Google+

სიახლეები

04.05.2012
მიხეილ სააკაშვილი: "არის ორგანოები, რომელთა გათიშვით ორგანიზმი ვეღარ ცოცხლობს - ასეთი ორგანოა საქართველოსთვის აჭარა."

მოგესალმებით ყველას.

6 მაისს აჭარაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის, აჭარის ვარდების რევოლუციის მე–8  წლისთავია და, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

დღეს მსურს ვისაუბროთ აჭარის რევოლუციასთან დაკავშირებულ ისეთ თემებზე, რომლებსაც, შესაძლოა, არასდროს არ შევხებივარ.

მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.

დღეს აქ შეიკრიბეთ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ჩვენთვის თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისთვისაც ღირს ცხოვრება, ვისთვისაც ღირს მუშაობა და ვისთვისაც საერთოდ ვარსებობთ - ვგულისხმობ, მთავრობის წევრებს, პარლამენტარებს და,ზოგადად,  საქართველოს პოლიტიკური კლასს. ყველაფერი, რასაც თქვენ ხედავთ, იქმნება თქვენთვის.

საქართველო ეკუთვნის ახალგაზრდა თაობას და ამას ვამბობ, როგორც უკვე არცთუ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი.

ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული სტუდენტური პროგრამები და, უპირველესად, რამდენიმე მათგანის განხორციელებას ვგეგმავთ.

ამას წინათ გამოვაცხადეთ, რომ შემოგვაქვს სტუდენტური ბარათები, რომელიც ყველა თქვენგანს ექნება. ამ ბარათებით, მაგალითად, ბათუმიდან თბილისში მატარებლით ჩასვლა თქვენთვის ბევრად უფრო იაფი იქნება, შეღავათებით ისარგებლებთ კაფეებში, საბანკო დაწესებულებებში, სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურებში. ამ მიზნით, ახლა სუპერმარკეტებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას...

სტუდენტობა საქართველოში უნდა იყოს პრივილეგია და ეს სტუდენტური ბარათითაც უნდა იყოს განსაზღვრული.

ამ ბარათს ექნება ელექტრონული ჩიპი, რომელსაც სართაშორისო სისტემაში ჩავრთავთ.

ყოველივე ეს გვჭირდება იმისათვის, რომ სტუდენტს, განსაკუთრებით კი მას, ვინც სწავლის საფასურს იხდის და ისედაც დიდი ხარჯი აქვს, გარკვეულწილად გავუადვილოთ ცხოვრება.

მეორე, რაც გვინდა შემოგთავაზოთ, ეს არის სამედიცინო დაზღვევა სტუდენტებისთვის.

ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში შენდება 150 საავადმყოფო. ამას ემატება სხვა დიდი ცენტრები - მაგალითად, კორეელები აპირებენ უზარმაზარი სამედიცინო ცენტრის აშენებას და ამისთვის, დაახლოებით, 250-300 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, საქართველო ამ რეგიონის მთავარი ცენტრი ხდება, ისევე როგორც ბევრი სხვა თვალსაზრისით, მაგრამ ეს მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, უპირველესად, ქართველი ხალხისთვის.

პირველ ეტაპზე ჩვენ საზოგადოების თითქმის ნახევარს ვაზღვევთ, მაგრამ ჩვენი პრინციპული, სტრატეგიული მიზანი არის ის, რომ საქართველოში ყველა ადამიანი იყოს დაზღვეული.

ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს უნდა ქონდეს დაზღვევა ან სამსახურიდან, ან სახელმწიფოს მხრიდან, ან თვად უნდა დაეზღვიოს, მაგრამ დაზღვევის გარეშე არავინ არ უნდა დარჩეს.

ამას ეტაპობრივად მივაღწევთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, წელს ვაზღვევთ 5 წლამდე ბავშვებს და საპენსიო ასაკის ხალხს.

ვინაიდან სტუდენტებს ბევრი ხარჯი აქვთ, ხოლო შემოსავალი -არა, გთავაზობთ იმას, რომ ამის პარალელურად, დაზღვეულთა შემდეგი კატეგორია, იყოს სტუდენტობა - ყველა სტუდენტი უნდა იყოს დაზღვეული.

სტუდენტებს, შესაძლოა, მაინცდამაინც არ გჭირდებოდეთ სამედიცინო მომსახურეობა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც აქ იხსნება, თქვენთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

მესამე საკითხი - ერთი მხრივ, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ უმაღლეს სასაწავლებლებში ჩაბარება „ჩაწყობით“ აღარ ხდება. შესაძლოა, თქვენ ეს არც გახსოვდეთ, მაგრამ მე კარგად მახსოვს, რომ საბჭოთა დროიდან საქართველოს ყველა უმაღლეს სასწავლებელში ტარიფები იყო დაწესებული და მაგალითად, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება 15 ათასი ღირდა, სამედიცინო ინსტიტუტში 20 ათასი და ა.შ.

ნამდვილად დიდი მიღწევაა ის, რომ გამოცდები სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება, მაგრამ ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, მაინც მრჩება უსამართლობის განცდა. თუ, მაგალითად, აბიტურიენტი გარკვეული მიზეზების გამო, გამოცდებზე ვერ დააგროვებს საკმარის ქულებს სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად,  სწავლის პერიოდში, მთელი ოთხი წლის განმავლობაში მას სწავლის საფასურის გადახდა უწევს და არ აქვს შანსი, გაიუმჯობესოს შედეგი.

ეს სამართლიანი არ არის, ამიტომ, მე და დიმიტრი შაშკინმა ვილაპარაკეთ და შემოგვაქვს  შემდგომი ტესტირების სისტემა.

თუკი უნივერსიტეტში სწავლის დროს სტუდენტი გამოიჩენს თავს და წარჩინებულად ისწავლის, წლის ბოლოს მას შეეძლება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სრული სახელმწიფო გრანტის მოსაპოვებლად.

ამით გეძლევათ შანსი, რომ სწავლა დაგიფინანსონ. პირდაპირ ვთქვათ, მე არა ვარ ისეთი თანასწორობის  მომხრე, რომ სახელმწიფომ ერთნაირად დააფინანსოს ის, ვინც არაფერს არ აკეთებს და ის ვინც წარჩინებულად სწავლობს.

სახელმწიფო დაინტერესებულია იმით, რომ კარგად სწავლის სტიმული გაგიჩნდეთ. ჩვენ გაძლევთ შანსს და თუ კარგად ისწავლით, არასდროს არ იქნება გვიან გრანტის გაუმჯობესება.  

ძალიან მახარებს, რომ ვახორციელებთ კიდევ ერთ პროექტს, რომელიც ზაფხულში სტუდენტურ დასაქმებას ითვალისწინებს.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც პირველად დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, მახსოვს,  დიდი აქტიურობა არ იყო.

მთელი საქართველოს მასშტაბით ეს არ გამოგვივიდა, მაგრამ აჭარამ გააგრძელა, და ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი, ვინც ახლა დამამთავრებელ კურსებზე სწავლობს, მაშინ ჩაერთო ამ პროგრამაში.

ახლა ამ პროგრამას წარმოუდგენელი გამოხმაურება ჰქონდა - საქართველოს მასშტაბით, ერთ დღეში 25 ათასი სტუდენტი დარეგისტრირდა. გაოცებული დავრჩი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე სულ სხვა თაობა წამოვიდა, სხვა ხალხი, სხვა მენტალიტეტითა და სხვა განწყობით.

ის 500 ლარი, რომელსაც სტუდენტები საზაფხულო დასაქმების ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში მიიღებენ, შეიძლება, დიდი ანაზღაურება არ არის, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ დღეს ახალგაზრდობას  უნდა მუშაობა, ამის არ ეთაკილება და ამაყობს კიდეც იმით, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო რამ უნდა გააკეთოს.

ამით თითოეული თქვენგანი ახალგაზრდობიდანვე ეჩვევა შრომას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის.

ეს მთელი რიგი იმ ინიციატივებისა, რომელთა განხორციელებასაც განათლების სფეროში ვაპირებთ.

თქვენ ასევე იცით, რომ პიაცისა და სასტუმრო „რედისონის“ უკან შენდება ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც სექტემბრის დამლევს გაიხსნება. ჯერ მისი მხოლოდ ნახევარია აშენებული.

ყველაფერი ერთმანეთს შეავსებს და მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბათუმი საუნივერსიტეტო ქალაქი ხდება.

ბათუმში იქნება თქვენი უნივერსიტეტი, რომელსაც აუცილებლად გავაძლიერებთ და დამატებითი სტიპენდიებისთვის თანხის გამოყოფასაც ვაპირებ, რათა ამ სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის უცხოეთში გაგრძელების საშუალებაც მიეცეთ.

ამას სპეციალურად თქვენი უნივერსიტეტისთვის ვგეგმავ, რადგან საუნივერსიტეტო ტრადიცია ასწლეულებით ითვლება და არ შეიძლება ეს უმაღლესი სასწავლებელი სხვა უნივერსტეტებს ჩამოუვარდებოდეს რამით.

ცარიელ ადგილზე რაიმეს გაკეთება ძალიან ძნელია, ამიტომ აუცილებელია იყოს გარკვეული ბაზა და ამ შემთხვევაში, ეს ბაზა არის თქვენი უნივერსიტეტი.

შემდეგი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, რომელიც 40-სართულიანი - ყველაზე მაღალი უნივერსიტეტი იქნება კავკასიის მასშტაბით.

მგავსი სიმაღლის შენობებს სხვაგან ოფისებისთვის, სასტუმროებისთვის აშენებენ, ჩვენთან კი ყველაზე მაღალი შენობა უნივერსიტეტი იქნება.

შენობის შიგნით, 35 სართულზე იქნება „ეშმაკის ბორბალი“-ს მსგავსი ატრაქციონი, რომლის  ზემოთ განთავსდება სტუდენტური სასადილო და ბიბლიოთეკა.

ახლა მსურს 6 მაისის - ამ თარიღის მნიშვნელობაზე გესაუბროთ. ეს საზეიმო თარიღია, მაგრამ კარგად ვიცი, რომ აჭარაში და დანარჩენ საქართველოში ყველას არ ეზეიმება.

აქ ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა.

წინა მხარეს უკვე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ შიდა კვარტლებში საკმაოდ დიდი სამუშაოა შესასრულებელი.

ახლა მთელი ბათუმის მასშტაბით მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ ბათუმსა და მთლიანად აჭარაში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით იმდენად კატასტროფული მდგომარეობა იყო, რომ კიდევ ათი წელია საჭირო ყველაფრის გამოსასწორებლად.

სხვათა შორის, შავ ზღვაზე პირველად შემოდის „როიალ კარიბიანი“, რომელიც ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანიაა მსოფლიოში.

ჩემს ბავშვობაში იყო გემი „შოთა რუსთაველი“, მე არასოდეს არ მოვხვედრილვარ იქ, მაგრამ როდესაც აქ ან სოხუმის პორტში ჩამოდგებოდა-ხოლმე, ყველა პირდაღებული უყურებდა.

რა თქმა უნდა, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, „შოთა რუსთაველი“ დაჭრეს და გაყიდეს. ახლა მასზე ორჯერ და სამჯერ დიდი გემებიც შემოვა „როიალ კარიბიანის“ მეშვეობით.

ამ კომპანიის დირექტორის პირველი მოთხოვნა, ბათუმის გარეუბნების დათვალიერება იყო. წაიყვანეს და ყველა უბანი აჩვენეს - სადაც მივიდა ყველგან რაღაც კეთდებოდა.

გაოცებული დარჩა და თქვა: „ჩვენი გემები დადის კარიბის კუნძულებზე, ცნობილ ტურისტულ ზონებში, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ადგილებში, მაგრამ ყველგან მხოლოდ წინა ფასადებია გაკეთებული - როგორც კი ტურისტი ცოტა მოშორებით გადის, ისეთი გაუბედურებული და ჩამონგრეულია ყველაფერი, ისეთი სიღარიბე და სასოწარკვეთა ხვდება, რომ არაფერი აღარ მოგინდება. თქვენთან კი ყველგან რაღაცა ხდება“.

სხვათა შორის, ერთი რამ გვირჩია: გადაიღეთ არსებული სიტუაცია, რომ შემდგომ თაობებს არ დაავიწყდეს რა ვითარება იყოო.

მე სხვა სურვილი მაქვს - მინდა, რომ ეს დაგვავიწყდეს; სულ არ მინდა ვთქვათ, რომ აქ ასეთი საშინელება ხდებოდა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი იყო ბათუმი. ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე ჩაბნელებული ქალაქი მსოფლიოში - აყრილი გზებით.

ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ცდილობდნენ, რომ დასავლეთ საქართველოზე, ფაქტობრივად, არავითარი კონტროლი არ გვქონოდა.

ამიტომაც გადაგვაქვს პარლამენტი ქუთაისში.

დასავლეთ საქრთველოზე კონტროლი განსაკუთრებით აინტერესებდა რუსეთს.

აფხაზეთი არის უძველესი ქართული მიწა, მაგრამ ყოველთვის შთაგვაგონებდნენ, რომ ის არ იყო საქართველოს შემადგენლობაში.

ამას წინათაც ვიხსენებდი, რომ საბჭოთა კრიტერიუმებით, სოხუმზე სიმღერის დაწერაც არ შეიძლებოდა; იქ ქართული ფილმის გადაღების საშუალებას არ გვაძლევდნენ - ამაზე ფულს არ ყოფდნენ...

უნდოდათ შთაეგონებინათ ჩვენთვის, რომ ის არ არის საქართველოს შემადგენლობაში - ეს იყო მათი მენტალიტეტი.

მათ მოსწონდათ ეს მიწა და ამიტომაც ცდილობდნენ ამაში ჩვენს დარწმუნებას.

საბჭოთა პერიოდში ერთ-ერთი აღწერის დროს, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი არა ქართველებად, არამედ მუსულმანებად ჩაწერეს - ეთნიკურობის ნიშნით ადამიანების ჩაწერა საბჭოთა სტილი იყო.

აჭარასთან მიმართებაში საბჭოთა კავშირი თანადათან აქრობდა გრაფას „ქართველი“...

შესაძლოა, ეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თბილისელებსა და ბათუმელებს შორის მუდმივად გაწევ-გამოწევა იყო; იგივე ხდებოდა თბილისელებსა და სოხუმელებს შორის. იყო მუდმივი ჩხუბები, გარჩევები, ეჭვიანობა... და ასე მართავდა ის რეჟიმი.

შემდეგ მოვიდა ასლან აბაშიძე, რომელიც ყოველივე ამის -  კვინტესენციური ფეოდალიზმისა და ყველა იმ საშინელების განსახიერება იყო, რაც საქართველოს წარსულიდან გვახსოვს.

იგი ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც ნამდვილი ფეოდალი.

თქვენ ეს არ გემახსოვრებათ, მაგრამ 98 წელს ჩამოვედი აქ, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, ახალგაზრდა რეფორმატორი და კარგად მახსოვს - ასლანმა დაიწყო კანონების მიღება, რომელთა საშუალებითაც აჭარა გაყავდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან.

კერძოდ, დააწესა, რომ აქაური კანონები იყო უფრო მაღლა უნდა მდგარიყო, ვიდრე ცენტრალური კანონები, მაგალითად, თავდაცვის სფეროში.

მიიღო კანონები, რომელთა საშუალებითაც დაირქვა აჭარის ავტონომიის მეთაური, რაც იმას ნიშნავდა, რომ იყო იმ შეიარაღებული ძალების მეთაურიც, რომელსაც აქ წინასწარ ქმნიდა და მხოლოდ მას ემორჩილებოდნენ.

ფინანსური სისტემა მთლიანად გაიყვანა საქართველოს ფინანსური სისტემიდან.

მახსოვს, პარლამენტის ბიუროს გასვლითი სხდომა გვქონდა, ჩამოვედით აქ  და ფეხბურთის მატჩი იმართებოდა და მთელი პარკი და ბულვარი მხოლოდ იმის გამო იყო გადაკეტილი, რომ ასლანის პატარა შვილიშვილი თავისი ელექტროკარტინგით სეირნობდა. ბათუმში ისედაც მხოლოდ ერთი გზა იყო დაგებული.

ერთხელ, ბავშვი, რომელიც დაცვას ჰყავდა ჩაბარებული, ერთ-ერთ პარკში დაიმალა და ხუთი წუთის განმავლობაში ვერ იპოვნეს. დაცვის ის თანამშრომელი ასლან აბაშიძემ საკუთრი ხელით ცემა და ყველა უყურებდა, როგორ გამოჰქონდათ იქიდან გასისხლიანებული ტანსაცმელი.

მისი ოჯახის წევრები შედიოდნენ რესტორნებსა და კაფეებში, დაკეტავდნენ და როგორც უნდოდათ ისე იქცეოდნენ.

ასეთ კაცს, თბილისიდან ჩამოსული ინტელიგენციის ზოგიერთი უთავმოყვარეო წარმომადგენელი ბატონობით მიმართავდა და საქართველოს გადამრჩენელსა და დიდ ქართველ მოღვაწეს უწოდებდა.

ამასობაში, აჭარა ნელ-ნელა გადიოდა საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან.

ისიც მინდა გაგახსნოთ, ამის ჩანაწერებიც არსებობს, როგორც კი თბილისში ვითარება იძაბებოდა, შევარდნაძე პირდაპირ მოუწოდებდა და უბიძგებდა მას, გამოეცხადებინა აჭარის დამოუკიდებლობა. მთავარი იყო თბილისში შეენარჩუნებინა სკამი, ყველაფერზე მიდიოდა. მაგალითად, ხელი რომ არ მოეწერა აფხაზეთში სამშვიდობო ხელშეკრულებზე და რუსი „სამშვიდობოები“ რომ არ შემოეყვანა, როგორ შეინარჩუნებდნენ აფხაზები, ვთქვათ, გალსა და ოჩამჩირეზე,  გულრიფშსა და ტყვარჩელზე კონტროლს? მოსახლეობა იქ საერთოდ არ არის... დააყენა ჯარი, ოღონდ კი თბილისში შეენარჩუნებინა ხელისუფლება.

თუნდაც ცხინვალის მაგალითი განვიხილოთ - დაგომისის ხელშეკრულებით, იქ რუსები რომ არ ჩაეყენებინა როგორ შეინარჩუნებდნენ სეპარატისტები პოზიციებს? ამას ვერაფრით ვერ შეძლებდნენ...

ზუსტად ასევე უბიძგებდა ამისკენ ასლან აბაშიძეს.

აჭარაში, კლასიკური სახელმწიფოებრივი სეპარატიზმი იყო, როგორიც ეს ბევრ სხვა ქვეყანაშია და საქართველოშიც ისტორიულად არსებობდა.

ამიტომ, მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ ასლანთან ერთად 2003 წელს ყველაფერი გააკეთა არჩევნების მოსაგებად, წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ვარდების რევოლუცია რომ არ მომხდარიყო. 

ამ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივად აჭარა, პრაქტიკულად, აღარ იქნებოდა საქართველოს შემადგენლობაში.

რეალურად, ვარდების რევოლუცია ასევე იყო ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.

მაშინაც ასე მჯეროდა და ახლაც ასე ვფიქრობ - მაშინ რომ აჭარა დაგვეკარგა, საქართველოს სახელმწიფოს საერთოდ აღარ ექნებოდა მომავალი.

ადამიანს აქვს ორგანოები, რომლებიც შეიძლება, დროებით გაეთიშოს, მაგრამ შემდეგ ისევ აღდგეს და განაგრძოს სიცოცხლე; მაგრამ არის ორგანოები, რომელთა გათიშვით ორგანიზმი ვეღარ ცოცხლობს - ასეთი ორგანოა საქართველოსთვის აჭარა.

აი ასეთ მდგომარეობაში ვიყავით.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ ინაუგურაციის გამართვა მათ აქ არ სურდათ, ბათუმში მაინც ჩამოვედით. ცერემონიალი სულ რამდენიმე წუთი გაგრძელდა, აჭარაში ძალიან ბევრი ხალხი იყო ისეთი, რომელიც ჩვენამდე არ მოუშვეს, ჩვენი გასვლის შემდეგ კი  რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს და ცემეს.

ამის შემდეგ, აჭარა აგრძელებდა დაუმორჩილებლობას და ვიცოდით, რომ  ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ამიტომ, როდესაც ასლანი ინსტრუქციების მისაღებად, მორიგ ტურნეს აწყობდა მოსკოვში, გადავწყვიტეთ გაუფრთხილებლად ჩამოვსულიყავით, შევსულიყავით მთავრობის სახლში და გვეთქვა, რომ აქ არის საქართველოს მთავრობა, საქართველოს ხელისუფლება.

ასეც მოვიქეცით. რა თქმა უნდა, მანქანებით წამოვედით. გზად, სამი ძირითადი პოსტიდან აჭარის უშიშროებას გადასცეს, რომ მათთვის გაურკვეველი მისიით მივდიოდით.

მაშინ „გაი“ მთლიანად კორუმპირებული იყო და ამ შემადგენლობასა და რუსეთს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. აქედან გამომდინარე, დილის 6 საათზე ჩოლოქზე უკვე კარგად შეიარაღებული რაზმები დაგვხვდა, რომელსაც ყველა პოზიცია დაკავებული ჰქონდათ.

მანქანიდან გადმოვედი, მაგრამ ჩვენმა დაცვამ, რომელსაც ამერიკული ამომცნობი აპარატები ჰქონდათ, გვაჩვენა, რომ ყველგან ჩასაფრებული იყო  შეიარაღებული ხალხი. მათ შეეძლოთ შეტაკება, მაგრამ მსხვერპლი ორივე მხრიდან იქნებოდა.  

იქ 3 ათასი კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი იდგა.

დავბრუნდით ფოთში, მაგრამ გადავწყვიტეთ ასლანის ჩამოსვლისთვის შეგვეშალა ხელი, რადგან ეს უკვე ღია სამხედრო აჯანყება იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მაშინ ორი სამხედრო კატერი გვყავდა, რომელიც აეროპორტის წინ, რეიდზე დავუყენეთ. მან იფიქრა, რომ ჩვენ მისი ჩამოგდება გვინდოდა. მსგავსი განზრახვა არც გვქონია, მაგრამ ასე მიიჩნია. რუსებმაც თვითმფრინავში რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი და „გოსდუმის“ დეპუტატები ჩაუსვეს და ასე ჩამოვიდა.

ამის შემდეგ, ფოთში სამხედრო სწავლება გვქონდა და თბილისიდან სამხედრო ვერტმფრენით გამოვფრინდი. მიუხედავად იმისა, რომ ფოთში მივდიოდით, მფრინავს ვთხოვე, რომ ჩოლოქის თავზე წრე გაეკეთებინა - მინდოდა მენახა რა ხდებოდა და შემდეგ გაგვეგრძელებინა გზა ფოთისკენ.

იმ პერიოდში, ჩოლოქი გამაგრებული ჰქონდათ, მაგრამ ადგილზე მეთაურები არ ჰყავდათ და რუსი გენერალი ნეტკაჩოვი ჩამოიყვანეს, რომელიც აჭარას საქართველოს ხელისუფლებისგან იცავდა. იმავდროულად, რუსეთის ტელევიზიებით აღვივებდნენ თემას „аджарско-грузинский конфликт“... 

მფრინავმა დამიჯერა, მაგრამ უცბად მკვეთრად გადაუხვია ფოთისკენ. აღმოჩნდა, რომ ნეტკაჩოვმა ვერტმფრენის ჩამოგდების ბრძანება გასცა, თბილისმა სიგნალი დაიჭირა და გადასცა ჩვენს მფრინავს.

მეორე ინციდენტიც მახსოვს:

დიდი გარჩევებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, გვითხრეს, რომ შეგვიშვებდნენ, თანაც თუ თვითმფრინავით ჩავიდოდით. ჩვენ არ დავთანხმდით და მაინც მაქანით წავედით, გზად უამრავი ხალხი დაგხვდა, რომლებმაც ძალიან კარგად მიგვიღეს. ბათუმში ჩასვლისთანავე დღევანდელი მერიის წინ მდებარე კერძო სახლის აივნიდან, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად, მივმართე ხალხს.

იმავე საღამოს ისიც გავიგე, რომ ჯემალ გოგიტიძე ეკითხებოდა: ბატონო ასლან, რა ვქნათო - თურმე სნაიპერებს ვყავდი მიზანში ამოღებული. ე.ი. იმ მომენტში ამ სეპარატისტსა და არცთუ დაბალანსებულ ადამიანის გადაწყვეტილებაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული.

ბოლოს, ჩამოვედი მარტში და საუბრის დროს, რომელსაც გვერდზე ოთახიდან მოსკოვის მერი ადევნებდა თვალს, სახლიც შემომთავაზეს გონიოში თუ კვარიათში და მოსკოვში ბინაც. 

ეგონათ, რომ ერთნამეთს ხელს ჩამოვართმევდით და თავს დავანებებდი.

მთავარი შემდეგ მოხდა - ჩვენ ვიყავით მზად ყველაფრისთვის, ძალიან ახლოს ვიდექით კონფლიქტთან, მაგრამ ამ ვითრებიდან გამოსავალი თავად აჭარის საზოგადოებამ მონახა.

აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთმა აქ დასაყრდენი ძალა ხალხში ვერ იპოვნა, ხალხი ვერსად ვერ გაყარა და, რეალურად, საზოგადოებამ თავიდან აგვაცილა დიდი ძალადობა.

საზოგადოებამ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა, რადგან ისინი მზად იყვნენ იმისთვის, რომ ესროლათ და ხალხი გადაეთელათ.

მათ უკან იდგა რუსის ჯარი. ნეტკაჩოვმა ააფეთქა დამაკავშირებელი ხიდები და ეს იყო ბოლო წვეთი. ამით მათ თქვეს, რომ აჭარა უკვე აღარ იყო საქართველოს შემადგენელი ნაწილი, არა მხოლოდ იურიდიულად, როგორც მანამდე, არამედ ფიზიკურადაც.

ასე დეტალურად ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს ძალინ მნიშვნელოვანი მომენტი იყო საქართველოს ისტორიისთვისაც და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც, რადგან ჩვენ კიდევ გვაქვს ტერიტორიები, რომლებზეც უნდა აღვადგინოთ კონტროლი.

ჩვენ არ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, საქართველოს აქვს ტერიტორიები, რომელიც იურიდიულად, სამართლებრივად, სამართლიანობის თვალსაზრისით, ისტორიულადაც მისია, მაგრამ დროებით ვერ ვაკონტროლებთ იმის გამო, რომ იქ დგას საოკუპაციო ჯარი.

თუმცა მომავალში იქაც მოხდება ის, რაც მოხდა აჭარაში და გავლენ ისე, როგორც გავიდნენ აქედან. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთს ვიღაცამ ხელიდან გამოგლიჯა სიტუაცია პოსტსაჭოთა სივრცეზე.   ვერსად ვერავინ ვერ მოახერხა რუსეთის ვეტოს დაძლევა - ვერც დნესტრისპირეთმა და ვერც სხვა ადგილებმა, სადაც მსგავსი პრობლემებია, მაგალითად, იგივე, შუა აზიაში.

ეს მოახერხა ქართულმა საზოგადოებამ და, განსაკუთრებით, აჭარის საზოგადოებამ.  

ჩვენს შორის დაძაბულობა ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო, არა იმიტომ, რომ ვიღაცაზე რაღაც ვთქვი.

როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ივანოვი, რომელიც არ იყო ცუდი ადამიანი და ქართველების მიმართ ყველაზე კარგად სწორედ ის იყო განწყობილი, ჩამოვიდა აქ აბაშიძის შენარჩუნების მანდატით და ყველაფერი გააკეთა ამისთვის.  

კარგად მახსოვს, პირველი ზარი პუტინისგან, რომელმაც მითხრა: აჭარასთან დაკავშირებით ისეთი მოულოდნელი რამ გააკეთეთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენგან „საჩუქრებს“ ნუღარ დაელოდებით, არაფერი არ გამოგივათო.

ეს მან განახორციელა კიდეც, მაგრამ ეს დროებითი რეალობაა და, რა თქმა უნდა, არ შერჩებათ.

იმ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხალხის ფსიქოლოგიის შეცვლა - კარგად მახსოვს, როგორ აუცხოებდნენ აქაურ საზოგადოებას დანარჩენი საქართველოსგან.

ამ მოვლენების შემდეგ, ხალხი ძალიან ბედნიერი იყო და გამოდიოდნენ ქუჩაში. ბობოყვათში მართავდნენ პრესკონფერენციას, რომელიც აჭარის ტელევიზიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სადგურის მეშვეობით (ПТС) ღია ეთერით უნდა გასულიყო თბილისშიც.

დარჩენილმა „ასლანისტებმა“ გამოიყვანეს ერთ-ერთი უბნის მოსახლეობა, იმ მიზეზით, რომ თითქოს თბილისელებს აჭარის ტელევიზიის ქონება გაჰქონდათ თბილისში და ამ ПТС-ს გზა გადაუკეტეს.

წარმოიდგინეთ, როგორ ფსიქოლოგიას ამკვიდრებდნენ აქ! მართალია, ყველა კეთილგანწყობილი იყო ჩვენს მიმართ, მაგრამ პირველივე შემთხვევისას, გაუჩნდათ შიში, რომ თბილისი გაძარცვავდა აჭარას. 

აი, ეს გადალახა თქვენმა თაობამ და ეს არის მთავარი, რაც აქ შეიცვალა - აი, ეს არის მენტალური რევოლუცია.

საქართველოს მთავარი რესურსი ხმარდება დღეს აჭარას და არა მარტო იმიტომ, რომ აქ ასეთი რამ მოხდა - აქ არის წარმოუდგელად დიდი პოტენციალი.

რამდენიმე დღის წინათ, აქ დონალდ ტრამპი იყო ჩამოსული. იგი მსოფლიოში და, ალბათ, ისტორიაში ყველაზე ცნობილი დეველოპერია, რომლის სახელი იცის ყველა ამერიკელმა, ყველა რუსმა, ყველა უკრაინელმა, ყველა სინგაპურელმა  და ა.შ.

მან თქვა, რომ 5 წელიწადში ბათუმი ყველაზე მაგარი ადგილი იქნება მსოფლიოს მასშტაბით. ტრამპი თავის სახელს და სიტყვებს ძალიან უფრთხილდება. გაოგნდა აქაურობით.

მახსოვს, CNN-ის ცნობილი წამყვანი ჯიმ კლენსი აკეთებდა საქართველოზე რეპორტაჟს და ყურებს არ დავუჯერე, ისეთი რამ თქვა: ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, ძალიან ბევრი რამ გამიშუქებია და ისეთი სასწაული არსად არ მინახავს, როგორიც ბათუმში ხდებაო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანი CNN-ის წამყვანია და ისიც ძალიან უფრთხილდება საკუთარ სიტყვებს.

ამიტომ ჩვენ ყველანი ვქმნით იმას, რაც არის საქართველოსთვის წარმოუდგენელი პოტენციალი და უკეთესი მომავლის „ბილეთი“.

რა თქმა უნდა, ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა; რა თქმა უნდა, მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ აქვე წარმოიშვა ძალიან ბევრი რამ.

წარსულში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტი იყო ტყუილი.  ერთ-ერთი იმ გზავნილებიდან, რომელიც ხშირად მსმენია, მათ შორის, ბათუმში, არის ის, რომ თურმე მთავრობას სურს აჭარაში 23 ათასი უცხოელი  ჩამოასახლოს.  

ის, ვინც ამას ქადაგებს, საქართველოს მტერია, ხოლო ის, ვინც ამას იჯერებს, მთლად კარგად არ უნდა იყოს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება ქართველების მიერ, საქართველოს სახელით და საქართველოს გასაძლიერებლად.

მიმდინარე მშენებლობების 90 პროცენტს, ქართველები აწარმოებენ. მაშინ, როდესაც, მაგალითად, მოსკოვში მშენებლობების თითქმის 100 პროცენტი უცხოურია.

მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა „ორბი“, რომელმაც ყველაფერი სამსართულიანი სახლის მშენებლობით დაიწყო, ახლა 25 სართულიან და 34 სართულიან შენობებს აშენებს და 60 სართულიანის აშენებას გეგმავს.

ეს არის თავიდან ბოლომდე აჭარული კომპანია, რომელიც გაფართოებასაც აპირებს, რათა საქართველოს დანარჩენ ქალაქებშიც ააშენოს და უცხოეთშიც გავიდეს.

აქ წარმოიშვა ადგილობრივი ბიზნესები, ადგილობრივი ადამიანები ქმნიან ყველაფერს.

როდესაც სინგაპურიზაციაზე ვლაპარაკობ, უნდა აღვნიშნო, რომ სინგაპური ვიღაცას არ აუშენებია. სინგაპურის მოსახლეობა 5 მილიონია და კლიმატითა და რელიეფით, იქაურობა ძალიან ჰგავს ბათუმს. იქ ყველა ადამიანი რაღაცას წარმოადგენს და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით ევროპის ყველა ქვეყანას აღემატება. იქ ყველას აქვს განსაკუთრებულობისა და იმის განცდა, რომ საკუთარი ხელით ქმნის თავის ქვეყანას.

თანდათანობით აქაც უნდა გაჩნდეს იგივე განცდა, რომ ადგილობრივები აწარმოებენ ბიზნესს, ადგილობრივები ქნიან წარმოებებს...

რა თქმა უნდა, შესაძლოა, საწყისი კაპიტალი უცხოური იყოს, მაგალითად, უკრაინელები აქ სათბურებს აკეთებდნენ - ამ დღეებში ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, მათ მანდარინის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნეს; ასევე თურქები დებენ  ტექსტილში ფულს; ამერიკელები შემოდიან...

საწყისი კაპიტალი ყველგან საიდანღაც მოდის, მაგრამ, საბოლოოდ, ქართველებმა უნდა მიიღონ ცოდნა და გამოცდილება, თავისი წილი უნდა ჰქონდეთ და შემდეგ საკუთარი ბიზნესები გახსნან და ამ ბიზნესებმა აჯობონ უცხოელების მიერ შექმნილ ბიზნესს.

მეორე, რაც ასევე კეთდება აქ, დიდ ტურისტული ცენტრს შეეხება.

გაიხსენეთ, როდის იწყებოდა სეზონი აჭარაში? როდის და - ივლისის ბოლოს.

გუშინ წინ ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა აქ და ერთი ნომერიც ვერ იშოვეს სასტუმროებში - ეს ხომ გამაოგნებელია?

თანაც ახლა - აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველა სასტუმრო სავსეა.

ასლანის დროს აქ 200 ათასი დამსვენებელი ჩამოდიოდა, რომელთა შორის,  99 პროცენტი ქართველი იყო. წელს, მინიმუმ, ორნახევარ მილიონ ტურისტს ველოდებით.

ადამიანი, რომელიც აქ ჩამოდის, ხარჯავს და, შესაბამისად, ტოვებს ფულს, რომელიც შემდეგ სხვადასხვა ბიზნესში ნაწილდება  და ა.შ.

ტურიზმი არის დიდი პოტენციალი.

მეორე ეს არის ფინანსური მომსახურება. ახლა აჭარის მთავრობამ დაამუშავა კანონი ფინანსური ზონის შესახებ. ბათუმის სანაპირო ზოლი, ახალი ბულვარის გაყოლებაზე, პრაქტიკულად, იმავე სიგრძის მონაკვეთით დაგრძელდება გონიოსკენ, რამხელაც უკვე არის. იქ შენდება ბათუმის ახალი, საუკეთესო სტადიონი, კარტინგების ცენტრი, სასტუმროების მთელი ქსელი...

თბილისში 50 ათასი კაცი შეიკრიბა სტადიონზე და მოითხოვდნენ სააკაშვილის წასვლას. ესენი იყვნენ ყოფილი ნომენკლატურის წარმომდგენლები - სამსახურიდან გათავისუფლებული „გაიშნიკები“, მთავრობის წევრები და ყოფილი ელიტა, რომელიც ვერ შეეგუა იმას, რომ საქართველოში ყველაფერი შეიცვალა. იმ პერიოდში დავიწყეთ ახალი ბულვარის მშენებლობა და როდესაც ვთქვით, რომ ამას თვენახევარში დავასრულებდით, ყველამ დამცინა, მაგრამ, თქვენ იცით, რომ ეს ასეც მოხდა.

მაშინ ვთქვით, რომ ბათუმი ყველაზე კარგი ადგილი იქნებოდა შავ ზღვაზე და  დღეს ბათუმი მართლაც საუკეთესო ადგილია მთელ შავი ზღვისპირეთში.

ბათუმი შენდება მთლიანად, მაგრამ გონიოს უკანა მხარეს გაკეთდება დიდი ფინანსური ზონა, სადაც სრული თავისუფლება იქნება ფინანსური ტრანზაქციების თვალსაზრისით.

ეს იქნება ძალიან დიდი ინდუსტრია ბათუმისთვის, აჭარისთვის და აქედან გამომდინარე, დანარჩენი საქართველოსთვის.

ეს იქნება ახალი ბათუმი, სადაც ახალი 40, 50 და 60 სართულიანი კორპუსები აღიმართება...

ამ ზონის სრულად ამოქმედებას, ვფიქრობ 10 წელი მაინც დასჭირდება, მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია. ახლა ვიღებთ კანონს და წლის დამლევს ამოქმედდება კიდეც.

აქ ძალიან სწრაფად, თავადაც ნახავთ, სოკოებივით გამრავლდება ოფისები, შენობები, გაფართოვდება ბათუმის აეროპორტი, დასრულდება ფოთის აეროპორტის მშენებლობა. ფოთიდან ავტობანი პირდაპირ აქ შემოვა და ნახევარი საათის სავალიც არ იქნება, აეროპორტისთვის კი ნახევარსაათიანი დისტანცია არაფერი არ არის.

ავტობანი აქ თბილისიდანაც მოვა და სტამბულამდე ავტობანს შეუერთდება. ასე რომ, ინფრასტრუქტურა გამართული გვექნება.

მესამე, ეს არის ტექნოლოგიები.

ჩვენ აქ გვინდა ტექნოლოგიური პარკის შექმნა, მათ შორის, ახალი უნივერსიტეტის ბაზაზე და ის წარმოებები, რომლებიც ახლა შენდება თანდათან უნდა გახდეს მაღალტექნოლოგიური.

ჩვენ გვექნება ტექსტილის ახალი ფაბრიკა, მაგალითად, წელს ორი ასეთი წარმოება იხსნება, სადაც შეკერავენ „ადიდასს“, „ნაიკი“ შემოდის. ასევე იცით, ალბათ, რომ „ლოტო“, „პუმა“ და სხვა ბრენდები უკვე გახსნილია, მაგრამ ეს მაინც დაბალტექნოლოგიური წარმოებაა.

ჩვენი გვჭირდება მაღალტექნოლოგიური წარმოებები და ამის პოტენციალი გვაქვს.

ძალიან განათლებული ხალხი ხართ და სწორედ თქვენ უნდა აამუშაოთ აქ ყველაფერი.

ამაზე იმიტომ გელაპარაკებით, რომ ეს ქალაქი ბევრი მიმართულებით ხდება ცენტრი.

ადრე ხალხი აქედან მიდიოდა - ზოგი რუსეთში, ზოგიც უკრაინაში, ბევრი გემებზე მიდიოდა... ეს ამუშავებს ეკონომიკას.

ბიზნესის და, შესაბამისად, ფულის გასაკეთებლად, ამიერიდან, აქ ჩამოვა ყველა.

ეს იქნება ბაზა იმისათვის, რომ საქართველომ გააკეთოს ნახტომი და ჩვენი გეგმაა, რომ მომავალი წლიდან ყოველ წელიწადს, მინიმუმ, 10 წელი იყოს ეკონომიკური ზრდის 10-პროცენტიანი მაჩვენებელი, ან მეტი.

მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება სწორედ ბათუმი.

თვის მხრივ, ბათუმს მიებმება უკვე ფოთისა და შემდგომ, ლაზიკის  ეკონომიკური ზონა.

ის, რომ ქუთაისში გადმოდის პარლამენტი; ის, რომ დასავლეთ საქართველო იქნება მთავრობის ცენტრი; ის, რომ ხდება დეცენტრალიზაცია, აქაურობის განვითარებას ძალიან უწყობს ხელს.

ამას გარდა, ბათუმში გადმოვიდა საკონსტიტუციო სასამართლო და ამისთვის ესეც დიდი ხელშემწყობი ფაქტორია.

ის, რაც დაინახა ტრამპმა, დიდი ხნის წინათ ვივარაუდე, მაგრამ 2-4 წელიწადში ამას მთელი მსოფლიო დაინახავს.

ჩვენ ვიქნებით წარმოუდგენლად კარგად, საუცხოო ადგილზე და ყველანი ერთად ვნახავთ ამ წარმოუდგენელ სასწაულს.

ჩვენ შევეჩვიეთ და ეს ჩვეულებრივი რამ გვგონია, მაგრამ სინგაპურისა და ჰონგ–კონგის გარდა, მსოფლიოში მსგავსი რამ არსად არ აშენებულა და მსოფლიო ისტორიას  არ ახსოვს.

ეს კი მხოლოდ დასაწყისია.

სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ კრიზისის დროს, მშენებლობა აქ არ გაჩერებულა.

ცოტა ხნის წინათ ქუთაისში შემდუღებლები გვჭირდებოდა, სადაც პარლამენტის შენობა გვაქვს დასამთავრებელი (ძირითადად, დარბაზი და გარე სამუშაოებია დასამთავრებელი, თორემ მთლიანად მის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება), 30-დან 28 სპეციალისტი ბათუმიდან წაიყვანეს, რადგან აქ საუკეთესო ხელოსნები არიან.

ყველა ამწეს ყველა ოპერატორი, რომელიც ანაკლიასა და თბილისში - რიყის პარკის მშენებლობაზე დაგვჭირდა, არის აქედან.

ხალხმა მიიღო გამოცდილება და აქ უკვე ყველაზე სწრაფი და ეფექტიანი მშენებლები. არადა, თავდაპირველად, ბათუმის მშენებლობებზე თურქები მუშაობდნენ.

მინდა მათ გასაგონად ვთქვა, ვინც ამბობს, რომ უცხოელების ჩამოსახლება გვაქვს გადაწყვეტილი. პრაქტიკულად, ის უცხოელებიც ქართველებით ჩანაცვლდა, რომლებიც ბათუმის მშენებლობებზე იყვნენ დასაქმებული - ჩვენები დღეს უკეთესად აკეთებენ ბევრ რამეს.

უფრო მეტსაც გეტყვით, თურქულ კომპანიებს, რომლებიც მაღალმთიან აჭარაში და, განსაკუთრებით, ჯავახეთში ჰესებს აშენებენ, აფრიკასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ საქმისთვის ჩვენი ინჟინრები და მშენებლები  მიყავთ.

ადრე არქიტექტორების 100 პროცენტი უცხოეთიდან გვყავდა შემოყვანილი, ახლა კი ჩვენი არქიტექტორები აპროექტებენ. ყველა სახლი, რომელიც აქ შენდება, თავისებურად, განსაკუთრებულია და არც ერთი არ არის მიფუჩეჩებული. ყველა ქუჩა არაჩვეულებრივად კეთდება. 

სინგაპურის მაგალითს ხშირად ვიყენებ, რადგან იქ ყველაფერი სანიმუშოა.  მე და ლევან ვარშალომიძე ვიყავით ჩასული, ლევანი ყველა ხესთან დიდხანს იდგა, ფოტოებს უღებდა  და შემდეგ ყველაფერი შეუკვეთა.

ჩვენ ხომ მათგან ვიღებთ იმას, რაც მოგვწონს, მაგრამ როდესაც ტრამპმა დაინახა ჩვენი პალმების განათება, 500 ბროშურა გაგვაგზავნინა თავისი კომპანიებისთვის ფლორიდასა და კალიფორნიაში.

ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ სხვებისგან, მაგრამ, საბოლოოდ, მოვა დრო, როდესაც სინგაპურიც ისწავლის ჩვენგან და ყველა სხვა ქვეყანა.

არაფერს რომ არ ვაზვიადებ, ამას თქვენც ხედავთ. ამის მომსწრე ყველანი  მალე გავხდებით.

ტელევიზიით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმების განხორციელება მათ არ შეუძლიათ.

საქართველოს რეფორმების შედეგი მხოლოდ ის არ არის, რომ პოლიცია  ქრთამს არ იღებს; ან ის, რომ იუსტიციის სახლები, პირველად, საქართველოში აშენდა; ან ის, რაც საბაჟო და საგადასახადო სისტემებში ხდება...

საქართველოს რეფორმები ახლა უკვე არის ვიზუალი - საქართველოს ყველა ადგილი ვითარდება.

უპირველესად, ბათუმის განვითარება დავიწყეთ. მახსოვს, ქუთაისში ხუმრობდნენ კიდეც: აქეთ-იქით რომ გადაიფრენს, ხელი მაინც დაგვიქნიოსო. ბოდიშს ვუხდი ყველა ქუთაისელს, ვინც ჩემზე ნაწყენი იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა აღარ აქვთ ამის საბაბი. 

Facebook-ის ჩემს გვერდზე დღესაც ხშირად ვკითხულობ: ყველგან რომ რაღაც კეთდება, ხაშურში ან კასპში რატომ არ აკეთებთ;  ან ლაგოდეხმა რა დააშავა...

საქართველოს ყველა კუთხეში რაღაც კეთდება, რომელიმე ადგილიდან უნდა დაიწყო, მაგრამ ერთ დღეში ვერაფერს მივაღწევთ, ყველაფერს თავის დრო აქვს.

ამდენი ნგრევის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველოში ჯერ კიდევ წარმოუდგენლად დიდი სამუშაოა შესასრულებელი.

ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული. სიღარიბის მაჩვენებელი 2.5-ჯერ შევამცირეთ, მაგრამ აქვე, ბათუმში, ქედაში, ხულოსა და სხვა რაიონებში ნახეთ როგორი სიღარიბეა...

თუმცა ეს მდგომარეობა დროებითია, თუ ზუსტად გვეცოდინება საით და როგორ მივდივართ.

ჩვენ ახლა გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების კონსოლოდაცია. საქართველოს გარშემო ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითრებაა შექმნილი, მაგრამ თუ ჩვენ ძალიან წარმატებული ვიქნებით, ხელს ვერავინ ვეღარ გვკრავს.

ჩვენ სულ ნატო და ევროკავშირი გვაკერია, მაგრამ თუ ყველაფერს ბოლომდე მივიყვანთ, არც ნატო იტყვის საქართველოზე უარს და არც ევროკავშირი.

ჩვენთვის სირთულე მანამდე შეიქმნება, ვიდრე ეგონებათ, რომ მორიგი ჩამორჩენილი და გაუბედურებული ქვეყანა მიადგა მათ კარს.

მაგალითად, ნატო-ს ძალიანაც უნდა, რომ ფინეთი გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, ევროკავშირს დიდი სურვილი აქვს, რომ ნორვეგიაც შევიდეს მათ რიგებში. ორივე განვითრებული ქვეყანაა და საზოგადოებას არ მიაჩნია საჭიროდ ამ ორგანიზაციების წევრობა.

ასევე უნდა ვიყოთ ჩვენ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ამ გაერთიანებების წევრი ქვეყანა. ჩვენც უნდა მივაღწიოთ განვითარების ისეთ დონეს, რომ თავად მიგვიწვიონ.

როდესაც აქ, მაგალითად, 100 ათსი გერმანელი ტურისტი ჩამოვა, დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი აზრი ჩამოუყალიბდება.

გაიხსენეთ, როგორ შევიდა საბერძნეთი ევროკავშირში. ბევრი გერმანელი ჩავიდა და საკუთრი თვალით ნახა, რომ ეს, მართლაც, ევროპული ქვეყანაა.

საბოლოოდ, ეს არის ჩვენი გზა.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ მორიგი ქვეყანა, ერთ-ერთი პოსტ საბჭოთა ქვეყანა,  ან ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ან ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა -   საქართველო უნდა იყოს განუმეორებელი და განსაკუთრებული სახელმწიფო გამორჩეული თავისი წარმატებებით.

ეს მიზნის მიღწევის ერთადერთი რეცეპტია.

თქვენი მეშვეობით ჩვენ ან ძალიან წარმატებული ქვეყანა ვიქნებით, ან ჩვენი როგორც სახელმწიფოს, ერის და დამოუკიდებელი ერთეულის არსებობა ყოველთვის ეჭვქვეშ დადგება.

ეს ქვეცნობიერად მაინც ყველას გვაქვს გათავისებული.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

გილოცავთ 6 მაისს!

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)