Google+

სიახლეები

02.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის დასაქმების სააგენტოს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში დღეს აჭარის დასაქმების სააგენტოს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა და ამ სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი უწყება სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებლებს შორის კავშირის აღდგენას შეუწყობს ხელს, რაც, მისი თქმით, უმუშევრობის პრობლემის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა.

„ბიზნესმენებმა უკვე ისწავლეს და კადრები გადამზადების ცენტრიდან მიჰყავთ. ცენტრში მოხვედრის მსურველი ძალიან ბევრია და ამდენი ადგილი არ არის. ამიტომ უნდა შემოვიღოთ უმუშევრების პირდაპირი ტესტირების სისტემა და შევქმნათ სრული ბაზა, ყველას უნდა ქონდეს თავისი ფეისბუქის გვერდი, ასევე შესაბამისი საკუთარი უჯრა მერიაში. როგორც კი შესაბამისი პროფესია გამოჩნდება, მაშინვე უნდა დავაკავშიროთ ერთმანეთთან დასაქმების მსურველები და დამსაქმებლები. რამდენიმე წლის წინათ, ბათუმში უცხოეთიდან ჩამოყვანილი მუშახელი გვყავდა, რომლებიც ძირითადად თურქეთიდან ჩამოდიოდნენ. ახლა უცხოელები აღარ უნდა დაგვჭირდნენ, გარდა იმ პროფესიისა, რომლის დეფიციტიც გვაქვს. თბილისში ჩინელები მუშაობენ. მესმის, რომ ჩინეთს ბევრი მუშა ჰყავს საექსპორტოდ, მაგრამ ჩვენ ჯერ ჩვენი ხალხი გვყავს დასასაქმებელი. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს სამუშაო“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.   

საქართველოს პრეზიდენტმა საპენსიო პაკეტის გაზრდის თაობაზეც ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ 60 წელს გადაცილებული პენსიონერი მომავალ წელს 100-დოლარიან საპენსიო პაკეტს მიიღებს. თუმცა, მისი თქმით, არასაპენსიო  ასაკის ადამიანების დასაქმება და მათი გამოცდილების გამოყენებაც, ძალზე მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის განცხადებით, ამ სააგენტოს დანიშნულებაც ისაა, რომ ასეთი ხალხი დამსაქმებლებს დააკავშიროს.

დასაქმების სააგენტოს პერსონალს მიხეილ სააკაშვილმა ახალი ინიციატივაც შესთავაზა. ქვეყნის პირველმა პირმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ფეისბუქის გვერდის შექმნა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს სააგენტოს ბაზასთან ელექტრონული წვდომა ექნებათ.

„მალე ყველა სოფელში იქნება კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელსაც ვქმნით არა იმისთვის, რომ ითამაშო, არამედ იმისთვის, რომ გვქონდეს მონაცემთა ბაზა, ხალხი დასაქმდეს, პროდუქცია გაყიდოს, ან საკუთარი ნიჭის რეალიზაცია მოახდინოს. ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ უნდა განვავრცოთ კიდეც. კვალიფიციური სპეციალისტები უნდა გამოვიყენოთ, რისთვისაც მუდმივად და უფრო მოქნილად უნდა ვიმუშავოთ. მშენებლისთვის უფრო ადვილია სამუშოს მოძებნა და კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, ვიდრე იურისტის, ეკონომისტის დასაქმება, მაგრამ მეორეს მხრივ, ამ პროექტებს ამ პროფესიის მქონე ხალხის დასაქმებაც მოჰყვება. ამ სააგენტოში 12 ადამიანი მუშაობს. ამ ადამიანებმა უახლოესი დღეების განმავლობაში 750 ადამიანი უნდა დაასაქმოს - სწორედ ეს არის დასაქმების სამინისტროს კონცეფცია. ამიტომაა აუცილებელი ამ საქმეში სახელმწიფოს ჩარევა - მარტო ბაზარი ამ პრობლემას ვერ გაწვდება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი დასაქმების სააგენტოში რეგისტრაციის პროცესითაც დაინტერესდა და დასაქმების მსურველებთან საუბრისას, ბათუმის საგანმანათლებლო პოტენციალის ზრდის შესახებ ისაუბრა.

„ბათუმი ევროპული მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრი ხდება. აღმოსავლეთ ევროპაში პირველად სწორედ აქ იხსნება სრულფასოვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის ყველა კათედრაზე შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები - მაღალკვალიფიციური სპეციალისტები იმუშავებენ. ამას გარდა, გადავდივართ იმ ეტაპზეც, რომ აქ ევროკომისიაც გახსნის ევროპულ უნივერსიტეტს, ისეთს, როგორიც არის, მაგალითად, ბელგიასა თუ ბრიუგეში. განათლების თვალსაზრისით, აქ  ისეთი ობიექტები იხსნება, რომ ბათუმი განათლების ევროპული რეგიონალური ჰაბი ხდება მთელი ამ შავი ზღვისპირეთისთვის. ამიტომ, მესმის, რომ, შესაძლოა, დღეს შემდუღებელს ვეძებთ, მაგრამ აუცილებლად გვჭირდება მათემატიკოსებიც“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის დასაქმების სააგენტოში, დასაქმების მოთხოვნით, ამჟამად, 5 ათას 840 ადამიანის განცხადებაა შესული. სააგენტოს ბაზაში სხვადასხვა პოზიციებზე 1500 ვაკანსიაა.

მიხეილ სააკაშვილი დასაქმების სააგენტოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ესტუმრა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)