Google+

სიახლეები

03.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი სვანეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს სვანეთს ესტუმრა და მესტიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი სოფელ მულახის მოსახლეობასაც შეხვდა, მათ უახლოესი გეგმები გააცნო და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მესტიიდან მულახისა და უშგულის მიმართულებით ახალი გზა დაიგება, ხოლო ზემო და ქვემო სვანეთი  ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება.

ქვეყნის პირველმა პირმა რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, აქ ძალიან დიდი პოტენციალია იმისთვის, რომ ეს კუთხე განვითარდეს, საუკეთესო ინფრასტრუქტურა შეიქმნას და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდეს.

„სვანეთთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს. ეს მხარე დღეს არ გამხსენებია - სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, აქ მხოლოდ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე არ ამოვდივარ იმისთვის, რომ გითხრათ როგორ მიყვარხართ და არჩევნების შემდეგ ეს დამავიწყდეს. ის, რასაც სახელმწიფო დებს სვანეთში, ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთ სულ მოსახლეზე იხარჯება საქართველოს სხვა ნებისმიერ რეგიონში. სვანეთი არის საქართველოს გვირგვინი, ამ ქვეყნის უდიდესი სულიერი ძალის გამოხატულება. აქ ჩვენ დავამყარეთ წესრიგი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე, უკან მოვიტოვოთ გასაჭირი და განვავითაროთ ეს მხარე. ძალიან კარგად ვიცი, როგორი გაჭირვებაა აქ და ეს ასე აღარ უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ მესტიის აღორძინება. მესტია ასე არ აშენებულა მეათე-მეთორმეტე საუკუნეების შემდეგ. მესტია არ არის მხოლოდ დაბა, რაიონის ცენტრი - აქ განსაკუთრებულია თითოეული სოფელი. გზის გაკეთებას ვაგრძელებთ მულახისა და უშგულის მიმართულებით. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ თურმე სვანეთისთვის საჭირო არ არის გზა და ხალხი იქ ეგზოტიკისთვის დადის...  საქართველოში არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და იმას გარდა, რომ აქვთ დასანგრევი ობიექტების გრძელი სია, ასევე აქვთ გრძელი სია იმ ობიექტებისა, რომლებიც არ უნდა აშენდეს. პირველი დაცინვის საგანი, ამ ობიექტებს შორის, არის ის გვირაბი, რომლის გამოყვანასაც ვგეგმავთ ქუთაისის გზიდან და შეაერთებს ზედა და ქვემო სვანეთს. ისინი ვერც დაგვინგრევენ რამეს და ვერც აშენებაში შეგვიშლიან ხელს - მათ შორის, ამ გვირაბის აშენებაში. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ გვირაბს სვანეთში, აუცილებლად შევაერთებს სვანეთს დანარჩენ საქართველოსთან ბევრად უფრო ეფექტიანი  გზით და, რეალურად, ეს აქ ძალიან დიდ შემოსავალს მოიტანს. ყველას მოვუწოდებ, დაგვაცადონ, რომ ეს მხარე ავაღორძინოთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)