Google+

სიახლეები

30.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში „ჯეოკაპიტალის“ ცენტრალური ფილიალის გახსნაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა


უპირველესად, მინდა ყველას მოგესალმოთ.

ქუთაისი არ არის მარტო შენობები, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ლამაზი ნაგებობები აშენდა.

ქუთაისი არ არის მარტო პარლამენტი, თუმცა პარლამენტი ქუთაისისა და საქართველოსთვის ისევე როგორც კონტროლის პალატა და მთავრობის სახლი, გადამწყვეტია.

ქუთაისი არ არის თუნდაც მისი შემოგარენი, წყალტუბოს თუ სხვა ადგილების განვითარება.

ყოველივე ამის მთავარი მიზანია ამ ქალაქში დასაქმებული, ბედნიერი ოჯახები და წარმატებული ადამიანები ცხოვრობდნენ.   

ამიტომ ის, რაც დღეს იხსნება, ლოგიკური გაგრძელებაა იმისა, რის გაკეთებასაც ვგეგმავდით - პარლამენტი, შენობები, შადრევნები, თეატრები ძალიან კარგია, მაგრამ დღეს ვხსნით  ობიექტს, რომელიც ბიზნესების მიკროდაფინანსებას უზრუნველყოფს.

მცირე კრედიტები დაბალი პროცენტით, ნიშნავს იმას, რომ ხალხი გააკეთებს პატარა საწარმოებს, რაც უკვე ფინანსდება კიდეც აქ - ორცხობილას პატარა ფაბრიკა, პატარა საიუველირო ფაბრიკა, ფეხსაცმლის წარმოება...

ჩვენ როგორც მთავრობას, შეგვიძლია შევქმნათ და შევქმენით კიდეც ისეთი გარემო, სადაც ასეთი მიკროსაფინანსო ცენტრების გახსნაა შესაძლებელი.

საქართველოში არ არის კორუფცია, ბიზნესის დარეგისტრირება და წარმოება შესაძლებელია გართულებული ბიუროკრატიის გარეშე.

ასეთი ტიპის ორგანიზაციას, უპირველესად, სწორედ გამარტივებული პირობები სჭირდება.

იუსტიციის სახლი, რომელიც ქუთაისში უკვე გაიხსნა და ასევე სხვა დაწესებულებები, იმისთვის შეიქმნა, რომ პირობები გაამარტივოს და შესაძლებელი გახადოს მსგავსი საფინანსო ცენტრების წარმოება.

მეორე - ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ქართველი უნდა იყოს პოტენციური მეწარმე და წარმოების დასაწყებად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მსგავსი კრედიტების გაცემა.

ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიწყოს ბიზნესი, რათა ჩვენმა ოჯახებმა, ჩვენმა შვილებმა ბედნიერად იცხოვრონ.

მესამე არის ის, რომ შევასრულოთ მთავრობის ფუნქცია და ყოველივე ეს ერთ ჩარჩოში შევკრათ.

ჩემო ძვირფასო ქუთისელებო და თანამოქალაქენო, ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ შენობაც, მაგრამ შენობის შევსება, მისთვის შინაარსის მიცემა და მისი ფასადის მიღმა სიცოცხლის დაწყება, თითოეული თქვენგანის  უფლებაც არის და ამოცანაც. ასეთი დაწესებულება კი ამ მიზნის მიღწევას უწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვერ გავაკეთებთ და მოგატყუებთ ის, ვინც გეტყვით, რომ ეს შესაძლებელია - ყველაფერს ვერც ერთი მთავრობა ვერ გააკეთებს, მაგრამ მთავრობას შეუძლია მოახერხოს ის, რაც ჩვენ შევძელით - მოსპოს კორუფცია, გაამარტივოს პირობები და  შექმნას საქმის თავისუფლად კეთების საშუალება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი შვილებისთვის.

ამიტომ, მივესალმები ამ დიდ ინიციატივას.

ეს ამერიკული ინვესტიციაა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი   მომავალი მსგავს ინვესტიციებზე დგას.

ეს პატარა ორგანიზაციაა და პატარ-პატარა კრედიტებს გასცემს, მაგრამ ეს, შეიძლება, იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ ქალაქში და, ზოგადად, საქართველოში კეთდება ბოლო პერიოდის განმავლობაში.

მსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)