Google+

სიახლეები

30.04.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის პრემიერ-მინისტრი ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში მიიღო

მიხეილ სააკაშვილი ყვარელში დღეს ლიტვის პრემიერ-მინისტრს ანდრიუს კუბილიუსს არაფორმალურ გარემოში შეხვდა, რომელიც საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. ლიტვის პრემიერ-მინისტრს და მის მეუღლეს საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლეს. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს ქართული ტრადიციები გააცნო, ჭაჭის გამოხდისა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიაც პირადად აუხსნა და ქართული ღვინოც დააჭაშნიკებინა.  მიხეილ სააკაშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოსა და ლიტვას შორის მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.  

„ძალიან მიხარია, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლობელი ქვეყნის ლიტვის პრემიერ-მინისტრის აქ, ამ ჩემს ვენახში მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და ცნობილი ადამიანი ჩამომყავს აქ, რადგან ეს კახეთის და, ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ტრადიციული კავშირის გარდა, ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რადგან მომავალი წლის მეორე ნახევარში ლიტვა იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი. ერთი მხრივ, ეს ემთხვევა, ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს და ვვარაუდობ, რომ საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის უნდა დავამთავრო დაწყებული საქმე და საქართველომ უნდა გააფორმოს ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. რაც მთავარია, აუცილებლად, უნდა გავაფორმოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასევე უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება, ან მივუახლოვდეთ ამ ხელშეკრულების გაფორმებას. ლიტვაზე უფრო ახლობელი ქვეყანა ძალიან ცოტა გვყავს ევროპაში და ის, რომ ლიტვა იქნება ევროკავშირის თავჯდომარე, ბევრად გაამარტივებს ყოველივე ამას. ამიტომ, ვაპირებთ, რომ  ამ თემებზე ვილაპარკოთ. რა თქმა უნდა, დიდად ვემადლიერებით მას იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ლიტვისგან მთელი ამ წლების განმავლობაში ვიღებთ, მათ შორის, ევროკავშირის ფარგლებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ლიტვის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს გულთბილი დახვედრისთვის საქართველოს პრეზიდენტს სპეციალური საჩუქარიც გადასცა - საერთაშორისო მნიშვნელობის პირველი ოფიციალური ლიტვური დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს.

„ჩემთვის სასიამოვნოა და დიდი პატივია ასეთ ლამაზ ადგილას ჩამოსვლა და თქვენთან ერთად იმის გაზიარება, რომ ერთად ბევრს მივაღწიეთ. ჩვენი საქართველოში ვიზიტის მიზანი მარტივია. უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო სოლიდარობა თქვენი ქვეყნის მიმართ. ასევე მსურს გაჩვენოთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიოტორიულ მთლიანობას და ნატო-სა და ევროკავშირში მის გაწევრიანებას. მომავალ წელს ლიტვა იქნება ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანა და სწორედ ამ პერიოდში დასკვნით ეტაპზე გადავა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ბატონო პრეზიდენტო მინდა გადმოგცეთ მოკრძალებული საჩუქარი. აქ ქრონოლოგიურადაა გადმოცემული ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის ისტორია შუა საუკუნეების შემდეგ. ეს დოკუმენტი 1465 წლით არის დათარიღებული, ძველ სლავურ ენებზეა დაწერილი და საქართველოცაა ნახსენები“, - აღნიშნა მან.

ანდრიუს კუბილიუსი უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას ნიკა გილაურს და დაგეგმილი აქვს შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გროგოლ ვაშაძესთან.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)