Google+

სიახლეები

09.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ებრაელებს და ისრაელს“

მოგესალმებით ყველას ამ ძალიან მძიმე ადგილზე.

ამ ბანაკში რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ამერიკაში სწავლისასს, ვაშინგტონში ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი ტომას ბურგენტალი  მიყვებოდა თუ როგორ მიიყვანეს 1939 წელს ის (9 წლის ასაკში) ამ ბანაკში და როგორ იყო იქ 1945 წლამდე. მას დაუხოცეს ძმები, დები, მამა და მხოლოდ ის და დედამისი გადარჩნენ.

ასეთი ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებმაც ამ ბანაკში დაასრულეს ცხოვრება.

გრიგოლ ფერაძე იყო ქართველი მოღვაწე, ერთ ერთი ყველაზე დიდი არა მხოლოდ სასულიერო, არამედ ზოგადეროვნული მოღვაწე. იგი იყო ქართველთა განათლებულობის სიმბოლო. მან იცოდა 10-მდე უცხო ენა, იყო მრავალი უნივერსიტეტის პროფესორი და ძალიან ბევრ ადგილზე აქვს დატოვებული თავისი დიდი სამეცნიერო კვალი.

ამას გარდა გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელმაც რამდენიმე მთავარი გზავნილი დაგვიტოვა.

დიდი ქართული ისტორიის, ქართული სულიერების პირველი გზავნილია - ის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ ეკლესიას საქართველოს ისტორიისა და ქართული იდენტურობისთვის. მან გამოიკვლია ქართველების კვალი იერუსალიმში, პალესტინაში, სხვა უცხო ადგილებში. პირველად მან გამოაქვეყნა პეტრიწონში გადაწერილი ქართული ხელნაწერი.

მან სამუდამოდ დაგვიტოვა ის, რომ საქართველო არ არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მთელი რეგიონის, ევროპის, ახლო   აღმოსავლეთის მასშტაბით. არასდროს არც ერთმა ქართველმა არ უნდა თქვას, რომ საქართველო არის უმნიშვნელო ქვეყანა - მართალია, ზომით საქართველო არის პატარა ქვეყანა, მაგრამ მნიშვნელობით, ისტორიულად, დღევანდელობით, პოტენციურად, ძალიან დიდი ძალის მატარებელია მთელ რეგიონში.

მისი მეორე გზავნილი არის ის, რომ საქართველო არის კავკასიის ერთიანობის ღერძი. ძალიან კარგად აღწერს გრიგოლ ფერაძე ჩერქეზთან შეხვედრას პალესტინაში. იგი განსაკუთრებულად აღწერს ამ ჩერქეზის გარეგნობას, დიდ ბუნებოვნებას. ამბობს, რომ იყო პერიოდი, როდესაც ჩერქეზები ეხმარებოდნენ ქართველებს, ახლა კი ქართველები უნდა დაეხმარონ ჩერქეზებსო.  კავკასიის ერთიანობის იდეა ასევე გზავნილია დღევანდელობისადმი და მისი თქმით, არ შეიძლება ამ იდეაზე ხელის აღება. არ შეიძლება რომელიმე მესამე მხარის სასიამოვნოდ და გულის საამებლად, მთავარ იდეაზე ავიღოთ ხელი - ეს არის საქართველოს ერთიანობა და ერთიანი ისტორიული მშვიდობის სივრცე.

საქართველოში არ შეიძლება ვებრძოდეთ იმ ხალხს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს კავკასიის მიმართულებით მუშაობისთვის, თუნდაც, ბოლო წლების განმავლობაში და ახლა ეს ხალხი მოვისროლოთ სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით. ეს არის დასაფიქრებელი და ფაქიზი საქმე, რომელსაც ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვეპყრობოდეთ.

შემდეგი გზავნილი, რელიგებს შორის დიალოგს შეეხება, განსაკუთრებით კი, ქართველ ქრისტიანებსა და ქართველ მუსლიმებს შორის, ქართველ ქრისტიანებსა და ზოგადად მუსლულმანურ სამყაროს შორის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ბევრი მუსულმანი ქართველია, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ. მისი იდეა იყო ის, რომ მთელი ეს ტომები, ქართული წარმოშობის, რომლებიც გარშემო იყო მიმოფანტული, რომლებიც ინარჩუნებდნენ ქართველობას და საქართველოსთან კავშირს მიუხედავად მათი აღმსარებლობისა.

ამ ხალხის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი კიდევ ერთი გაკვეთილია ის, რომ არ შეიძლება რაიმე სახით ვითმენდეთ, ან ვაღვივებდეთ ეთნოკონფლიქტებს, მით უმეტეს,  საქართველოს შიგნით მუსულმანთა და ქრისტიანთა შორის. ეს დამღუპველია  საქართველოსთვის და ძალიან საფრთხილო თემაა, რომელიც შეიძლება შეუქცევადი გახდეს თუკი არ მივხედავთ.

იგივეს ამბობდა ებრაელებთან დამოკიდებულების მხრივაც. ეს იყო კაცი, რომელმაც ცაში აიყვანა ძალიან ბევრი დიდსულოვანი მუსულმანი, სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი, ისლამის მიმდევარი და ამავე დროს, როდესაც 1942 წლის ზაფხულში დააპატიმრეს, სექტემბერში თავი გაწირა მრავალშვილიანი ებრაული ოჯახის, მამის სანაცვლოდ.

გრიგოლ ფერაძე იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქადაგებდა ქრისტიანობას, მართმადიდებლობას, ეკლესიის ერთობას, მუსულმანთა პატივისცემას და თავი გასწირა ებრაელის გადასარჩენად.

აი, ეს არის საქართველოს კვინტესენციალური გამოხატულება - გრიგოლ ფერაძე.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის კიდევ ერთი გაკვეთილია ის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ებრაელებს და ისრაელს - ისრაელთან, კერძოდ, ისრაელის ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით, არ შეიძლება დაუფიქრებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა და განსაკუთრებული დამოკიდებულება მართებს იმ ქვეყნებთან, რომელთან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი, მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული ურთიერთობა.

დადგა ჟამი ქვების შეგროვების და ერთ-ერთი არის ის, რომ ჩვენ ვაგროვებთ ჩვენ თანამემამულეებს მთელ მსოფლიოში.

ბოლო წლების განმავლობაში ქართველი ოფიცრების თემა ისევ წინ წამოვიდა. პოლონეთისთვისაც, მათ შორის, ორი მათგანი აქაც დაიღუპა და კატინშიც - იმ ადგილზე, სადაც ცნობილი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, თვითონ პრეზიდენტი კაჩინსკიც ვერ ჩავიდა.

მახსოვს, გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე ლეხ კაჩენსკიმ იმის სათქმელად დამირეკა, რომ კატინში ქართველ ოფიცერთა საფლავების სანახავადაც ჩადიოდა.

მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მისი ხსოვნის დღეც არის.

მსურს ქედი მოვიხარო გრიგოლ ფერაძის ნათელი ხსოვნის წინაშე და მინდა, რომ საქართველოში კიდევ გაჩდნენ ახალი გრიგოლ ფერაძეები და არადროს დაგვავიწყდეს მისი მთავარი გზავნილები - საქართველო არის მნიშვნელოვანი, ქრისტიანული ქვეყანა, რომელიც გახსნილია სხვა ნებისმიერი აღმსარებლობის წარმომადგენელთათვის, რომელიც კარგად ხედავს საკუთარ ადგილს ევროპასა და მსოფლიოში და რომელმაც მხოლოდ წინ უნდა იაროს.

დიდი მადლობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)