მოგესალმებით,
თქვენთვის ცნობილია, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გაკეთა განცხადება საქართველოში ყველა პირობით მსჯავრდადებული და ნასამართლობის მქონე პირის შეწყალების თაობაზე. ამ განცხადებას დღემდე გამოეხმაურა 18 ათასამდე ადამიანი, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით შეწყალების თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას ამ პირთა შეწყალების თაობაზე, რომელიც ამ წუთებში უკვე იგზავნება შესაბამის სტრუქტურებში და ეს სტრუქტურები ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ აღასრულონ აღნიშნული აქტი.
ვიმედოვნებთ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება უმოკლეს ვადებში იქნეს აღსრულებული, ვინაიდან მათ დროულ მუშაობაზე ათიათასობით ოჯახის მომავალია დამოკიდებული.
აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნული აქტი აწესებს შეზღუდვებს სიცოცხლის, სქესობრივი თავისუფლების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და სხვა ცალკეულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მიმართ.
ამას გარდა, მინდა მივმართო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც შეწყალების თხოვნით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს.
ხვალ, 3 ოქტომბრის დილის ათი საათიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხსენებული განკარგულებიდან ინდივიდუალური ამონაწერების გაცემას. იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქტი შეიცავს ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს, შეწყალებულ პირებს მივმართავთ თხოვნით, ადმინისტრაციაში გამოცხადდნენ პირადად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტის ადმინსტრაცია ვერ გასცემს ამონაწერებს შეწყალებული პირის პირადად, ან მინდობილი პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
ამასთან, გაცნობებთ, რომ შეწყალებაზე განაცხადების მიღების პროცესი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.
ასევე, გვინდა პრობაციონერების განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს აქტის დამუშავებისათვის. ამიტომ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია, პრობაციონერებმა თავად მიმართონ სააგენტოს და შეატყობინონ მათ მიმართ პრეზიდენტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.