სიახლეები
05.08.2012
მიხეილ სააკაშვილი ანაკლიის აკვა პარკს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ანაკლიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აკვა პარკი - „აკვა-ლაზიკა“ მინისტრებთან ერთად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი ადგილები დასაქმების ახალ კერას წარმოადგენს.
„ამ დღეების განმავლობაში ბევრი კამათი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უცხოური ინფრასტრუქტურა ქართველებისთვის არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის ამ ხალხისთვის. ეს იყო ყველაზე გაუბედურებული, ყველაზე უპერსპექტივო ხალხი და ჰქონდა კიდეც ამის მიზეზი, რადგან ათწლეულების განმავლობაში აქ რუსული ბაზები იყო. ახლა უამრავი სასტუმრო შენდება. ჯერ ერთი, დამსვენებელთა უმეტესობა ქართველია, პერსონალის ყველა წევრი ქართველია, ყველა სასტუმრო ადგილობრივებმა ააშენეს, აქ უამრავი ხალხი იმუშავებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელმაც ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ანაკლია სვანეთს შეადარა. - " რა მდგომარეობაც იყო მესტიაში, ზუსტად იგივე ხდებოდა აქაც. ახლა კი ძალიან ბევრ ადგილზე ხალხს დამატებით გაუჩნდა პერსპექტივა და ეს არის ათობით ათასი დასაქმებული ადამიანი. კახეთი ტურისტულ ცენტრად გადაიქცა... ასე რომ, საერთოდ იცვლება საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა ,რომლის შეფასებითაც "ანაკლიის აკვაპარკი, მთელ ევროპაში ყველაზე ხარისხიანი გასართობი ცენტრი იქნება".
ახალ აკვა პარკს შესაძლებლობა აქვს ერთდროულად 800 ადამიანს მოემსახუროს. ანაკლიის აკვა პარკი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა კანადურმა კომპანიამ “White Water West“ დააპროექტა და ის მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, თავისი მასშტაბებითა და ატრაქციონებით, ერთ-ერთი საუკეთესოა. თანამედროვე სისტემებით აკვა პარკში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მიღებული. მშენებლობაზე 200-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო ახლა 150 ადამიანი იმუშავებს.