Google+

სიახლეები

01.01.2013
საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა

ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა კარგია, თუ ის გვაახლოებს ევროპასთან, თუ ის აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს... ბოლოს და ბოლოს თუ ის უფრო უკეთესს ხდის ადამიანების ცხოვრებას. 

 
ეს არის საზოგადოების დემოკრატიული განვითარების უმთავრესი მიზანი, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა არ ნიშნავს ამ მიზნის ავტომატურად მიღწევას. 
 
ისტორია ხომ უამრავ მაგალითს იცნობს, როდესაც დემოკრატიის დასამარცხებლად სწორედ დემოკრატიაა იარაღად გამოყენებული, ანუ როდესაც დემოკრატიის სახელითა და დემოკრატიული გზით არჩეული პოლიტიკოსი ამ გამარჯვებას ისევ დემოკრატიის გასანადგურებლად იყენებს. ასეთი მაგალითები ბევრია და მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ. 
 
ჩვენ, როგორც ქვეყანამ და საზოგადოებამ ამ მიმართულებით პირველი დიდი გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო დიდი გამოცდა გველის წინ - თუ რამდენად შევძლებთ უკვე ჩვენს მიერ შექმნილი დემოკრატიული მონაპოვრის შენარჩუნებას. 
 
ახალი წლის დადგომა ყოველთვის გვაფიქრებს, თუ როგორი იქნება მომავალი წელი ჩვენი ოჯახისთვის, პირადად ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისა და ახლობლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. გვაფიქრებს იმას, თუ რა იქნება უახლოეს მომავალში, რა მიზნების მიღწევა გვინდა და რა იქნება შარშანდელზე უკეთესი. 
 
ამაზე მეც თქვენთან ერთად ვფიქრობ და არ დაგიმალავთ, რომ ისევე, როგორც უამრავი თქვენგანი, ბევრი რამით არ ვარ კმაყოფილი. მთელი ეს თვეები, როცა თვალყურს ვადევნებ პოლიტიკურ რიტორიკას, წინა და პოსტსაარჩევნოს, მახსენდება ძველი ებრაული ანდაზა – გახსოვდეთ, ფუნთუშაზე ოცნება მხოლოდ ოცნებაა და არა ფუნთუშა.  
 
იმ ფონზე, როდესაც უმუშევრობა ისედაც ჩვენი საზოგადოების უმთავრესი პრობლემაა, დღეს მუდმივად გაისმის საუბარი ამა თუ იმ მშენებლობის შეჩერებაზე; იმაზე, რომ არაფერში გვჭირდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ჰესები და მაგისტრალები. გუშინ, მაგალითად, განვიხილეთ აჭარის ბიუჯეტი და უკვე წარმოდგენილი პარამეტრებით, მარტო ამ რეგიონში 12 ათასი სამუშაო ადგილი იკარგება.
 
ლაზიკას პორტი დიდი სატრანსპორტო კვანძი უნდა ყოფილიყო, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს განვითარებას და, ამავდროულად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციისთვის ეკონომიკური ბარიერების შექმნას. ამ პორტის მშენებლობის ათვალწუნებით, სამეგრელოში, მინიმუმ, 8 ათას სამუშაო ადგილს ვკარგავთ. ასეთი მაგალითები კი, სამწუხაროდ, მრავლადაა მთელ საქართველოში. 
 
ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს სამსახურს ან დასაქმების პერსპექტივას. 
 
ამას ემატება პოლიტიკური არასტაბილურობისა და დაძაბულობის განცდა, რაც სულ უფრო და უფრო მეტად ემსგავსება სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისა და ნებსით თუ უნებლიედ, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობას. 
 
სამწუხაროდ, ახალი მთავრობა იმის ნაცვლად, რომ იბრძოდეს ხალხის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გაცემული დაპირებების შესასრულებლად, იბრძვის მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური 
 
 
პოზიციების გასამყარებლად; ოპოზიციისა და პოლიტიკური კონკურენციის მთლიანად გასანადგურებლად. 
 
უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა ის, რომ რეგიონებში მიმდინარეობს მთავრობის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი და ძალადობრივი აქციები ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპის დასანგრევად. კონსტიტუციისა და კანონის ფეხქვეშ გათელვით ხდება ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველობების ერთპიროვნული მმართველობის ვერტიკალში გადათრევა. 
 
თავდასხმები გამგეობებზე, რასაც სამართალდამცავი სისტემა არათუ ხელს არ უშლის, არამედ ახალისებს კიდეც, ქვეყანაში ქმნის ქაოსის, განუკითხაობის, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს და დიდი ტემპით მიგვაქანებს წარსულისკენ. 
 
მიმდინარეობს სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ანგრევს თავად სახელმწიფოებრიობას. 
 
შეიძლება ხელისუფლების შეცდომებისა და გამოუცდელობის გამო, მიმდინარეობს საქართველოს დასავლელ მოკავშირეებთან და ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების სისტემატიური დეგრადაცია - მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არის გეგმაზომიერი პროცესი. 
 
ამას ემატება გართულებული კრმინალური მდგომარეობა და უმრავლესობის მიერ მიღებული, პირდაპირ ვიტყვი - უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქუჩებისა თუ უბნების უსაფრთხოებას და სახელმწიფოს დაცულობას აგრესორისგან.
 
ყოველივე ეს სავალალო გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე. დღითიდღე იკარგება ინვესტორთა ნდობა ქართული ეკონომიკისადმი, მკვეთრადაა შემცირებული ეკონომიკური აქტივობა, ქართველი მომხმარებელი გაცილებით უფრო ფრთხილად ხარჯავს ფულს.
 
ეს საგანგაშო ნიშნებია და ამას დაუყოვნებლივ ესაჭიროება შველა. 
 
დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობას შეუძლია ამ ვითარების გამოსწორება, ვიდრე უსაშველოდ გვიან არ არის და მე მზად ვარ, მაქსიმალურად დავეხმარო ხელისუფლებას ვითარების გაუარესების თავიდან აცილებაში. 
 
მინდა, რომ ამ ახალ წელს კი არ გავთითოკაცდეთ უიმედობით, ოპტიმიზმის განცდით გავერთიანდეთ. 
 
კი არ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს იმ განსხვავებების გამო, რომელიც ჩვენ შორის არის, გავერთიანდეთ იმ მთავარი პრინციპების ირგვლივ, რომლებზეც ყველას ერთად შეგვტკივა გული. 
 
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას ერთად გვინდა, ახალი წელი იყოს მეტი სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მეტი კეთილდღეობის მომტანი ჩვენი ხალხისთვის. 
 
მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არავის, განურჩევლად იმისა ხელისუფლებაში ვართ თუ ოპოზიციაში, განურჩევლად იმისა თუ რომელ პარტიას მივეკუთვნებით, არ გვემეტება ჩვენი შვილები ქაოსსა და განუკითხაობაში ცხოვრებისთვის. 
 
მე დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ უნდა იხილოს გახლეჩილი ქართული საზოგადოება - ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და უკან დაბრუნება  აღარ გვჭირდება.  
 
ამ რწმენით და ახალი წლის - ახალი ოპტიმიზმით შეხვედრის განცდით – მინდა, მმართველ პარტიას და მის ლიდერს შვთავაზო ჩემი მზადყოფნა თანამშრომლობისათვის, რათა, სანამ დროა, ერთიანი ძალებით გამოვიყვანოთ ქვეყანა იმ დაღმა მიმავალი სპირალიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით და არ დავუშვათ ისეთ უფსკრულში გადავარდნა, საიდანაც ძალიან დიდი ხანი ვეღარ ამოვალთ. 
 
ეს შეთავაზება, არ არის მხოლოდ ჩემი სურვილი და თოვლის ბაბუისთვის დაბარებული თხოვნა. 
 
მე მაქვს კონკრეტული 5-პუნქტიანი გეგმა იმისა, თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ დღეს ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. 
 
პირველი - მოდით შევწყვიტოთ ერთმანეთის მიმართ აგრესიული და შეურაცხმყოფელი რიტორიკა. ეს მეც მეხება და ამისთვის მზად ვარ. მოდით დავანებოთ თავი ერთმანეთის დამნაშავეებად, მტარვალებად და მოღალატეებად შერაცხვას. კრიტიკა იქნება და უნდა იყოს, მაგრამ მოდით,  ნუ დავუშვებთ ერთმანეთის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას. ჩვენ ყველას გვყავს მხარდამჭერები და ამ რიტორიკით ჩვენ თვითონვე გავხლეჩთ საზოგადოებას. პირიქით, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ახლა ერთიანობა გვჭირდება; ერთიანობა - ქვეყნის გასაძლიერებლად.  
 
მეორე - უნდა შეწყდეს ოპოზიციის დევნის, დაჭერების, დაკითხვების, წარსულის უაზრო რევიზიისა და ალქაჯებზე ნადირობის რეპრესიული კამპანია;   უნდა შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა; უნდა შეწყდეს წინა ხელისუფლების პირსისხლიან დამნაშავეებად მონათვლის უსაფუძვლო მცდელობა - ეს ასე არ არის - და რაც არ არის იმას ვერანაირი მართლმსაჯულება ვერ დაამტკიცებს. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს არა იმიტომ, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს – არა! უნდა შეწყდეს იმიტომ, რომ შეუძლებელია განვითარდეს იმ ქვეყნის ეკონომიკა, სადაც მთავარი სიახლე ყოველდღე არის ის, თუ ვინ დაიჭირეს, ვინ დაიბარეს დაკითხვაზე და ვის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს პირდაპირ აზარალებს, როგორც საქართველოს იმიჯს, ისე მისი განვითარების პოტენციალს. 
 
მესამე – მოდით, გავერთიანდეთ, რათა არ დავუშვათ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის შერყევა და არ შევაფერხოთ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს და ნუ დავაბრალებთ იმ უპრეცენდენტო საერთაშორისო კრიტიკას, რომელიც საქართველომ ბოლო ორ თვეში მიიღო, ერთი-ორი ქართველი დეპუტატის ჯადოსნურ დიპლომატიურ ხრიკებს. მოდით, ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას მთელ ცივილიზებულ სამყაროს და ნუ ვიტყვით, რომ მათ ლიდერებს ტვინი აქვთ გარეცხილი, მუდმივად მოტყუებული არიან და რეალობის შეგრძნება აქვთ დაკარგული. მით უმეტეს, მთავრობამ უნდა შეწყვიტოს წინა ხელისუფლების მიღწევების დაკნინება, იმ მიღწევების, რომლებიც მსოფლიოს მიერ არის აღიარებული; უნდა შეწყვიტოს ჩვენი -  წინა მთავრობის ყველა წარმატების ტყუილებად გამოცხადება, რადგან ეს იმ ტოტის მოჭრის ტოლფასია, რომელზეც თავად ზის. ეს რიტორიკა შორს ვერ წაგვიყვანს. მოდით, გავუსწოროთ თვალი რეალობას, ერთად ველაპარაკოთ დასავლეთს და ერთიანი ძალებით გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავუშვათ რყევა ჩვენს ევროატლანტიკურ კურსში. ხომ ეჭვგარეშეა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის გარეშე, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა, ჩვენი ეკონომიკა ვერ განვითარდება და ჩვენი სუვერენიტეტი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.   
 
მეოთხე - შეწყდეს შეტევა თვითმართველობებზე. შეწყდეს ძალადობისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების წახალისება. ეს აქციები არის დანაშაულებრივი ლაშქრობა დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ანგრევს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და მიგვაქანებს სამოქალაქო აშლილობისა და ქაოსისკენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს დაუსჯელად ესხმიან თავს პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიული ბანდები, აღარ რჩება ადგილი ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმებისთვის. 
 
მეხუთე – მოდით, ერთობლივი ძალისხმევით დავუბრუნოთ ნდობა ქართველი ეკონომიკისადმი და ზოგადად საქართველოსადმი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას. მოდით, ჩემს მიერ შემოთავაზებულ ოთხივე ნაბიჯთან ერთად მოვიწვიოთ დიდი საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია, რომელსაც პრემიერი და პრეზიდენტი ერთად გავუძღვებით. მოდით, აღვადგინოთ თანამშრომლობა ბიზნესსექტორთან, დავუბრუნოთ მათ სიმშვიდისა და სტაბილურობის, მათ შორის, პოლიტიკური სტაბილურობის განცდა. მოდით, ერთად ვაჩვენოთ ყველას, რომ ვართ ცივილიზებული და სანდო ქვეყანა ცხარე პოლიტიკური დაპირისპირებების მიუხედავად. ქართული ეკონომიკისადმი ინვესტორთა ნდობის გარეშე ჩვენი ეკონომიკა ვერ განვითარდება და ჩვენი ხალხი ვერ დასაქმდება. 
 
მინდა ყველას ვთხოვო, რომ ეს ჩემი 5-პუნქტიანი შეთავაზება, არ მიიღონ, როგორც პოლიტიკური თამაში. ამ შეთავაზებით, მე, უპირველეს ყოვლისა, მმართველ პარტიასა და მის ლიდერს ვთავაზობ გზას წარმატებისკენ, რადგან ქვეყნის წარმატება, ხალხის წარმატება, უწინარესად,  ხელისუფლების წარმატება იქნება. 
 
ეს ხუთპუნქტიანი შეთავაზება არც საახალწლო სადღეგრძელო არ არის და არც ულტიმატუმი - ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისათვის, რომ გავაჩეროთ ქვეყნის უკუსლა და წავიდეთ წინ. 
 
მე ვაპირებ, რომ მომავალი კვირების, და თუ საჭირო იქნება, თვეების, განმავლობაში ყველა ქართველს ავუხსნა, თუ რატომ არის ეს ხუთი ნაბიჯი აუცილებელი საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის. 
 
ეს 5-პუნქტიანი შეთავაზება ნაკარნახევია არა ჩემი პირადი ან პარტიული ინტერესებით, არამედ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, როგორც საქართველოს პატრიოტებს, ყველას, მათ შორის, მეც მაკისრია საკუთარი ქვეყნის წინაშე. 
 
ამ ხუთპუნქტიანი გეგმით, მე ვუწვდი თანამშრომლობის ხელს საქართველოს მთავრობას. 
 
იმედი მაქვს, მეც, როგორც ოპოზიციის ლიდერი და, ამავდროულად, პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ლიდერიც, შევძლებ დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა ქვეყნის და ხალხის მომავლის გადასარჩენად. 
 
სხვა არჩევანი ჩვენ არ გვაქვს. საქართველო ჩვენგან ახლა ამას მოითხოვს!
 
 
ერთიანობის, სიმტკიცის და ეროვნული თავისუფლების იმედით;
 
თანამშრომლობისა და წინსვლის იმედით;
 
სიმშვიდისა და სტაბილური წინსვლის იმედით; 
 
გისურვებთ წარმატებულ 2013 წელს.
 
ებრაელები ვახსენე და ებრაული ტრადიციაა ყოველ წელს თქმა – მომავალ წელს იერუსალიმში! Aასევე ჩვენი ტრადიციაა მიუხედავად ყველაფრისა, ყოველი ახალი წლის წინ ვთქვათ – მომავალ წელს სოხუმში! 
 
მე გისურვებთ ოცნებების ასრულებას... მათ შორის იმ ოცნებისაც, რომელმაც საარჩევნო ყუთთან მიგიყვანათ და იმ ოცნების, მეც და ბევრ სხვა ადამიანსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ გვამოძრავებდა, ოცნება – ერთიან, ძლიერ, განვითარებულ საქართველოზე... 
 
გისურვებთ 2013 წელთან დაკავშირებული ყველა მოლოდინის გამართლებას... გისურვებთ სიკეთეს და ჯანმრთელობას.    
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)