საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თბილისსში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზე მივიდა, სადაც ახალი მაგისტრალიდან 204-მეტრიანი გვირაბი შენდება. მშენებლობის დეტალები მიხეილ სააკაშვილს თბილისის ვიცე-მერმა დავით ნინიძემ გააცნო. ქვეყნის პირველი პირი აქ დასაქმებულებსაც გაესაუბრა და ყურადღება ცენტრალური ქუჩების ტრანსპორტისგან განტვირთვის აუცილებლობაზე გაამახვილა. ბახტრიონის ქუჩასთან გაკეთდება შემაერთებელი კვანძი - ვერეს ხევის მაგისტრალიდან გვირაბამდე მისასვლელი გზა. გვირაბის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული.
„გვირაბის მშენებლობით განიტვირთება პეკინის, საბურთალოს, ბახტრიონის, ფანასკერტელის და სხვა მიმდებარე ქუჩები. 90-იან წლებში მერიაში საშინელი კორუფცია იყო. მშენებლობის ნებართვას ყველას აძლევდნენ და უამრავი მაღალსართულიანი შენობა აშენდა. მოსახლეობა გაიზარდა, ინფრასტრუქტურა კი ვერ ვითარდებოდა - ქუჩები დავიწროვდა და შედეგად, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით მივიღეთ საცობები. გზების განტვირთვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა თბილისის ცენტრში, პრაქტიკულად, შეუფერხებელი მოძრაობა იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შემდეგი ობიექტი, რომელიც ქვეყნის პირველმა პირმა მოინახულა გალაქტიონის ხიდთან მიმდინარე სამუშაოები იყო. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას აშენდება პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები. გზის ამ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშნები და სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად იმოძრავებენ. სამუშაოების დასრულების შემდეგ მარჯვენა სანაპიროზე დიღმიდან - ორთაჭალისკენ მიმავალი ნაკადი გამოიყენებს ახალ გვირაბს, ხოლო ორთაჭალიდან მარჯანიშვილის ან ელბაქიძის ქუჩისკენ მიმავალი ნაკადი გვირაბზე გადასასვლელი ახალი პანდუსით ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება.
„ხიდის მშენებლობით, მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა, პრაქტიკულად, შუქნიშნების გარეშე გახდება შესაძლებელი. რკინიგზისა და დიდი ტრასის მშენებლობის შემდეგ, მარცხენა სანაპიროც განიმუხტება. მიმდინარეობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მოდერნიზაცია, მარცხენა მხარეს კი ახალ სანაპიროს ვქმნით თანამედროვე ესტაკადებითა და ავტობანებით. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მინიმუმ 5-7 წლის განმავლობაში თბილისში საცობები აღარ იქნება. შემდეგ კიდევ ერთი ესტაკადა დაემატება. სულ შვიდ სართულამდე ავალთ. საბოლოოდ, ტოკიოს დავემსგავსებით. სულ მწვანე შუქზე უნდა ვიაროთ,“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
გალაკტიონის ხიდიდან საქართველოს პრეზიდენტმა ყოფილი დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც ახალი აგრარული ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს. ორსართულიანი საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტის მშენებლობა შემოდგომით დასრულდება. აქვე იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, სადაც თითოეული პროდუქტი სათანადოდ შემოწმდება. ასევე მოეწყობა 200 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პირადად გაესაუბრა.
„ამ ტერიტორიაზე საშინელი სიბინძურე და ხმაური იყო. სწორედ ეს გახდა გარე მოვაჭრეების გაყვანის ერთ-ერთი მიზეზი 2008 წელს. მესმის, რომ აქ გაჭირვებული ხალხი იდგა, მაგრამ იმ ხალხსაც ძალიან უჭირდა, ვინც გარშემო ცხოვრობს. ახლა აქ ღია ბაზარი მოეწყობა - იქნება ორი ზონა, როგორც საცალო, ისე საბითუმო ვაჭრობისთვის და სუფთა და მოწესრიგებული იქნება. ის, დაახლოებით, ათასამდე მოვაჭრეზეა გათვლილი და ხალხი შეძლებს სოფლიდან ჩამოტანილი პროდუქციის გაყიდვას. საქართველოში ცივილიზებული, ევროპული ტიპის ბაზარი შენდება“, -აღნიშნა მან.
თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობაზე მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ვაშაძესთან და თბილისის ვიცე-მერთად დავით ნინიძესთან ერთად მივიდა. საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე სამუშაოების დეტალებით დაინტერესდა და მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა. 4-სართულიანი შენობის საერთო ფართი 32 ათასი კვადრატული მეტრია. თბილისის იუსტიციის სახლში მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისებით ისარგებლონ, მოსახლეობა ასევე შეძლებს სახელმწიფო სერვისები ავტომობილიდან გადაუსვლელად Just Drive - ის მეშვეობით მიიღოს. ამას გარდა, სიახლე იქნება Just Cafe, რომელშიც ორმაგ მომსახურებას შესთავაზებენ მომხმარებელს - ფინჯან ყავასთან ერთად, მას შეეძლება განაცხადის შევსება მისთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, რაშიც იქვე მყოფი ოპერატორი დაეხმარება.
„ეს მომსახურების ცენტრი საქართველოში ყველაზე გრანდიოზული და საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა და სამთავრობო შენობა იქნება, რომელიც ხალხს ცხოვრებას გაუმარტივებს. იუსტიციის სახლი დიდი უნივერმაღის მსგავსი იქნება, იმ განსხვავებით, რომ აქ მთავრობა მოემსახურება ხალხს და თავის უშუალო ფუნქციას შეასრულებს. მსგავსი რამ მსოფლიოში არსად არ არის. აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოვა ხალხი. მხოლოდ გასულ კვირას შვიდი დელეგაცია მივიღეთ მონღოლეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ეს ხალხი აქ იმისთვის ჩამოდის, რომ შეისწავლონ ჩვენი რეფორმები. იმის გარდა, რომ ეს შენობა ძალიან საინტერესოა არქიტექტურული თვალსაზრისით, არის სიმბოლო იმ ისტორიული მშენებლობისა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაათვალიერა, რიყის პარკის განაშენიანების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის მუსიკალური თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა იყო, რომლის არქიტექტურაც ცნობილ იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის. უკვე დასრულებულია შენობის ფუნდამენტისა და მიწისქვეშა სივრცის მშენებლობა. ამჟამად, მიმდინარეობს მიწისზედა კონსტრუქციის მშენებლობა, რომლის პარალელურად გარე არქიტექტურული ელემენტების სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდება. მიხეილ სააკაშვილი მშენებარე თეატრის შესახებ ინფორმაციას გაეცნო და აღნიშნა, რომ არქიტექტურული თვალსაზრისით ეს შენობა მსოფლიოში გამორჩეული იქნება.
„მე, როგორც თბილისელი, ძალიან ვამაყობ ამით. ის, რაც ახლა კეთდება, შემდეგი ასწლეულების განმავლობაში იქნება ქართული კულტურის სავიზიტო ბარათი. ამას მიანიშნებს ტურისტების რაოდენობის ზრდაც და უცხოელების აღტაცებაც“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან რიყის პარკის კეთილმოწყობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი საჯარო სივრცე უნდა იყოს, სადაც ხალხი ყოველგვარი გადასახადის გარეშე შეძლებს დასვენებასა და გართობას. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ხალხის დასაქმებაზეც გაამახვილა და ტურიზმის განვითრებასა და ეკონომიკურ სარგებელზეც ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი რიყის პარკიდან ნარიყალას ციხის მიმართულებით ახლადდამონტაჟებული საბაგირო გზის პირველი მგზავრიც იყო. ახალი გონდოლათი მან უმცროსს ვაჟთან ნიკოლოზთან ერთად იმგზავრა. ქვეყნის პირველმა პირმა თბილისში და, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და განაცხადა, რომ იმდენი, რამდენიც ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში კეთდება, ქვეყნის განვითრების არც ერთ ეპოქაში არ გაკეთებულა.
„გვქონდა განვითარების რამდენიმე ეტაპი ერთი იყო 19 საუკუნეში, რომელიც ვორონცოვმა დაიწყო და რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში კეთდებოდა რუსთაველის პროსპექტი, პლეხანოვი... ევროპიზაციის პერიოდი სწორედ გრაფ ვორონცოვის სახელს უკავშირდება. მეორე დიდი ეტაპი იყო მე-20 საუკუნეში, როდესაც ლავრენტი ბერიამ გააკეთა სანაპიროები, ააშენა სტალინისტური შენობები და მეტრო - მან მოაწერინა ხელი სტალინს. საერთოდ, ქალაქის კეთილმოწყობა ფასდება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, ახალი კომუნიკაციების საშუალებით, ახალი კვარტლებით, მათ შორის გამწვანებით, რასაც ამჟამად ვაკეთდებთ. მთელი საქართველოს მასშტაბით ვაწყობთ პარკებს, მაგალითად, თბილისში ახალია რიყის პარკი, „მზიური“ კეთდება სრულიად ახლებურად და საუკეთესო იქნება. კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ ვიღებთ ახალ ტრანსპორტს - განახლდა მეტროს მშენებლობა, ორთაჭალიდან მოყოლებული მთელ ცენტრში კეთდება ფრანგული ტრამვაი, ასევე საბაგიროებიც... ასევე კეთდება ახალი კვარტლები და ყველა ქალაქში ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლურ შენობებს. აი, ეს რიყის თეატრიც მსოფლიო მაშტაბის Landmark-ია. ეს ხიდიც ყველა კატალოგშია შესული და ბევრ სტატიაშია მოხსენიებული აღტაცების ობიექტად. უამრავი სხვა ნაგებობა შენდება - ახალი სასტუმროები და სხვა. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რეალურად ვიღებთ ახალ ეპოქას, მაგრამ არც ერთ ეპოქაში საქართველოსა და თბილისის ისტორიის ასე მოკლე პერიოდში თბილისში ასე სწრაფად ამდენი რამ არ აშენებულა. ამიტომ, ჩემთვის როგორც თბილისელისთვის ეს არის წარმოუდგენელი რამ. მიხარია, რომ ჩვენი აღმშენებლობის პროცესში სულ უფრო მეტმა ქართველმა არქიტექტორმა იჩინა თავი, ჩვენი მშენებლები მუშაობენ ობიექტებზე, მაგრამ საკმარისი სპეციალისტები არ გვყავს. ახალი ტექნიკური სასწავლებლები აღზრდის კვალიფიციურ სპეციალისტებს და კიდევ უფრო მეტს დავასაქმებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საბაგირო სადგურებისა და ხაზის მშენებლობა 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის მაისის დამლევს შევა. რიყის პარკიდან მსურველები ნარიყალას ციხის ტურისტულ ბილიკსა და ბოტანიკურ ბაღში საბაგიროს მეშვეობით 3 წუთში ავლენ. საბაგირო ხაზის სიგრძე 500 მეტრია, რომელზეც 7 გონდოლა იქნება განლაგებული.