Google+

სიახლეები

11.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი: რადგან ყველანი ცოცხლები ვართ, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გმირების ბრძოლა და მივიყვანოთ საბოლოო დასასრულამდე

მოგესალმებით,

დღეს თამარ მეფის ორდენით ვაჯიდლოებთ ჩვენ დიდ სამამულო ომში (რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან მიმდინარეობს და, სამწუხაროდ, ალბათ, გრძელდება დღეს) დაღუპული ჩვენი მებრძოლების დედებს.

ეს არის ორდენი, რომელიც ეკუთვნით განსაკუთრებით გამოჩენილ ქართველ ქალებს.

ჩემთვის არ არის უფრო გამოჩენილი ქართველი ქალის სიმბოლო, თუ არა ქართველი გმირის დედა.

ყველა გმირს აქვს თავისი ბიოგრაფია. 

მაგალითად, შმაგი კუპატაძეს დღეს შეუსრულდებოდა 27 წელი. 5 წლის წინათ მან საქართველოსთვის ჩაიდინა გმირობა და დაიღუპა. ხალხი 22 წლის ასაკში ცხოვრებას იწყებს...

300 არაგველის გმირობის შემდეგ კი, შინდისის გმირების მსგავსი პარალელი საქართველოს არ ახსოვს.

გმირებს ვეძებთ წარსულში, მაშინ, როდესაც გმირები არსებობენ დღეს.

შინდისში 10 აგვისტოს ჩვენ შევაკავეთ და ვუკუვაქციეთ რუსი კოლონა, სენაკის მეორე ბრიგადა.  საქართველოსთვის მაშინ ყოველ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.  

11 აგვისტოს ჩვენი 17 მებრძოლი მრავალი საათის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას და  დაიხოცნენ. ბოლო იყო ალექსანდრე ონიანი. მან თავის ნათლულს რომან ზოიძეს მოხვია ხელი, რომელიც დაჭრილი იყო და სისხლისგან იცლებოდა, ალექსანდრე ონიანს ეხვეწებოდა - შენ მაინც წადიო. თუმცა მან არ მიატოვა: ჩვენს მტერს არ ჩავბარდებიო და ხელყუმბარა აიფეთქა.

აი, ასეთი ხალხი იყო იქ და მათ მოგვაგებინეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა.

კრწანისის ომის შემდეგ მტერი შემოვიდა და აიღო თბილისი; ცხინვალის ბრძოლის შემდეგ მტერი ვერ შემოვიდა და ვერც თბილისი აიღო და ვერც საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაასრულა.

ყველა თქვენგანს აქვს საკუთარი ბიოგრაფია და ყველა თქვენგანი იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას.

მე ვიხსნებ შინდისის ერთ-ერთი გმირის მიხეილ დვალიშვილის ლექსს, იმ დღეებში დაწერილს.  ეს ლექსი, ალბათ, თითოეული თქვენი შვილის გულის ნადები.

აქ არის ზაზა დამენიას დედა, რომელმაც თანამებრძოლები დაღუპვას გადაარჩინა და თავისი სხეულით გადაეფარა 2004 წელს.

ვისაც ჰგონია, რომ ეს ომი დაიწყო მხოლოდ 2008 წელს. თუ არა ზაზა დამენია და მისი თანამებრძოლები 2004 წელსაც ვერ შედგებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა, მაშინ ჩამოვიშლებოდით.

აქ არის ბევრი საინტერესო და ტრაგიკული ადამიანი.

აქ არის ნაირა კალანდია - ნუკრი გერგედავას დედა. მის შესახებ მარტო საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ იცის.

მას თვალწინ მოუკლეს შვილი, სოხუმიდან გამოსულს. ძნელია ამაზე ლაპარაკი... აიძულეს შვილის თვალი გადაეყლაპა, ფეხებით დაკიდეს, ცეცხლზე წვავდნენ... ყველაფრის მიუხედავად მან ურთულეს პირობებში შეინარჩუნა ქართველი ქალის ღირსება და სიამაყე.

აქ იმყოფება ძმები რომელაშვილების დედა. ორივე ძმა ერთი და იმავე ბრძოლაში დაიღუპა.

აქ არის ხალხი, რომელმაც ოჯახის წევრების ტრადიცია გააგრძელა, მაგალითად, უშანგი სოფრომაძის და სოფო, რომელმაც შეძლო და ჯარში გააგრძელა სამსახური. მე ის ურთულეს პირობებში ვნახე, ავღანეთში გავიცანი მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან გვესროდნენ, ესროდნენ მათ. ასეთი სროლა მათ ბევრი გაიარეს.

მართლაც არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო...

აქ არის მარინა გზირიშვილი, რომელმაც ცხოვრების მიზნად აქცია თითოეული თქვენგანის  ოჯახის წევრების გმირობის უკვდავყოფა.

ვიყავი ლილი ანწუხელიძის ოჯახში და ბევრი თქვენგანის ოჯახში ვარ ნამყოფი...

ამიტომ, მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს: ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა თქვენს შვილებთან, თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად სამშობლოსთვის თავის გაწირვა ცხინვალის ბრძოლაში, მაგრამ რადგან გადავრჩით, რადგან მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და ყველანი ცოცხლები ვართ, უნდა გავაგრძელოთ მათი ბრძოლა და მივიყვანოთ საბოლოო დასასრულამდე.

ეს იმპერია აუცილებლად ჩამოიქცევა, ჩვენი მოღალატეები უკან დაიხევენ, მათ შორის ისინი, ვინც ეჭვქვეშ აყენებს მათ გმირობას.

როდესაც თქვენ გიყურებთ, ვხვდები, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, შემთხვევით გმირები არ არსებობენ.

გმირებად იზრდებიან ბავშვობიდან და გმირებად მათ ზრდიან დედები, გმირებს ზრდიან მამები.

ზოგი იზრდება გმირად, ზოგისთვის კი სამშობლო არაფერს ნიშნავს; ზოგი იზრდება სამშობლოს დამცველად, ზოგს კი ჰგონია, რომ მძინარე ცხინვალი ჩვენ გავაღვიძეთ; რუსეთი არ შემოჭრილა და ომი საქართველომ დაიწყო.

ჩვენ ჩვენს მიწაზე დავეცით, ჩვენ არ წავსულვართ უცხო ქვეყანის დასაპყრობად.

საქართველო დღეს დგას იმით, რომ თქვენი შვილები ჩვენს მიწაზე დაეცნენ და ამიტომ ყველას თავისი მიეზღვება.

გადარჩენილი და განვითარებული საქართველო იქნება უმკაცრესი განაჩენი როგორც ჩვენი მტრისთვის, რომელიც აუცილებლად ჩამოიშლება, ასევე ჩვენი შიდა მოღალატეებისთვის, რომლებმაც, სამწუხაროდ, ახლა წამოყვეს თავი.

მინდა გითხრათ, რომ თქვენი შვილებია ჩვენი მთავარი სიმტკიცის მარაგი.

ისინი ფიზიკურად აღარ არიან ჩვენს გვერდით, მაგრამ თითოეული მათგანი უფრო ცოცხალია, ვიდრე ბევრი ცოცხალი დღეს.

ეს არ არის ლიტონის სიტყვები.

მათი არსებობა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში კვლავაც გაიზრდებიან ასეთი გმირები; რომ ცხოვრებას აზრი აქვს; რომ სამშობლოსთვის სიკვდილს აქვს აზრი; რომ სამშობლო ძალიან მნიშვნელოვანია; რომ ჩვენი მომავალი ჩვენსავე ხელშია და ღირს მომავლისთვის ბრძოლა!

ჩვენს ნაცვლად არავინ იბრძოლებს ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ასე ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები; ასე გააკეთა სამასმა არაგველმა; ასე გააკეთეს შინდისის გმირებმა, ასე გააკეთა ზაზა დამენიამ, ასე გააკეთა გიორგი ანწუხელიძემ...

გიორგის მოთხოვეს შეურაწყოფა მიეყენებინა საკუთრი ოჯახისთვის, საკუთრი დროშისთვის, საკუთარი მიწისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვის... მან კატეგორიული უარი განაცხადა და არ აპატიეს.

ამიტომ მინდა ყველა ოჯახის ცალკე გამოყოფა.  

ჩემთვის დიდ პატივია პირველად, სწორედ თითოეულ თქვენგანს გადმოგცეთ თამარ მეფის ორდენი, როგორც ქართველი ქალის უმაღლესი კეთილშობილობის, გმირობისა და   განსაკუთრებულობის გამოხატულება.

ყველა ქართველი გმირის დედა თავად არის გმირი. ამაში დარწმუნებული ვარ.

მთავარი ის კი არ არის რამდენ შვილს გაზრდი, თუმცა კარგია, რომ ბევრი შვილი გვყავდეს, მთავარია, როგორ გაზრდი და რას გააკეთებენ ისინი სამშობლოსთვის.

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის, გამბედაობისთვის და თავმოუდრეკელობისთვის; იმისათვის, რომ საქართველოს ჭშმარიტი პატრიოტები გაუზარდეთ.

თქვენ თავად ხართ უდიდესი პატრიოტები!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)