Google+

სიახლეები

07.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს. გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და თავდადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის მიერ დატოვებული უამრავი მოუშუშებელი ჭრილობის მიუხედავად, საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

„ჩვენ ყოველი მათგანის სახელი გვემახსოვრება სამარადჟამოდ... მათი მკვლელები გამარჯვებას ვერ იზეიმებენ... მათი მკვლელების ოცნება - დააჩოქონ საქართველო  - არასდროს ახდება...  ამ ბიჭების ბრძოლას ჩვენ გამარჯვებამდე მივიყვანთ!  დღევანდელი დღე თითოეული დევნილისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატვის დღეა; იმის შეხსენების დღე, რომ არც ერთ მათგანს არ დავტოვებთ განსაცდელში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის დამპყრობლური მიზნების თაობაზეც გაამახვილა. მისი თქმით მიუხედავად მცდელობისა, რუსეთთმა მაინც ვერ მოახერხა საქართველოს დამორჩილება და ქვეყნის ევროატლანტიკური მიზნებისთვის ხელის შეშლა. ქვეყნის პირველმა პირმა დასავლეთისა და ამერიკის მხარდაჭერის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, სწორედ რუსეთის გეგმების ჩაშლას, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნები აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლად გააგრძელებს სვლას ქვეყნის განვითარებისკენ. პრეზიდენტი რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის თემასაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთში ვითარება მალე შეიცვლება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც მოწესრიგდება. ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე. 

ეროვნული თავდაცვის აკადემია პირველი „იუნკერთა სკოლის“ შთამომავალია, რომელიც 1919 წელს დაარსდა და 1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ გაუქმდა. 1993 წელს აკადემია აღადგინეს, 2005 წელს კი  ცვლილებები განიცადა. ოფიცერთა მომზადების კურსის ხანგრძლოვობა 18 თვით განისაზღვრა.

2010 წელს აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა მოიცვა. ამჟამად, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ფუნქციონირებს საბაკალავრო, უმცროს ოფიცერთა ძირითადი მომზადების,  ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ოფიცერთა მომზადების ძირითადი სკოლები. ასევე სამედიცინო სფეროს ოფიცერთა მომზადების სკოლა, კაპიტნის საკარიერო სკოლა, სამეთაურო-საშტაბო სკოლა, თავდაცვის უმაღლესი სკოლა და ენობრივი მომზადების სკოლა.

აკადემიაში ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელები თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებენ 10-წლიან ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, კურსანტები 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს გადიან. სწავლის დასრულების შემდეგ მსმენელები ლეიტენანტის წოდებას იღებენ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)