სიახლეები
07.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
პოლონეთში, ქალაქ კრინიცაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრემიერისგან პირადად მიიღო მოწვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დასასწრებად, რომელიც ვარშავაში სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
შეხვედრისას, მხარეებმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილი სამოქმედო გეგმის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით, გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მიიღება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც მისივე თქმით, ქვეყნის ლიდერის მიზანდასახული პოლიტიკის შედეგია. როგორც დონალდ ტუსკმა განაცხადა, ეს პოლიტიკა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას ზრდის.
„რამდენიმე წლის წინათ ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროპისკენ მიმავალი გზა ასეთი სწრაფი იქნებოდა, რაც მათი პოლიტიკური ლიდერების დამსახურებაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აუცილებელია კონსტრუქციული პოლიტიკის შემუშავება იმისათვის, რომ რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები სცნოს.
„თვის დამლევს აქ აღმოსავლეთ პარტიონობის სამიტი გაიმართება, ამიტომაც ჩვენი ჩამოსვლა პოლონეთში ახლა, ამ სამიტის წინ, ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან, რეალურად, შემოდგომით ველით ძალზე სერიოზულ გარღვევას ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ვფიქრობ, წლევანდელი შემოდგომა, ამ მხრივ, საქართველოსთვის არნახული იქნება, რადგან დიდ შედეგებს სწორედ სეტქემბერ-ოქომბერში ველოდებით. აქ ამ თვალსაზრისით, ყველაფერი მომწიფებულია. ამიტომაც, მივიღეთ ჩვენი მეგობრის, დონალდ ტუსკის მოწვევა, პოლონეთში წინასწარ ჩამოვსულიყავით და სტრატეგია დაგვესახა. პოლონელები ძალიან გვეხმარებიან, რაც, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის", - განაცახადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, დოლად ტუსკი და მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობას შეუერთდნენ. ფორუმის დაწყებამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა საქართველო-ევროკავშირსა და პოლონეთთან, როგორც ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.