მოგესალმებით.
ჩვენ უკვე მეორედ ვხვდებით ერთმანეთს.
პირველად მეზღვაურთა საერთაშორისო დღე შარშან აღვნიშვნეთ.
ეს გამოხატავს ზუსტად იმ პრიორიტეტებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს.
მეზღვაურები ქართული საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
საქართველოს 18 ათასი მოქალაქე სერავს მსოფლიო ოკეანეებს.
ეს არის მძიმე, საპასუხისმგებლო, ხიფათით აღსავსე პროფესია და ამას სომალიდან დახსნილი ჩვენი მეზღვაურებიც დაადასტურებენ, თუმცა, ამავე დროს, ეს ძალიან ამაღლებული, რომანტიკული, საინტერესო, მეტად ინტელექტუალური და ძალზე შრომატევადი სამუშაოა.
საქართველოს აქვს დიდი ტრადიცია, ჩვენ ყოველთვის გვყავდა კარგი კაპიტნები.
ეს 18 ათასი ქართველი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მათ შორის, ამ ქალაქის აღორძინების თვალსაზრისითაც.
ჩვენ მართლაც ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ და ამას ყველაზე მეტად, ალბათ, მეზღვაურები ამჩნევენ.
21-ე საუკუნეში, მაგალითად, ელექტროენერგია არავის არ უკვირს, თუმცა, ვარდების რევოლუციამდეც 21–ე საუკუნეში ვცხოვრობდით და არც დენი გვქონდა, არც ბუნებრივი გაზი და არც წყალი ქვეყნის უმეტეს ადგილებში.
ჩვენ ეპოქაში ეს არის არა მხოლოდ დენი, გაზი და წყალი, რაც თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანია, არამედ ახალი ქალაქები და ახალი ინფრასტრუქტურა.
ბათუმი არის ახალი ქალაქი, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც ადრე იყო.
მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობის ტრადიციები, რომლებიც, განსაკუთრებით, მე-19 საუკუნის დამლევიდან და მე-20 საუკუნის დამდეგიდან მოსდევს.
ბათუმი არასოდეს აშენებულა ასეთი ტემპით ისტორიაში, როგორც შენდება ახლა და ეს მხოლოდ დასაწყისია.
უახლოეს სამ წელიწადში ბათუმი ორჯერ გაიზრდება და ეს იქნება ქალაქი, მინიმუმ, 300-ათასიანი მოსახლეობით.
2–3 წელიწადში ეს იქნება მსოფლიოს ყველაზე ღირსშესანიშნავი ადგილი. მე ძალიან ვამაყობ იმით, რაც აქ ხდება.
ჩვენ ყველანი ძალიან ვიამაყებთ, როდესაც ყველაფერი განვითარდება ფოთისა და მისი ინდუსტრიული ზონის ჩათვლით.
ფოთში ფართოვდება სიმძლავრეები, შენდება ახალი, უზარმაზარი საწარმოები, იწყება დიდი მშენებლობები და საბოლოოდ, საქართველოსთვის ფოთი იქნება არა მარტო მთავარი კარიბჭე, არამედ მისი ერთ–ერთი მთავარი ეკონომიკური სიძლიერის დასაყრდენი.
როგორც ვიცით, ფოთიდან არის ძალიან ბევრი ქართველი მეზღვაური.
ძალიან ბევრი ქართველი მეზღვაური არის ასევე აფხაზეთიდან და ვიდრე ოკუპანტი დატოვებს ამ ტერიტორიას, რაც გარდაუვალია და არც კი მეეჭვება, რომ ეს ასეც მოხდება, ჩვენ უნდა განვავითაროთ სხვა ადგილებიც.
აქედან გაჩნდა ლაზიკის დაარსების იდეაც.
მას, ვისაც ამ ქალაქის მშენებლობა დღეს სასაცილოდ არ ჰყოფნის, ზუსტად ასევე იყო განწყობილი ორი წლის წინათ ანაკლიის იდეის მიმართაც.
ყველას გეპატიჟებით, წადით და ნახეთ როგორ ვითარდება ანაკლია! მართლაც მსოფლიო კლასის კურორტი კეთდება.
ლაზიკა არ არის კურორტი - ის უნდა იყოს ეკონომიკური ცენტრი და საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო შესაბამისი ცვლილებები.
უკვე დაწყებულია პირველი მოსამზადებელი სამუშაოები და დარწმუნებული ვარ, ეს მშენებლობა მომავალ წელს, უახლოესი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი მასშტაბით გაიშლება.
მეზღვაურები ხშირად მწერენ წერილებს, მათ შორის, "ფეისბუქის" გვერდზეც.
ამასწინათ, ერთმა მეზღვაურმა მომწერა: ახალგაზრდობაში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდი, სულ შევნატროდი ამ ულამაზეს ქალაქებს, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქალაქიც ასეთი ლამაზი გახდებოდა. ახლა ჩემი ქალაქი მირჩევნია ყველას, რომლებიც მსოფლიო ოკეანეებსა და ზღვებზე ცურვისას მინახავსო.
რა თქმა უნდა, თქვენთან შედარებით, ნაკლებ პორტში ვყოფილვარ, მაგრამ ბევრი რამ მაქვს ნანახი და აქაურობა, მართლაც, ყველაფერს მირჩევნია. თანაც, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბათუმი ძალიან მიყვარს, არამედ იმიტომაც, რომ ეს ქალაქი სრულიად შეიცვალა.
ბათუმის ერთ–ერთი მთავარი დანიშნულება ის არის, რომ ის განათლების ცენტრი უნდა გახდეს.
თქვენ იცით, რომ სექტემბერში ჩვენ ვხსნით ბათუმის ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, უფრო სწორად რომ ვთქვათ, საქართველოს ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომლის კამპუსებიც, ძირითადად, იქნება ბათუმში და რა თქმა უნდა, თბილისშიც.
იქ რამდენიმე ათასი სტუდენტი ისწავლის...
თქვენ იცით, რომ ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა გახსნას თავისი უნივერსიტეტი ბათუმში. იქაც, იმედია, რამდენიმე ათასი სტუდენტი ისწავლის.
ახალგაზრდები აქ მთელი რეგიონიდან და ევროპიდან ჩამოვლენ და გახდება მეორე საერთაშორისო დიდი უნივესიტეტი. ანუ ბათუმში პირველი იქნება ამერიკული უნივერსიტეტი, ხოლო მეორე - ევროპული უნივერსიტეტი.
არის კიდევ ბათუმის არსებული უნივერსიტეტი, რომელსაც განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება, მაგრამ ამ პროფილის ყველაზე დიდი სასწავლო დაწესებულება აქ და შავიზღვისპირეთის ამ ნაწილში იქნება ყოფილი საზღვაო ტექნიკუმი - ახლა საზღვაო აკადემია.
მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმი მიხედვით ამ სასწავლებელს 15 ათასი სტუდენტი, 15 ათასი მსმენელი ეყოლება და ეს იქნება დიდი საერთაშორისო საზღვაო განათლების ცენტრი.
მთლიანად, ბათუმში 20-დან 30-მდე ათასი სტუდენტი ისწავლის.
ქალაქი, რომელიც ზაფხულის სეზონის გარდა, დაცლილი იყო, ახლა მთელი წლის განმავლობაში გამოცოცხლდება.
ზღვის სეზონი აქ უკვე მაისიდან იწყება და მინიმუმ იქნება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება, დანარჩენ დროს ბათუმს გააცოცხლებს და ენერგიასა და ეკონომიკურ აქტიურობას მისცემს ძალიან დიდი სტუდენტური ჯგუფი, რომელის მთავარი ღერძი სწორედ ეს აკადემია - დიდი საერთაშორისო აკადემია იქნება.
ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ბათუმელს ექნება შესაძლებლობა უკეთესად იცხოვროს.
შარშან აქ დავიწყეთ დიდი ფულის ჩადება.
თქვენ იცით, რომ ძალიან რთული მემკვიდრეობა გვერგო წილად. ლევან ვარშალომიძის ხელმძღვაელობითა და გიორგი კარბელაშვილის თაოსნობით, რომელიც მას ცენტრალური მთავრობიდან ეხმარებოდა, ჩვენ ძალიან ბევრი საინტერსო, ახალი პროექტების განხორციელება დაგვეწყო, ახალი ლაბორატორიები შეგვექმნა და ეს დასაწყისის მხოლოდ დასაწყისია.
გპირდებით, რომ ეს იქნება საუკეთესო სასწავლო დაწესებულება და ყველანი იამაყებთ იმით, რომ აქ სწავლობდით.
რეალურად, ჩვენ შავ სიაში შეგვიტანეს და ჯერ კიდევ დაგვრჩა მოსაგვარებელი გარკვეული საკითხები.
პრაქტიკულად, ჩვენ გადავარჩინეთ ის, რომ შეწყდა ჩვენი მეზღვაურების დათხოვნა კორუფციისა და თავმოუბმელობის გამო.
ახლა ჩვენ ვიღებთ საერთაშორსო სტანდარტების საგანმანათლებლო ცენტრს, საერთაშორისო სტადნარტების მეზღვაურთა დიდ ჯგუფს.
ამას გარდა მინდა რამდენიმე გამოჩენილ, წარმატებულ მეზღვაურს ღირსების ორდენი გადავცე და, უპირველესად, მსურს, ღირსების ორდენით ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი, გამოცდილი მეზღვაური ირაკლი შარაბიძე დავაჯილდოვო.
დიდი მადლობა.