება ჩვენი სიამაყის, ლანჩხუთის სტადიონის აღდგენა. ჩვენ გვინდა, რომ მას ძველი ბრწყინვალება დავუბრუნოთ.

ასე რომ, გურიაში ის უიმედო ვითარება აღარ არის, როგორიც ადრე იყო.

ახლა რეალურად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ აქ დაწყებული სამუშაოების შედეგად, გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებული რეგიონი გახდეს.  

ეს არის ჩემი ვალი თქვენ წინაშე.

აქაურობა ზედმეტად დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული ბევრი ფაქტორის გამო - ხან არეულობა იყო თბილისში, ხან ომი და უბედურება, ხანაც კრიზისი იყო და საკმარისი ფული არ გვქონდა.

ახლა მივხვდით, რომ რა დაბრკოლებებიც არ უნდა შექმნან, გურია ჩვენთვის, მთავრობისთვის არის უპირველეს ყოვლისა!

გურია  ბოლომდე უნდა ავაღორძინოთ!  

მე თქვენ მიყვარხართ.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)