საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში შეიხის ნაჰაიან მუბარაკ ალ ნაჰაიანს სახელობის ხეივანი გახსნა. ახალ ხეივანთან მიხეილ სააკაშვილი თავად შეიხთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისა და ყურადღებისთვის, რომელსაც იგი საქართველოს მიმართ იჩენს.
„ალ ნაჰაიანი ჩემი მრავალი წლის მეგობარია, რომელიც თავის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განმანათლებელი და რეფორმატორია არაბულ სამყაროში. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი სწორედ მისგან მივიღე. აბუდაბის ულამაზეს ბულვარში მოვდიოდით და პალმებით აღვფრთოვანდი. სამ დღეში მან დატვირთა სამი ყველაზე დიდი უკრაინული თვითმფრინავი და გამოგვიგზავნა პალმები, რომლებიც დღეს ჩვენს ბულვარს ამშვენებს. მეტსაც გეტყვით, ამას წინათ, მკაცრი ზამთრის გამო რამდენიმე ათეული პალმა დაგვიჭკნა, მან კი, წარმომადგენელი გამოგზავნა და ასი ათასამდე დოლარი დახარჯა მათ გასახარებლად. ამ კაცს აჭარაში ქონება არ აქვს, ჩვენგან არც არაფერი უნდა და არც არაფერს გვამადლის. აი, ეს არის ნამდვილი ფილანტროპია. მშვიდად, წყნარად აკეთებს საკუთარ საქმეს და დიდ კეთილშობილებას იჩენს, რადგან აფასებს იმას, რასაც ქვეყნის განვითარებისთვის ვაკეთებთ. სხვათა შორის, უკვე შევუთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი, სხვა ჯიშის ხეები გამოაგზავნოს, რათა აქაურობა წალკოტად იქცეს. ამიტომ, მის პატივსაცემად და მადლიერების გამოსახატად, ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, რომ ამ ხეივანს შეიხ ნაჰაიან მუბარაკ ალ ნაჰაიანს სახელი უწოდოს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა
ნაჰაიან მუბარაკ ალ ნაჰაიანმა, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლებისა და მეცნიერულ გამოკვლევათა მინისტრია, საქართველოში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა და ქვეყნის დიდ პოტენციალზე გამახვილა ყურადღება.
„ჩემთვის დიდი პატივია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნა ამ მშვენიერ ბულვარში. ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ინფრასტურქტურა, ეკონომიკა, გაძლიერდა უსაფრთხოება. ბოლო წლებში გაიზარდა უცხოური ინვესტიციების რაოდენობაც. ეს პრეზიდენტის დამსახურებაა, რადგან მისი გადაწყვეტილებით, საქართველო უნდა გახდეს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილი. ვფიქრობ, ეს ქვეყანა აუცილებლად გადაიქცევა ტურიზმის ცენტრად“, - განაცხადა შეიხმა.
მიხეილ სააკაშვილმა და ნაჰაიან მუბარაკ ალ ნაჰაიანმა იქვე, სიმბოლურად, ხეივნის სახელწოდების ამსახველი ახალი მონუმენტიც გახსნეს.
შეიხის ხეივანი ბათუმში ხიმშიაშვილისა და ლეონიძის ქუჩების შემაერთებელ მონაკვეთზე მდებარეობს.