02.09.2011
პენსიების ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძესა და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი გვინდაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საპენსიო რეფორმის მიმდინარეობა იყო. ამასთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლებმა ქვეყნის პირველ პირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და აღნიშნეს, რომ 15 სექტემბრიდან პენსიის მინიმალური ოდენობა 100 ლარი გახდება. შესაბამისად, საქართველოში 680 ათასი ადამიანი, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში გაზრდილ პენსიას მიიღებს. ამას გარდა, სოციალურად დაუცველ იმ პირებს და პენსიონერებს, რომლებსაც სიღარიბის დანამატი, მონეტიზაციის თანხა და საოჯახო დახმარება ეძლეოდათ, ეს დანამატებიც შეუნარჩუნდებათ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დღესდღეობით, მთავრობის მთავარი საზრუნავი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უნდა იყოს.
„მსოფლიო კრიზისის დროს, ჩვენზე მდიდარმა ბევრმა სახელმწიფომ შეამცირა კიდეც პენსიები. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც 2008 წელს - ომისა და კრიზისის პერიოდშიც კი, სიმბოლურად, მაგრამ მაინც გავზარდეთ პენსია. მართალია, ეს მინიმუმია, მაგრამ ამას ემატება ის დახმარებაც, რომელსაც სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობა იღებს. ადრე თბილისსა და რეგიონებში პენსიის რაოდენობა განსხვავდებოდა, ახლა კი გათანაბრდა, რადგან ფასები რეგიონებშიც გაიზარდა. ვინაიდან არ ვართ ნავთობისა და გაზის მწარმოებელი ქვეყანა და არ გვაქვს ძალიან დიდი ბიუჯეტი, სამართლიანი იქნება თუ გადასახადებით მიღებულ შემოსავალს პენსიების გაზრდას მოვახმართ. გადასახადებით მიღებული შემოსავალი კი, ყოველწლიურად სულ უფრო მეტად იზრდება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სოციალურ საკითხებსა და ქვეყნის განვითარებაზე თანხა სწორად გადავანაწილოთ და ბალანსი დავიცვათ, რადგან ქვეყნის განვითარება, თავის მხრივ, საზოგადოების წინსვლის საწინდარია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს ბალანსი შენარჩუნებულია და სოციალურ პროგრამებზე ბიუჯეტიდან 20-21 პროცენტი იხარჯება, რასაც ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში არსებული პროგრამებიც ემატება, ხოლო დანარჩენი თანხა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხმარდება. ამას გარდა, როგორც ანდრია ურუშაძემ აღნიშნა, 2004 წლიდან პენსია, დაახლოებით, შვიდჯერ გაიზარდა, ხოლო 2004 წლამდე არსებული ყველა დავალიანება დაიფარა. მისივე განცხადებით, პენსიების ზრდის ტემპი სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპს პროცენტულად უკვე აჭარბებს კიდეც.