Google+

სიახლეები

06.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს დაცვის საერთაშორისო  კონფერენცია გახსნა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა  გარემოს დაცვის საერთაშორისო  კონფერენცია „თბილისი+35“ გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მათ გარემოს დაცვის საკითხებზე ესაუბრა და ყურადღება, ამ მხრივ, საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც გარემოს დაცვის კონფერენცია პირველად, 1977 წელს გაიმართა,  საქართველო არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და სულ სხვა გამოწვევების წინაშე იდგა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში დღეს ბევრი რამ შეიცვალა და ამ თვალსაზრისით, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი აქვს. ამ მხრივ, მან ელექტრომობილების საკითხი გამოყო, რომლებიც გარემოს დაცვის მიზნით, ხელისუფლების ინიციატივით ქვეყანაში ნელ-ნელა ინერგება. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და კორუფციის, კრიმინალის დაძლევისა და მომსახურების გამარტივების თვალსაზრისით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.  

„მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, საქართველოში არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო კონფერენცია. ძალიან ბევრს ეცადა ჩვენი მტერი საქართველო რუკიდან გამქრალიყო, ამას ახლაც ცდილობს, მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენი ელჩები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბა. ეს ყველა ქვეყნის პრაქტიკაა - ჩამოყავთ, ესაუბრებიან, ეკითხებიან რჩევებს და თავად აძლევენ ინსტრუქციას... ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ამას ჩვენც ყოველ წელს ვაკეთებთ. შეიკრიბა ამბასადორიალი და ნახეთ ჩვენი გამომსვლელების სია: ნატოს გენერალური მდივანი, შვედეთის, არგენტინის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრიდან ჩამოვიდა ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრი. ე.ი. მთელი მსოფლიო ჩამოვიდნენ, რათა ჩვენს ელჩებს მისცენ რჩევა, მხარში ამოუდგეს საქართველოს და გარკვეულ საკითხებში დაეხმარონ მას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა პატარა ქვეყანამ გლობალური მნიშვნელობა შეიძინა; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს რაღაც ისეთი, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს და, უპირველესად, ეს არის ის მიღწევები, რომელთან დაკავშირებითაც აქ ვსაუბრობთ. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალიან დიდი საქმეები გვაქვს გაკეთებული, უამრავი ქვეყნიდან ჩამოყავს ხალხი, რომ კიდევ რაღაც ისწავლონ. მით უმეტეს, ჩვენ  ბევრად მეტი  უნდა ვიმუშავოთ, რათა ეს გაჭირვება და პრობლემები სრულად დავძლიოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფორუმი „თბილისი+35“ ორდღიანია და მასში მონაწილეობას 105 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი იღებს, რომელთა შორის გარემოს დაცვის მინისტრები 45 ქვეყნიდან არიან წარმოდგენილი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)