სიახლეები
01.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის მიმდინარეობას ოზურგეთის კლინიკაში გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს ესტუმრა და პირადად გაეცნო იმ პენსიონერთა და 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურების პროცესს, რომლებსაც დღეიდან მკურნალობა უკვე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში შეეძლებათ. ახალი პროგრამის მიმდინარეობის დეტალების თაობაზე, ინფორმაცია ქვეყნის პირველმა პირმა დაზღვეული პაციენტებისგანაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და ხელფასების ზრდასთან დაკავშიებულ საკითხებზე ესაუბრა.
"ეს კლინიკა მართლაც ისეთია, როგორიც ჰოლანდიაში მინახავს. 1 სექეტემბრიდან ხელფასების მატება საწყისი ეტაპია, შემდგომში, ალბათ, კიდევ გაიზრდება. თქვენს ხელფასებს ახლა 20 პროცენტი მოემატა და შემოსავლების ზრდასთან ერთად, უპირველესად, გადანაწილება უნდა მოხდეს ექთნებზე, ექიმების თანაშემწეებსა და ზოგადად, უმცროს სამედიცინო პერსონალზე. ეს არის მთავარი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში პრეზიდენტთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის მაჟორიტარი კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილიც იმყოფებოდა.
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ 400 ათასი ადამიანია დაზღვეული, რომელთა შორის არიან ასაკით პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სტუდენტები და 6 წლამდე ასაკის ბავშვები.