Google+

სიახლეები

29.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა

რიგაში დღეს საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და საერთო ევროპული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლატვია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და მისი გამოცდილების გაზიარება ქვეყნისთვის   ძალზე მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, ანდრის ბერზინშმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ქვეყანას სრული თანადგომა  გამოუცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მისწრაფება გახდეს ნატო-ს წევრი  აბსოლუტურად რეალისტურია“, - ანდრის ბერზინშმა ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილთან  შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარაკების დასრულებისთანავე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თნამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

სასახლეში გამართული შეხვედრა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა - ლატვიის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო, სამი ვარსკვლავის ორდენი გადასცა.

მოგვიანებით, ორი ქვეყნის ლიდერებმა მედიის წარმომადგენლებთან ოფიციალური განცხადებები გააკეთეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პროგრესზე გაამახვილა, ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციის შესახებ ისაუბრა და ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკების მნიშვნელობასაც შეეხო.

რიგის სასახლეში პრეზიდენტების ხელმძღვანელობით ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგა, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და ინფრასტრუქტურული და კულტურული პროექტების ერთობლივად განხორციელების პერსპექტივა განიხილეს.  

დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა შეხვედრები ლატვიის სეიმში გამართა.  მიხეილ სააკაშვილი      სეიმის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას შეხვდა. დღის ბოლოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას ლატვიურ ენაზეც მიმართა.

მიხეილ სააკაშვილი ფორბსისა და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასაც დაესწრო, რომელზეც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები და ინვესტორები იყვნენ შეკრებილი. სტუმრების დაინტერესება, ძირითადად, საქართველოში განხორციელებულმა წარმატებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა გამოიწვია.

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქვეყნის პირველი პირი რიგაში ხვალ ლატვიის სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს და დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)