Google+

სიახლეები

02.12.2011
მიხეილ სააკაშვილმა ლაგოდეხში ახალი კლინიკა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ლაგოდეხში „არქიმედეს კლინიკა“ გახსნა. მიხეილ სააკაშვილი  კლინიკის პერსონალსაც გაესაუბრა და პირველი პაციენტებიც მოინახულა. საქართველოს პირველმა პირმა საუბრისას ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა ახლადაშენებული საავადმყოფო დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საავადმყოფოები მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყობა, რაც, მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისა და ზოგადად, საქართველოს განვითარებისთვის.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ლაგოდეხის მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებისათვის დედაქალაქში ჩასვლა აღარ მოუწევს.

„ლაგოდეხის რაიონი საკმაოდ პატარაა და აქ ასეთი კლინიკაც საკმარისია. დანარჩენი საავადმყოფოების ძირითადი ნაწილი ამაზე დიდია. ჩვენი პროგრამის ფარგლებში  სულ 150 საავადმყოფო აშენდება. გუშინ ყირგიზეთში ვიყავი - იქაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს -  ძალიან თბილი, ენთუზიასტი და  ნიჭიერი. დარწმუნებული ვარ, მათაც ყველაფერი გამოუვათ. იმ ქვეყანამ 2003 წლის საქართველო გამახსენა. მთავარი, რასაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ვქმნით, ეს არის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სისტემა. არსად პოსტსაბჭოთა სივრცეზე და აღმოსავლეთ ევროპაში ამდენი თანამედროვე სასტუმრო და საავადმყოფო არ შენდება. უდავოა, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისას, შენობების აშენება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მეორე ეტაპი - სამედიცინო პერსონალის გადამზადება. მთავარია, ეს ხალხი თანამედროვე მოთხოვნებს მოერგოს. ეს ბევრად უფრო რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ამის პარალელურად, უნდა შევქმნათ მსოფლიო დონის განათლების სისტემა. თუ ამ ორ საქმეს გავაკეთებთ, იმის მიუხედავად, რომ გარშემო დიდი გაჭირვებაა, ყველაფერს დავძლევთ. ამ ორმა სექტორმა  საქართველო განვითარებულ ქვეყნად უნდა აქციოს. ყირგიზეთის მსგავს ქვეყანაში აღფრთოვანებული არიან საქართველოს რეფორმებით, რომლებიც საქართველოს სიამაყე და მთავარი ბრენდი გახდა - ყველაზე უიმედო პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. ეს ხალხი აკვირდება არა მარტო იმას, რაც ქაღალდზე წერია, არამედ ამ ახალ საავადმყოფოებს, ჩვენს ახალ კომპიუტერულ კლასებს, ახალ ავტობანებს, ახალ კურორტებს, ჩვენს ახალ განვითარებას და ყველაფერს დანარჩენს, რასაც ვაკეთებთ. ყოველივე ეს რომ შეუქცევადი გახდეს, განათლებისა და ჯანდაცვის სწორედ ასეთი სისტემები გვჭირდება საქართველოს ყველა არაოკუპირებულ კუთხეში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახლადგახსნილი „არქიმედეს კლინიკა“ 20 საწოლიანია, ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მასში განთავსებულია  თერაპიული, ქირურგიული, პედიატრიული და მეან-გინეკოლოგიური განყოფილებები. აქ შესაძლებელია როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული დიაგნოსტიკა. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას დღე-ღამეში 100 ადამიანის მომსახურება შეუძლია. კლინიკაში დასაქმებულია 80-მდე ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა ადგილობრივია. სამედიცინო პერსონალმა გადასამზადებელი კურსი საგანგებოდ გაიარა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკის ეზოში შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა. პრეზიდენტი იმ პრობლემებით დაინტერესდა, რომლებიც ადგილობრივებს სტიქიის გამო შეექმნათ. როგორც ლაგოდეხის მცხოვრებლებმა პრეზიდენტს განუცხადეს, რეგიონის ხელმძღვანელობის სწრაფი მოქმედების შედეგად, სტიქიის შედეგები უკვე აღმოფხვრილია. პრეზიდენმა სოფლის მეურნეობის პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და ახალი ჯიშის სიმინდის მოსავლის შესახებაც მიიღო ინფორმაცია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კახეთის განვითარების პროგრამაში ლაგოდეხს მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ჰქონდეს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)