სიახლეები
09.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრს ყვარელში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ ფილატს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა განცხადებაც გააკეთა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებთან და მიღწეულ წარმატებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, იმ ლიდერთა რიცხვს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ იმას, რომ საქართველო არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა, მოლდოვის პრემიერ-მინისტრიც შეემატა.
„საქართველოსთან ერთად, მოლდოვა ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირში ინტეგრაციის საქმეში და ერთ-ერთი ყველაზე წინწასული ქვეყანა რეფორმების თვალსაზრისით. როგორც იცით, ევროკავშირმა გუშინწინ კვლევის შედგები გამოაქვეყნა, რომელთა მიხედვით, საქართველო ევროპის ყველაზე ნაკლებად კრიმინალიზებული და არაკორუმპირებული ქვეყანაა. ვინც რა არ უნდა ილაპაკროს, ეს უკვე არის ევროკავშირის ოფიციალური მონაცემები, რაზეც ოცნებაც კი არ შეიძლებოდა 7-8 წლის წინათ. ამიტომ, ახლა, ისე ვართ გახსნილი პარტნიორობისთვის, როგორც არასდროს. მეორე მხრივ, მახარებს ის, რომ აქ ბევრი უცხოელი ჩამოდის. ამ დღეებში საქართველოს ორი დელეგაცია სტუმრობდა კონგრესიდან, ასევე ჩამოსული იყო ჟურნალისტების რამდენიმე ჯგუფი. კახეთი უნდა გახდეს საერთაშორისო ბრენდი და მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს. როგორც ეს იყო ერთ დროს, პოლონეთსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში. რეგიონის მასშტაბით აქაური სოფლების სახელები ძალიან ბევრმა იცოდა, ზუსტად ასევე იქნება უახლოეს წლებში და ამაში დარწმუნებული ვარ. თავის მხრივ, ეს წინ წამოწევს აქაურების კეთილდღეობის საკითხს და სწორედ ამას ისახავს მიზნად ის, რომ აქ ბევრი სტუმარი ჩამომყავს. მათ ვაჩვენებ აქაურობას, თავს ვიწონებ ამით და ვამაყობ კიდეც, მათ შორის, ამ ვენახით. კიდევ ერთხელ მსურს მივესალმო ჩვენს მეგობარს. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვიმუშავებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ვლადიმერ ფილატს ქართული ტრადიციებიც გააცნო, თონეში პურის ცხობის ტექნოლოგიაც აჩვენა და ახლადგამოხდილი ჭაჭაც დააგემოვნებინა.