Google+

სიახლეები

01.12.2011
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ყირგიზეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე

დღეს ძალიან ლამაზი დღეა.

ბიშკეკი ძალიან თბილად შეგვხვდა.  ჩამოსვლის წუთიდან ყირგიზი ხალხის საოცარ სითბოსა და სტუმართმოყვარეობას ვგრძნობდით.

პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა მისი ინაუგურაციის ოფიციალურ ცერმონიალზე, მეტად შთამბეჭდავი იყო.

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა და არა მარტო ყირგიზეთისთვის, არამედ ამ რეგიონისთვის და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცისთვის.

ვფიქრობ, ყოველივე ამაში ქალბატონმა როზა ოტუნბაევამ ისტორიული როლი შეასრულა.

მე მას 90-იანი წლებიდან ვიცნობ - მაშინ კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და იგი ჩვენთვის ნამდვილად სამაგალითო პიროვნება იყო. ნიუ-იორკში ის იყო არა მარტო ყირგიზეთის ელჩი, არამედ ერთ-ერთი ის მებრძოლი, რომელიც ადამიანის უფლებებს საერთაშორისო მასშტაბით იცავდა.

უკვალოდ არაფერი არ იკარგება. ყოველივე ამან შედეგი უკვე აქ, აპრილის რევოლუციის შემდეგ მოიტანა.

კარგად ვაცნობიერებ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია პრეზიდენტს.

თვალნათლივ მახსოვს საკუთარი ინაუგურაცია. წლები ძალიან სწრაფად მიდის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი თანამდებობა გიკავია...

არც კი იცი საიდან დაიწყო, წინ ბევრი დაბრკოლება გაქვს გადასალახი, მოლოდინი კი ძალიან დიდია, მით უმეტეს მაშინ, თუ ხელისუფლება ქუჩიდან ორჯერ შეიცვალა.

ყოველთვის არის ცდუნება, რომ რაღაცები ამავე გზით შეცვალო მესამედაც, მეოთხედაც და მეხუთედაც, მაგრამ ასე აღარ გამოდის – აუცილებელია რაღაც ახალზე გადასვლა.

ვფიქრობ, ეს თქვენი ისტორიისთვის ყველაზე კრიტიკული მომენტია.

თუმცა ყველაზე მეტად, რამაც გუშინაც და დღესაც გამაოცა, ეს იყო თავისუფლების შეგრძნებით გამოწვეული ეიფორია, რომელიც ყველგან იგრძნობა.

ნათლად ჩანს ცვლილებების მოლოდინის საოცარი გრძნობა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს აქვთ. მათ აქვთ მოლოდინი, რომ რაღაც განსაკუთრებულად კარგი უნდა მოხდეს.

დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვის სადავეები საიმედო ხელშია, სწორედ იმ  პრეზიდენტისა და იმ გუნდის ხელშია, რომელსაც ეს სადავე უნდა ჰქონდეს.  

შეიქმნა სწორი პრეცენდენტი და ეს მართლაც ისტორიული მოვლენაა ამ რეგიონისთვის და მსოფლიოსთვისაც.

ეს ხალხი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს.

ხელისუფლება ხალხის სასიკეთოდ უნდა მოქმედებდეს და ამ საქმეში დიდ წარმატებებს უნდა აღწევდეს.

ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მაგალითია ყველა შემდეგი მმართველისთვის და ამიერიდან ეს ასეც იქნება.

სწორედ ამიტომ, ჩვენი და ყველა თავისუფლებისმოყვარე ერმა ამ დიდ პოსტსავჭოთა სივრცეზე ხელახლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი.

საბჭოთა კავშირის დროს ვმეგობრობდით, რადგან უნდა გვემეგობრა - ეს მოვალეობაც იყო და აუცილებლობაც.

როდესაც ამის ვალდებულება არ არსებობს და ხალხი მაინც მიიწევს ერთმანეთისკენ – ეს უკვე ნამდვილი მეგობრობა და სიყვარულია.

ეს ურთიერთობა საუკუნეებს გაუძლებს, რადგან ეს გრძნობა უკვე ჭეშმარიტია.

სწორედ ამიტომ ვართ განწყობილი ყირგიზი ხალხის მიმართ საოცარი სიმპატიით და მთელი გულით გვსურს, რომ წარმატებებს მიაღწიოთ და ყველაფერი შეძლოთ.

ეს სოლიდარობა გადაეცემა გარშემო მყოფ სხვა ერებსაც.

შესაძლოა, ყველა მიესალმებოდეს იმას, რაც ახლა ხდება, რადგან ეს მათთვის უჩვეულოა და გარკვეულწილად ფრთხილობს, მაგრამ, ძირითადი ნაწილი, კეთილი ნების ყველა ადამიანი ხვდება რა პრეცენდენტიც შეიქმნა და რატომაც არის მნიშვნელოვანიის, რომ თქვენ გაიმარჯვოთ.

გამარჯვებას გისურვებთ! 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)