Google+

სიახლეები

01.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი რუსთავში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მოგესალმებით.

თქვენი ნახვა ყოველთვის ძალიან მიხარია.

ამ პარკის აღდგენა დაგვავალა რუსთაველმა პედაგოგმა, ქალბატონმა ნათელა სხირტლაძემ. სპეციალურად არ ვამბობ გვთხოვა-მეთქი, რადგან ჩვენ თქვენგან მხოლოდ დავალებებს ვიღებთ, თხოვნით კი ჩვენ გთხოვთ-ხოლმე რაღაც-რაღაცებს.

ქალბატონო ნათელა, მინდა დიდი მადლობა გითხრათ - აქ მთავარი გმირი თქვენ ბრძანდებით.

რამდენიმე თვის წინათ  რუსთავის ერთ-ერთ ეზოში ვიყავი ჩასული, როდესაც მან ამ პარკის თაობაზე გვითხრა.

ადამიანები ყოველთვის კონკრეტულ რაღაცებს გვთხოვენ - ბევრს ოჯახური პრობლემა აქვს, ზოგს მატერიალური დახმარება სჭირდება, ძალიან ბევრი დასაქმებას გვთხოვს. ქალბატონ ნათელას ეს არ უთხოვია, უბრალოდ თქვა: იქნებ რამე გავაკეთოთ რუსთავისთვისო.

მე არ ვარ რუსთაველი და ვაღიარებ, რომ სამწუხაროდ, ამ პარკის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი.

შემდეგ მოვითხოვეთ სურათები, ყველაფერი ვნახეთ და მისი აღდგენაც გადაწყდა.

ეს პარკი 50-იან წლებში გაკეთდა. კომუნისტებმა ეს პარკიც სანახევროდ გააკეთეს და როგორც ყველაფერი, ესეც დაინგრა.

ჩვენ გვინდა, რომ რუსთავი, საცხოვრებლად, საუკეთესო ქალაქი  იყოს.   

აქ ორჯერ მეტი მოსახლეობა იყო, ვიდრე დღეს და მე მინდა რომ ხალხი არა მარტო არ გარბოდეს რუსთავიდან და აღარც გარბის, პრინციპში, არამედ დაბრუნებაც დაიწყოს.

სოციალური სტრუქტურით, ეს არის სრულფასოვანი, განსაკუთრებული ქალაქი  თავის თუნდაც მოკლე, მაგრამ ძალიან მძლავრი ტრადიციითა და განსაკუთრებული ხალხით.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ სურს თქვენს წინაშე ანგარიშით წარვსდგე და გითხრათ რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

არ მინდა რამე გამომრჩეს, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნის დროს, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოვდიოდი, უმთავრესი პრობლემა იყო წყალი, გზები, ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ელექტროენერგია...

22 მილიონი ლარი დავხარჯეთ მარტო გზების შეკეთებაზე. ვიცი, რომ ყველა გზა არ გაკეთებულა, მაგრამ 80 პროცენტი უკვე გაკეთებულია.

ახლა კიდევ ოთხ ქუჩას ვამატებთ, 85 მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ახალ ლიფტებს ვამონტაჟებთ - ლიფტების პრობლემა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დგას.

რუსთავის უმეტეს ნაწილში მთლიანად მოწესრიგდა წყლის საკითხი და რუსთავი იქნება პირველი ქალაქი, სადაც წყლის ინდივიდუალური მრიცხველები მონტაჟდება, რათა ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დარჩეს წარსულში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

რუსთავში ქალაქის მხოლოდ 3 პროცენტი იყო განათებული, ახლა კი 3 პროცენტი დაგვრჩა გაუნათებელი.

ევროპაშიც კი, ძალიან ცოტა ქალაქი თუა განათებული ისე, როგორც რუსთავი.

არ დაგიმალავთ, რამდენჯერმე მყავდა აქ უცხოური დელეგაციები, თბილისიდან ღამით გამოვედით, რომ ენახათ როგორ განათდა თუნდაც ცენტრალური ქუჩები.

რა თქმა უნდა, ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის მთავარი საკითხი დასაქმებაა.

თქვენ ნახეთ, რომ 4 ახალი ავტობაზრობა გავხსენით, სადაც 800 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს ამ ინფრასტრუქტურის განვითარების მხოლოდ დასაწყისი.

ასევე, შენდება ძალიან დიდი სავაჭრო ცენტრი და რამდენიმე სასტუმრო; ვიწყებთ ტექნიკური სასწავლებლების კიდევ უფრო მოდერნიზებას...    

რამდენიმე უკვე გავხსენით კიდეც, რათა ადგილობრივ ახალგაზრდებს, დასასაქმებლად, პროფესია და კვალიფიკაცია ჰქონდეს.

თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს თეატრის რეაბილიტაციის პროცესი და ამ საქმეში  რუსთაველები არიან დასაქმებული.

რუსთავის თეატრი ულამაზესია. გუშინ ერთმა მეგობარმა მითხრა, ვერც კი წარმომედგინა რუსთავს ასეთი თეატრი თუ ჰქონდაო.

მთავარი მარტო თეატრის შენობა არ არის, მთავარია, რომ იქ დასი მუშაობდეს, ბავშვები დადიოდნენ, წრეები ამოქმედდეს.

რუსთავიდან ძალიან ბევრი საინტერესო მომღერალი, მოცეკვავე, კულტურის მოღვაწეა წამოსული და ყველაფერი უნდა აღვადგინოთ.

ეს შემოქმედებითი ინტელიგეციის ქალაქიც არის.

ყველა საცხოვრებელ სახლთან კარგი გზით მივალთ, ყველა საცხოვრებელ სახლს ექნება კეთილმოწყობილი ეზო.

აქაურობა არა მარტო არ უნდა ჩამოუვარდებოდეს არც ერთ ქალაქს, არამედ ყველაზე უკეთესიც უნდა იყოს.

ასევე, ძალიან სერიოზულად კეთდება სპორტული ინფრასტრუქტურა, შენდება  სპორტის სასახლეც.

იცით, რომ უკვე მთავრდება აუზის მშენებლობა, რომელსაც მალე გავხსნით. რუსთავის ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამ მხრივაც დაკავდეს.

მიმდინარეობს საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროცესიც;

ყველა პენსიონერი მალე დაზღვეული იქნება;

ახალგაზრდებისთვის იქმნება ტექნიკური სასწავლებლები;

გარშემო ძალიან ბევრი საწარმო იქნება და ინფრასტრუქტურა ამ მიმართულებითაც ვითარდება.

ვაკეთებთ სკოლებსაც და რუსთავის ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული უმაღლეს დონეზე.

ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ახალგაზრდობას აქედან არსად არ მოუნდეს წასვლა, მათ შორის, არც დედაქალაქში.

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ კეთდება თბილისში. საქართველოს დედაქალაქი საუკეთესო უნდა იყოს, მაგრამ თბილისისთვისაც აუცილებელია, რომ მას ისეთი ქალაქი ესაზღვრებოდეს, როგორიც რუსთავია.

ამიტომ, ეს უნდა იყოს საუკეთესო ქალაქი და არა უბრალოდ გარეუბანი, რადგან ეს არის ინდუსტრიული ბაზა.

2 თვეში რუსთავი-თბილისის ფართე, ოთხგზიანი ავტობანის მშენებლობას ვიწყებთ და აქაურებს თბილისში ჩასასვლელად 13 წუთი დასჭირდება.

ეს შეამცირებს არა მხოლოდ გადაადგილების დროს, არამედ, იმედი მაქვს, რომ ტრანსპორტის ფასსაც, რადგან ვიწრო და გრძელი გზით სიარული აღარ მოგვიწევს.

რუსთავი იქნება საქართველოს ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი.

ჩემო ძვირფასებო, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს, უკვე მთელი საქართველო შენდება.

ამას წინათ, დონალდ ტრამპი იყო ჩამოსული, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე დიდი მშენებელია მსოფლიოში. ის მეუბნებოდა: „თქვენი ხალხი შეეჩვია და ალბათ, ჰგონია, რომ ყველაფერი, რაც საქართველოში კეთდება, სხვათა შორის ხდებაო. ეს, მართლაც, ეპოქალური მშენებლობაა - რამდენ ქვეყანაში ვყოფილვარ და მსგავსი  აღმშენებლობა არსად არ მინახავსო.

იგი პირველი არ არის, ვინც ამას მეუბნება და იმედია, არც ბოლო.

ჩვენ არა გვაქვს არც ნავთობი, არც გაზი, თანაც დანგრეული, გაპარტახებული ქვეყანა დაგვხვდა, რომელშიც ნგრევის შეჩერებაც მიღწევა იქნებოდა, მაგრამ აღმშენებლობის დაწყება ყველაზე დიდი ეპოქალური მიღწევა ყველა ჩვენგანისა, ვინც დღევანდელ საქართველოში ცხოვრობს.  

გუშინ ქუთაისის პარლამენტში ვიყავი, რომელიც 26 მაისს უნდა გავხსნათ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც კი ვიცი როგორ უნდა დაამთავრონ მშენებლობა 26 მაისამდე, თუმცა ის ზუსტად ვიცი, რომ შეუძლებელია არ დაამთავრონ.

ასევეა მთელი საქართველოს აღმშენებლობა. რუსთავში იმდენი რამ იყო დანგრეული, იმდენია გასაკეთებელი, სახელმწიფოს შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ, არ ვიცი როგორ უნდა გავწვდეთ, მაგრამ რომ არ დავამთავროთ, არაფრით არ შეიძლება.  კარგად ვიცი, ამას არც თქვენ მაპატიებთ და არც მე ვაპატიებ საკუთარ თავს.

ყველაფერს ჩვენები აშენებენ, მაგრამ საუკეთესო არქიტექტორებიც ჩამოგვყავს. მაგალითად, ამ პარკის ასაშენებლად არქიტექტორი ესპანეთიდან ჩამოგვყავს, რათა სანიმუშო და საამაყო იყოს თითოეული ჩვენგანისთვის და თუნდაც უცხოელ სტუმრებთან წარმოსაჩენად.

დღეს უცხოეთიდან ჩამოსულ ერთ-ერთ მსხვილ ბიზნესმენს შევხვდი, რომელსაც სკოლა რუსთავში დაუმთავრებია. იგი საქართველოში 1993 წლის შემდეგ აღარ ყოფილა. ჩემთან შეხვედრამდე რუსთავში ჩამოსულა და გაოგნებული დარჩენილა ნანახით. ვუთხარი, რომ 2 წელიწადიც გვაცადე და მერე ნახე აქაურობა როგორი გახდება-მეთქი.

ეს ნამდვილად არ მითქვამს იმისთვის, რომ მის წინაშე მომეწონებინა თავი.

ისიც დაგვპირდა, რომ თავადაც ჩადებს ფულს ამ ქალაქის აღდგენის საქმეში და  ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ მის წინაშე კი არა, თქვენ წინაშე ვართ ანგარიშვალდებული.

მთავარია, თქვენი მოლოდინი არ გავაწბილო, ქალბატონი ნათელას მოლოდინი არ გავაცრუო.

ახლა, როგორც ამბობენ, საქმე - ლაპარაკის ნაცვლად და რეალურად გადავიდეთ საქმეზე.  

სხვათა შორის მინდა ახალი მოედანიც ვნახო, რომელზეც უკვე ბევრს ლაპარაკობენ.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)