Google+

სიახლეები

30.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა

მიხეილ სააკაშვილი:

მოგესალმებით,

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც ქვეყნის განვითარებას შემდგომი 4 წლის განმავლობაში განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე ახლა წარუდგინოს ჩვენს ხალხს  პროგრამა, თუ რა კურსით მიდის მთავრობა არჩევნებზე და რა იქნება არჩევნების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში საქართველოში. მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს ჩვენი პრიორიტეტები. სტაბილურობა, რომელსაც ქვეყანაში მივაღწიეთ, კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს და ბევრად უფრო ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.

ამიტომ განცხადება, რომელსაც ახლა გავაკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და, ამავდროულად,  არის ახალი დასაწყისის მანიშნებელი.

დღეს, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად ვნიშნავ ვანო მერაბიშვილს, რომლის კანდიდატურას საქართველოს პარლამენტს და  ჩვენს საზოგადოებას წარვუდგენ.

გასული წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ბევრი მიმართულებით აჩვენა წინსვლა, მათ შორის, დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინფრასტრუქტურის შენების თვალსაზრისით, ტურიზმის განვითარებისა თუ, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სახელის გატანის მხრივ, მსოფლიო ასპარეზზე.

მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიზანი და შემდგომი ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა არის ის, რომ ქვეყნის განვითარებით უფრო მეტი სარგებელი ნახოს ხალხმა.

სწორედ ამიტომ ვნიშნავ ვანო მერაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, რომ იგი საუკეთესო კანდიდატურაა ამ დიდი მიზნის მისაღწევად.

მასთან ერთად პირადად მე, უკვე მრავალი წელია ვმუშაობ და ვიცი, რომ მისი მიზანდასახულობა, შრომისუნარიანობა და უნარი გადაჭრას რთული პრობლემები, ამჯერადაც ისევე იქნება დემონსტრირებული, როგორც ეს იყო აქამდე; როგორც ეს იყო ყოველთვის, როდესაც ურთულეს გამოწვევებთან უწევდა შეჭიდება.

ვანო არის ადამიანი, რომელმაც შეძლო ის, რასაც ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა - მან ბეჭებზე დადო კრიმინალი და კორუფცია. ახლა, პრემიერ-მინისტრის რანგში, მისი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ ბეჭებზე დადოს უმუშევრობა.

ამიტომ ორშაბათს ჩვენ ახალ პროგრამას წარმოვადგენთ. საქართველოს მთავრობაში შეიქმნება დამატებით ახალი თანამდებობა: „დასაქმების სახელმწიფო მინისტრი“, ჩამოყალიბდება ცალკე დასაქმების პროგრამა, ყველა თავისი პრიორიტეტებით. 

პოლიციის სისტემაში, რომელიც  მთლიანად დისკრედიტებული იყო, ვანომ შეძლო ახალი მექანიზმების შექმნა და ახალი ხალხის მიყვანა.

ამას გარდა, მან რამდენიმე ძალიან საპასუხისმგებლო დავალების შესრულება მოახერხა. 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, როდესაც რამდენიმე ათეულ ათას ჩვენს თანამოქალაქეს ახალი საცხოვრებელი სახლები დასჭირდა, ეს პროგრამა სწორედ ვანოს ჩავაბრეთ და წარმოუდგენლად მოკლე ვადაში, პრაქტიკულად, ახალი ქალაქების აშენება შეძლო. ყოველივე  ამის რეალიზება, უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით გახდა შესაძლებელი.

მას დაევალა ახალციხის რეაბილიტირება და აღდგენა. ვანომ სავსებით ახალი საქალაქო ინფრასტრუქტურის შექმნა შეძლო და ძალიან შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია, რასაც საქართველოს მოსახლეობა სულ მალე დაინახავს.       

მან შეძლო ის, რომ ათწლეულების განმავლობაში სრულიად დისკრედიტებული პოლიცია ექცია უმაღლესი ეფექტიანობის მქონე, სამაგალითო სამართალდამცავ სისტემად მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც უდიდეს ნდობას უცხადებს ქართული საზოგადოება.

მჯერა, რომ როგორც პრემიერ-მინისტრი, იგი შეძლებს ჩვენი ხალხის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის ასევე ეფექტიანი და წარმატებული სისტემის აწყობას.

ვანო განსაკუთრებული ყურადღებისა და ზრუნვის ობიექტად აქცევს ჩვენს სოფელს, რადგან ამ მიმართულებით მას დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს. თავის დროს, იგი ხელმძღვანელობდა ფერმერთა ორგანიზაციას და იცავდა სოფლის მეურნეთა ინტერესებს. მისი უშუალო ძალისხმევით, მიწის მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით, მაშინ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზა ჩამოყალიბდა.

სოფელზე ზრუნვა ვანოს ცხოვრების დიდი გატაცებაა.

მე ვთხოვე ვანოს, როგორც ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს გეგმა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის წარმატება, წარმატებად უფრო მეტი მოქალაქისთვის - მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის; გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყნის წინსვლამ საქართველოს თითოეულ ოჯახამდე - სოფლად და ქალაქად, მთასა თუ ბარში.

აქვე, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს. მან განსაკუთრებულად რთულ პერიოდში შეძლო საქართველოს მთავრობის მართვა. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ საქართველომ გაუძლო ეკონომიკურ კრიზისს, შეინარჩუნა ფისკალური სტაბილურობა, ეკონომიკის ტრაექტორია შემოაბრუნა ზრდისკენ და ინვესტორების ნდობა ჩვენი ქვეყნისადმი არნახულად გამყარდა - მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყანა განიცდის ინვესტიციების კლებასა და ეკონომიკის ვარდნას.

ნიკას ვთხოვე, რომ სათავეში ჩაუდგეს საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს. ეს არის ფონდი, რომელიც კონცენტრირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი პროექტების შექმნაზე ენერგეტიკის, ინფრასტურქტურის, სოფლის მეურნეობის სფეროში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იმის კეთება ვთხოვე და შევთავაზე, რაც მას ყველაზე მეტად ეხერხება. ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ახალი იდეების გენერირება, ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ხალხის აღმოჩენა ამ სფეროში და საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის შემდგომი ხელშეწყობა. შესაბამისად, იგი დარჩება ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან წევრად და ძალიან ქმედით და საპასუხისმგებლო ხელმძღვანელად.

ივანე მერაბიშვილი:

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს ახალი თანამდებობა და არის უდიდესი პასუხისმგებლობა.

ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული - მეტი სარგებელი ხალხს!

საქართველოში დადგა იმის დრო, რომ ჩვენი განვითარების, მოდერნიზაციისა და მიღწევების შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა.

მე მინდა გამოვიყენო საშუალება  და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ყოფილ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, თითოეულ პოლიციელს - რიგითიდან დაწყებული ხელმძღვანლებით დამთავრებული.

მადლობას ვუხდი ყველას იმ საქმიანობისთვის, რაც ახალი პოლიციის შექმნას, ღრმა რეფორმის განხორციელებას გულისხმობს.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ თავდადებული ბრძოლისა და შრომისათვის, რადგან ისინი ყოველდღიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველოში არ იყოს კორუფცია, საქართველოში არ იყოს ყაჩაღობა და განუკითხაობა; საქართველოში აღარასდროს დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები, რომ მშობელმა თავისუფლად შეძლოს  შვილების ქუჩაში გაშვება, რომ ჩვენი ქუჩები იყოს მშვიდი და უსაფრთხო...

ბატონო პრეზიდენტო, გეთანხმებით, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, როგორიც პოლიციის რეფორმა იყო. პოლიციის რეფორმის შედეგი თითოეულმა მოქალაქემ იგრძნო საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე, საკუთარ ცხოვრებაზე და ასევე უნდა იგრძნოს ყველა ის წარმატება, რომელიც საქართველომ ეკონომიკურ, პოლიტიკურ  და სხვა სფეროებში მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში.

მე ვაპირებ ორშაბათსვე წარმოვადგინო გეგმა, რომელშიც ზუსტად და  თანმიმდევრობით იქნება გაწერილი, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ დღეს, რას გავაკეთებთ ხვალ, მომავალ წელს...

წლების მიხედვით გაწერილი გეგმაში გათვალისწინებული იქნება სამი მთავარი პრინციპი: დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა.

ჩვენი გეგმა სწორედ ამ მთავარ პრინციპებს დაეყრდნობა.

საქართველოს მთავარ გამოწვევად  უმუშევრობა რჩება; საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ აქვს საშუალება მიიღოს შესაბამისი ჯანდაცვა, ხოლო ქართულ სოფელს განვითარება სჭირდება.

ვიცი, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი უმუშევარი და კარგად მესმის მათი. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა.

ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ  მოქალაქეს, ჯერ კიდევ არ აქვს საშუალება იმკურნალოს, უმკურნალოს საკუთარ შვილებს და მშობლებს. ამიტომ, ჩემი და მთელი გუნდის მთავარი მიზანი იქნება ის, რომ საქართველოში შევქმნათ გეგმა, რომელიც საქართველოში საყოველთაო დაზღვევას უზრუნველყოფს. 

მე ვიცნობ ქართულ სოფელს. უფრო მეტიც, მე მიყვარს ქართული სოფელი და ვიცი რა სჭირდება მას.

ჩვენი გეგმით, მთელ გუნდთან ერთად, ჩვენ გავაძლიერებთ ქართულ სოფელს და გავაძლიერებთ ქართველ გლეხს.

ძლიერი ქართველი გლეხი ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც  იქნება ძლიერი საქართველოს საწინდარი და მთავარი დასაყრდენი ძალა.

ჩვენი გეგმა იმუშავებს ამ მიმართულებით და საქართველოს მთავრობის ყოველი თვე, ყოველი საათი, ყოველი წუთი იქნება მიმართული იქნება ამ სამი მთავარი საკითხის გადასაწყვეტად - დასაქმებისა და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად და სოფლის გასავითარებლად.   

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნიკას, ჩემთვის მისი პრემიერმინისტრობის დროს მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. მე მასთან შემდგომი თანამშრომლობის იმედი მაქვს. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გააკეთა; მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ დღეს საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს ფინანსური სისტემა, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით უფრო ჯანსაღია, ვიდრე ჩვენ ჩავიბარეთ თავის დროს და ამ მყარ საფუძველზე დაყრდნობით, მე შემიძლია ასეთი თამამი განცხადებები გავაკეთო.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)