Google+

სიახლეები

09.05.2012
მიხეილ სააკაშვილმა აბასთუმნის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აბასთუმანში იმყოფებოდა, სადაც მომავალი წლიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები გააცნო. მისი თქმით, უახლოეს მომავალში აბასთუმანი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად გადაიქცევა.

„რასაც დღეს აბასთუმანში ხედავთ, ეს არის მინიმუმის მინიმუმი. მომავალ წელს ჩვენ აქ მშენებლობას ვიწყებთ. აბასთუმანში საქართველოში ყველაზე მაგარი სპა კურორტი გაკეთდება და საუკეთესო იქნება მინერალური წყლების თვალსაზრისითაც. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს საუკეთესო კურორტი იქნება რეგიონისა და, შესაძლოა, მთელი ევროპის მასშტაბით. ყოველივე ამის საბოლოო დანიშნულება ხალხის, ჩვენი მოქალაქეების პრობლემებისგან გათავისუფლება და სიღარიბის დაძლევაა. აბასთუმანი არ უნდა იყოს ჩიხი. აქ კურორტების ქსელი იქმნება, რომელიც ბაკურიანით იწყება, შემდეგ მოდის ბორჯომი, ახალციხის სასწაული, თავისი შემოგარენით (ვარძია, საფარა, აწყურის ციხე და, რა თქმა უნდა, რაბათი, რომელიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის და ისტორიული მემკვიდრეობის გვირგვინია). შემდეგ გადმოვდივართ აბასთუმანში, სადაც უკვე გავაკეთეთ გზა. აბასთუმნიდან ასევე კეთილმოწყობილი გზით გადავდივართ საირმეში და ბაღდადის გავლით - ქუთაისსა და წყალტუბოში. აბასთუმანი ყველაფრის ცენტრშია. შედეგად ვიღებთ მსოლიფოში ყველაზე საინტერესო სპა კურორტების ქსელს. აქ ბევრი არქიტექტორი და მშენებელი ჩამოვიყვანეთ რათა წელსვე დავიწყოთ დაგეგმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისაც მშენებლობაზე მუშაობა შეუძლია, ექნება დასაქმების შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გადავამზადოთ ხალხი, რათა ტურისტულ ობიექტებში შეძლონ მუშაობა. ასევე დროა პატარ-პატარა ბიზნესების წამოწყებაზე იფიქროთ, რადგან ამისთვის ყველგან შევქმნით  პირობებს. სიღარიბისა და გაჭირვების დასაძლევად, მთავარია ხალხის დასაქმება და ახლა ამას მოვკიდებთ ხელს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა აბასთუმნის ობსერვატორიაც დაათვალიერა და აღნიშნა, რომ 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში დაწყებული ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს, მათ შორის სამეცნიერო თვალსაზრისით. ქვეყნის პირველმა პირმა აბასთუმნის დიდ პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეაბილირაციის შემდეგ, აბასთუმანი ევროპის წამყვან კურორტებს გაუწევს კონკურენციას.   

„დღეს უქმე დღეა, მაგრამ ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებისა და სიღარიბის პრობლემას ებრძვის, საქართველოს მთავრობას უქმე დღეები არ აქვს და არც იმის უფლება, რომ თუნდაც შაბათ-კვირას დავისვენოთ. 5-6 წლის წინანდელი ვითარებისგან განსხვავებით, როდესაც გამოუვალი სიტუაცია, უიმედოობა და უპერსპექტივობა სუფევდა, როცა ჩვენთვისაც კი ძნელი წარმოსადგენი იყო, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, დღეს ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ და საით მივდივართ. წელს ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. გაკეთდა საავადმყოფო, შემოვიყვანეთ გზა, ვახორციელებთ გაზიფიკაციის პროექტს აღარაფერს ვამბობ ელექტროენერგიის მიწოდებაზე, მოიხატა ტაძრის კედლები, მაგრამ ახლა მთავარია გაჩნდეს დასაქმების ისეთი შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემა საერთოდ გაქრეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აბასთუმნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში იგეგმება მე-19 საუკუნის შენობების რესტავრაცია და აღდგება ძველი სანატორიუმები, სრულად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. უკვე დაწყებულია წყალსადენის სისტემის პროექტირების პროცესი. უძველეს სახლებს, სასტუმროებსა და სანატორიუმებს თავდაპირველი სახით აღადგენენ, რომლის პროექტიც ამჟამად მუშავდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)