Google+

სიახლეები

05.09.2012
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი „ღიმილიანი საქართველო“ ამოქმედდა

საქართველოს პრეზიდენტი, მისივე ინიცირებული პროგრამის „ღიმილიანი საქართველო“ მიმდინარეობით დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის იმ ნაწილს გაესაუბრა, რომელმაც ამ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტომატოლოგიური მომსახურება მიიღო. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, სახელმწიფო ინვესტიცია ამ მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან, მისივე თქმით, სოციალურად  დაუცველი ხალხისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება ხდება ხელმისაწვდომი. ამას გარდა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმ რაიონებსა და სოფლებში, სადაც სტომატოლოგიური კაბინეტები არ არის, კიდევ უნდა დაემატოს მოძრავი კლინიკები, რომლებიც სპეციალურ სამედიცინო ავტობუსებშია განთავსებული და მთელი საქართველოს მასშტაბით გადაადგილდება. მიხეილ სააკაშვილის  თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ხელს შეუწყობს სტომატოლოგიის დარგის განვითარებას რეგიონებში.  

„როდესაც ადამიანს ასეთი პრობლემა უჩნდება, აღარც გარეთ  გამოსვლა და ღიმილი უხარია, აღარც სამსახურში მისვლა და აღარც საქმის კეთება, თანაც მთელი ორგანიზმი ავადდება. ეს ყველაზე ძვირადღირებული მომსახურებაა და სოციალურად ძალიან მძიმეა, ბევრისთვის მიუწვდომელიც, რადგან სამედიცინო დაზღვევა სხვა დაავადებებს ფარავს. ამ პროგრამის დასრულებას 2 წელი მაინც დასჭირდება. ჩვენ უნდა დავამატოთ სამედიცინო ავტობუსები და  სოფელ-სოფელ მივყვეთ. ამის განხორციელება, რა თქმა უნდა, სოფლებიდან დავიწყეთ, მაგრამ დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისშიც, დედაქალაქის გარე უბნებშიც უნდა შევიდეთ. სადაც ადგილზეა სტომატოლოგიური კლინიკები, ბევრი იქ უნდა მივიყვანოთ, სადაც არ არის - განსაკუთრებით სოფლებში, სადაც ხალხს კბილის ექიმთან მისასვლელი ფული არ აქვს, ეს ავტობუსები უნდა ვატაროთ. ბევრგან არ არის კარგი სტომატოლოგიური ცენტრები, ამიტომ ყველგან უნდა მივიდეთ და თითოეულმა ადამიანმა ნახოს შედეგი. ეს განაპირობებს სტომატოლოგიის დარგის განვითრებასაც ადგილზე და ხალხისთვისაც უფრო მარტივი იქნება ყოველივე ამით სარგებლობა. სახელმწიფო ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველესად,  იმისათვის, რომ ყველა ოჯახს მიუწვდებოდეს ხელი სტომატოლოგიურ მომსახურებაზე და, მით უმეტეს, მათ, ვისაც პროთეზირება სჭირდებათ. რაც მთავარია, ჩვენი ექიმები დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პროექტის „ღიმილიანი საქართველო“ განხორციელება 10 აგვისტოს დაიწყო. პირველი სტომატოლოგიური მომსახურება ლანჩხუთის რაიონის, კერძოდ, სუფსის იმ მოსახლეობამ მიიღო, რომელიც 50 წელს არის გადაცილებული.  6 სექტემბრიდან პროგრამა ნატანებში გადაინაცვლებს და სამ კვირას გასტანს.

პროექტში ათამდე ადგილობრივი სპეციალისტია ჩართული და მოძრავი კლინიკების  გარდა, მოსახლეობას თერაპიული, ქირურგიული და ორთოპედიული მომსახურების მიღება ადგილობრივ სტომატოლოგიურ კაბინეტშიც შეუძლია.  

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სტომატოლოგიური მომსახურებით უკვე ათასმა ადამიანმა ისარგებლა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)