Google+

სიახლეები

04.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი აჭარის რევოლუციის რვა წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა და მათ მიმდინარე პროექტებზე, ახალ ინიციატივებსა და რეფორმებზე ესაუბრა. უპირველესად, მიხეილ სააკაშვილი იმ პროგრამებს შეეხო, რომლებიც სტუდენტებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად ხორციელდება. მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სტუდენტებს უკეთესად სწავლის სტიმული და მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ. მაისის ბოლოდან ყველა სტუდენტი მიიღებს ქართულ სტუდენტურ ბარათს, რომლის მეშვეობითაც ისინი ფასდაკლებით ისარგებლებენ, როგორც სავაჭრო ცენტრებში, ისე სარკინიგზო თუ მინიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას; აგრეთვე, დაიწყება საზაფხულო დასაქმების პროგრამა "Summer Job", რომლის ფარგლებშიც, სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ და ანაზღაურების სახით, 500 ლარს მიიღებენ. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება კიდევ ერთ ცვლილებაზე გაამახვილა, რომელიც სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის გაუმჯობესების შანსს აძლევს. იმ სტუდენტებს, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს არასაკმარისი ქულები დააგროვეს სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად, წარჩინებული სწავლის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ დაფინანსება შესაბამისი გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მიიღონ.

პრეზიდენტის კიდევ ერთი ახალი ინიციატივა სტუდენტთა ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს. როგორც მან აღნიშნა, სექტემბრიდან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი იქნება დაზღვეული - ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები და პენსიონერები. ამ პროექტის პარალელურად დაზღვეულთა შემდეგი კატეგორია სტუდენტობა იქნება, რათა ახლადგახსნილი, ულტრათანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს. მიხეილ სააკაშვილის თქმით საბოლოოდ საქართველოში დაზღვევის გარეშე არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს.

ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიზანია, საქართველოში უმაღლესი დონის განათლების მიღება, პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება გახდეს შესაძლებელი. როგორც მან აღნიშნა, ბათუმი მალე საუნივერსიტეტო ქალაქადაც გადაიქცევა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამას ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა, რომლის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის გაძლიერება. იმისთვის, რომ ამ სასწავლებლის სტუდენტებმა უცხოეთშიც შეძლონ სწავლის გაგრძელება, პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო დამატებით თანხასაც გამოყოფს. 

სტუდენტებთან შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ბევრი რამ კეთდება და აღმშენებლობის პროცესი ყველა რეგიონში მიმდინარეობს. მისი თქმით, ქართველები ძალიან ადვილად ითვისებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილებაც შეიძინეს. ამას ისიც მიანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებს ქართველი ინჟინრები და სპეციალისტები სხვა ქვეყნებშიც მიყავთ სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, აღმშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში, აღარაფერი შეუშლის ხელს.

მიხეილ სააკაშვილმა სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების საკითხებზეც ისაუბრა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თემასაც შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით,  ბათუმი დიდ ტურისტულ ცენტრად უნდა გადაიქცეს და შავიზღვისპირეთის ყველაზე განვითარებული ინდუსტრიული ზონა უნდა გახდეს, რაც, თავის მხრივ, ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მთავარი გზაა. ტურიზმის განვითარებით საქართველომ ევროპულ ოჯახში უნდა შეძლოს შესვლა, როგორც ეს საბერძნეთმა მოახერხა. პრეზიდენტის თქმით, რაც შეიძლება მეტი უცხოელი უნდა გაეცნოს ჩვენს ფასეულობებს, რეფორმებსა და მიმდინარე პროექტებს, რათა საქართველომ ამ მიმართულებითაც გაითქვას სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ქვეყნის პირველმა პირმა დეტალურად ისაუბრა იმ მოვლენებზე, რომლებიც აჭარაში 8 წლის წინათ განვითარდა. მისი თქმით, იმ პერიოდში აჭარა თითქმის გასული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან და იმართებოდა ასლან აბაშიძისა და მისი რუსი მეგობრების მიერ. თუმცა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აჭარელი ხალხის თავგანწირვამ, თავისუფლების უდიდესმა სურვილმა და გმირულმა შემართებამ, 2004 წლის 6 მაისს, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინა - აჭარა რუსეთს გამოგლიჯა ხელიდან. პრეზიდენტის თქმით, საქართველო ასევე შეძლებს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)